Facebook Twitter

¹3კ/628-01 3 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ბ-ძე 1974 წლიდან ცხოვრობს თბილისში. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, დაახლოებით 20 კვ.მ. მიწის ფართობს, წლების განმავლობაში ამუშავებდა და იყენებდა საბოსტნედ. 2000 წლის აგვისტოში აღნიშნული მიწის ნაკვეთის მითვისება განიზრახა იქვე, ..... კორპუსში მცხოვრებმა ნ. ც-შვილმა, რომელმაც სათანადო ნებართვის გარეშე მოარღვია მავთულის ღობე და დაიწყო ავტოფარეხის მშენებლობა.

თ. ბ-ძემ სარჩელით მოთხოვა სადავო მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ (მფლობელად)ცნობა და მოპასუხისაგან უკანონო ხელყოფის აღკვეთა.

მოპასუხემ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ იგი ფლობს სადავო მიწის მომიჯნავე ტერიტორიას, რომლის სარგებლობითაც არ ხელყოფს მოსარჩელის უფლებებს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისში, ..... კორპუსებს შორის ნ. ც-შვილის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გათავისუფლების შესახებ სარჩელს უარი ეთქვა. ნ. ც-შვილს აეკრძალა მის მიერ დაკავებულ ფართში ავტოსადგომის მშენებლობის წარმოება კანონით დადგენილი სათანადო ნებართვის მიღების გარეშე.

თ. ბ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არსებითად არ გამოიკვლია დავის არსი; არ დაკითხა მოწმეები; არ გამოითხოვა საჯარო რეესტრიდან და ტექინვენტარიზაციის ბიუროდან ცნობები იმის შესახებ, თუ რომელ საცხოვრებელ კორპუსს ეკუთვნოდა სადავო მიწის ნაკვეთი. აპელანტი მიიჩნევდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მე-12 კორპუსის მობინადრეთა საერთო საკუთრებაა და სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მისი (მიწის) სარგებლობის უფლებით მიკუთვნების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ. ბ-ძემ ვერ დაადასტურა მფლობელობის ან საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ ცნობის შესახებ.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას შემდეგი გარემოების გამო:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რითაც მითითებულია, რომ სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებანი. სააპელაციო საჩივარში კი, მითითებული იყო სწორედ იმ მტკიცებულებებზე, რაც სასამართლოს დამატებით უნდა გამოეკვლია. სასამართლომ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები სრულყოფილად არ განიხილა და საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო მიწა მდებარეობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით ასეთი მიწის ნაკვეთი მრავალბინიანი სახლის მობინადრეთა საერთო საკუთრებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეული მხარეა (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) ვალდებული დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეკვლია ის მტკიცებულებები, რაზედაც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული; შეეთავაზებინა მხარეებისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია თუ არა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადროეთა საერთო საკუთრებად. აღნიშნული გარემოების გამორკვევით დადგინდებოდა თ. ბ-ძე არის თუ არა მოცემულ დავაში სათანადო მოსარჩელე, რადგან უკანონო ხელყოფის (ხელშეშლის) აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია ნივთის მესაკუთრეს, ან მის მართლზომიერ მფლობელს. მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე მხარეს აუკრძალა სადავო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოება, ისე, რომ არ გამოარკვია აღნიშნულის მოთხოვნის უფლებამოსილება ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს. პალატა თვლის, Hრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია ამ ნაწილში გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 222-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ხელი უნდა შეუწყოს საქმის გადაწყვეტისათვის მნივშნელობის მქონე გარემოებათა სრულად, ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებანი, რათა გამოარკვიოს მოთხოვნის იურიდიული საფუძველი; უნდა გამოირკვეს სადავო მიწის მესაკუთრედ ვინ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში და აქვს თუ არა მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნის უფლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქარვთელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.