Facebook Twitter

3კ/630-01 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ქ. გაბელაია (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ძე 1970 წლიდან მუშაობდა აჭარის ა\რ შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. ბოლოს მას ეკავა შ/ს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საკონტროლო-მეთოდოლოგიური ქვეგანყოფილების .......-ის თანამდებობა, არის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 1999 წლის 4 ოქტომბრის ¹69 ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამუშაოდან იმ საფუძვლით, რომ აჭარის ა/რ პროკურატურაში მის მიმართ გადაიგზავნა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლებიც ეხებოდა მოქალაქეების: რ. ტ-შვილის, ვ. ა-იასა და ბ. კ-ძეს შორის წარმოშობილ სამოქალაქო დავაში ნ. მ-ძის ჩარევას, რაც გამოიხატა იმაში, რომ ნ. მ-ძემ აღნიშნულ საქმეს არ მისცა ოფიციალური მსვლელობა. მან ა-იას თვითნებურად გადასცა სადავო ავტომობილი.

ნ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ აჭარის შ/ს მინიტრის ¹42 ბრძანებისა და ¹69 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებასილებას, რადგან მას არ ჰქონდა მისი სამუშაოდან განთავისუფლების უფლება. მოსარჩელემ ასევე მიიჩნია, რომ არარსებობდა კანონიერი საფუძველი მისი განთავისუფლებისა, რადგან ბრძანებას საფუძვლად დაედო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა, რაც გამოიხატა მის მიერ დანაშულის ჩადენაში, მაგრამ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რაც საფუძველს აცლის განთავისუფლების ბრძანებასაც.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: იგი აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაოზე და აჭარის შ\ს სამინისტროს დაეკისრა მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1527,6 ლარის ოდენობით. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით:

ვინაიდან ბრძანების მიხედვით ნ. მ-ძის განთავისუფლების ერთადერთი საფუძველი მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა იყო, ხოლო დღეისათვის ნ. მ-ძე რეაბილიტირებულია და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყვეტილია, ნ. მ-ძის განთავისუფლების შესახებ ბრძანება საფუძველს მოკლებული და უკანონოა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანად ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების შესახებაც და გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა ერთი წლის ხელფასით _ 1527,6 ლარით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ძემ და აჭარის შს სამინისტრომ. ნ. მ-ძემ მოითხოვა იძულებით განაცდური განსაზღვრულიყო არა ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ხელფასის ოდენობით, არამედ განთავისუფლების მთელ პერიოდში გადასახდელი ხელფასით, რაც შეადგენდა 2290,50 ლარს. აჭარის შ\ს სამინისტრომ კი მოითხოვა ნ. მ-ძისათვის სარჩელზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი და მისთვის გადასახდელი იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 2290 ლარითა და 50 თეთრით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ შს სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კასატორი მიიჩნევს, რომ აჭარის შს მინისტრის ¹69 ბრძანებით ნ. მ-ძე სწორად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მან ნამდვილად ჩაიდინა “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება _ პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელი, რითაც დაირღვა მოქალაქის კანონიერი უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ნ. მ-ძის სამუშაოდან განთავისუფლება კანონიერია და იგი არ უნდა იქნეს აღდგენილი პირვანდელ სამუშაოზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. მ-ძე სამუშაოდან გათავისუფლდა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე _ პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, რაც გამოიხატა მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე სამუშაოზე აღადგინა იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმე მ-ძის მიმართ შეწყდა მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო და აქედან გამომდინარე, მიიჩნია უსაფუძვლოდ მისი სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება. სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებიდან, რითაც დადასტურებულად არის მიჩნეული, რომ ნ. მ-ძე უკანონოდ ჩაერია მოქალაქე ა-იას და ტ-შვილის შორის წამოჭრილ სამოქალაქო დავაში. თავისი მოქმედებით ფაქტობრივად წააქეზა ა-ია თვითნებობის ჩადენისკენ, ხოლო დაზარალებული ტ-შვილი დაარწმუნა, რომ ვალის დაუბრუნებლად ქ. ბათუმიდან ა\მანქანას ვერ წაიყვანდა. სააპელაციო პალატამ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება და კანონიერად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სამართლებრივი შეფასება არ მიუცია მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებებისათვის; წარმოადგენდა ეს ქმედებები პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელ საქციელს თუ არა. მ-ძე სამუშაოდან გათავისუფლდა “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად პოლიციელისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო, მართლია ბრძანებაში ასეთად მითითებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ამ საფუძვლით პოლიციის მუშაკის განთავისუფლებას ითვალისწინებს ამავე მუხლის სხვა პუნქტი.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მოსარჩელე ნ. მ-ძის ქმედებას, რომელიც საფუძვლად დაედო მის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.