Facebook Twitter

¹3კ/638-01 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 28 აპრილს ნინოწმინდის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ანდერძით გ. კ-იანმა მთელი თავისი ქონება ანდერძით დაუტოვა ქალიშვილს ზ. კ-იანს. გ. კ-იანი გარდაიცვალა 1999 წლის 17 აგვისტოს. მის ქონებაზე კანონით მემკვიდრეები იყვნენ: მეუღლე ა. კ-იანი, შვილი ზ. კ-იანი და შვილიშვილები რ. და ტ. კ-იანები.

ა. პ-იანმა, როგორც თავისი არასრულწლოვანი შვილების: ტ. და რ. კ-იანების კანონიერმა წარმომადგენელმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-იანის სამკვიდრო ქონებიდან მისი შვილებისათვის 1/3 წილის გამოყოფის თაობაზე. დამატებითი სარჩელით მან ასევე მოითხოვა გ. კ-იანის ანდერძის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გ. კ-იანის მიერ დანატოვარი ანდერძი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და პაპის სამკვიდროდან წილი უნდა მიიღონ რ. და ტ. კ-იანებმა, რადგან მათი მამა ვ. კ-იანი სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხალი აღარ იყო.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. პ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 28 აპრილს შედგენილი გ. კ-იანის ანდერძი. მოსარჩელეს მიეკუთვნა გ. კ-იანის საერთო ქონების 1/6, ანუ გ. კ-იანის კუთვნილი წილიდან 1/3 ნაწილი.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ ანდერძი შედგენილი იყო კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად, რაც წარმოადგენდა მისი ბათილობის საფუძველს. რ. და ტ. კ-იანებს სამკვიდრო ქონებიდან მიეკუთვნათ ის წილი, რასაც მათი აწ გარდაცვლილი მშობელი მიიღებდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-იანის წარმომადგენელმა ა. კ-იანმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 27 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. კ-იანმა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: განჩინება უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელია; სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ ცნო ბათილად გ. კ-იანის ანდერძი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გ. კ-იანმა ანდერძით მთელი ქონება უანდერძა ზ. კ-იანს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ანდერძის ბათილობის შესახებ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლით გათვალისწინებულია ანდერძის სანოტარო ფორმა. კერძოდ, ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო წარმოდგენილი ანდერძი შედგენილია თვით ნოტარიუსის მიერ, ხელმოწერა კი გ. კ-იანს ეკუთვნის.

სამოქალაქო კოდექსის 1358-ე მუხლით დასაშვებია, ნოტარიუსის მიერ მოანდერძის სიტყვების ჩაწერა ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის შედგენისას დარღვეულია აღნიშნული მოთხოვნაც, რადგან მოწმეთა თანდასწრების შესახებ ანდერძში მითითებული არ არის.

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ანდრძის შედგენისას დაირღვა კანონით დადგენილი წესი აქედან გამომდინარე, პალატას მართებულად მიაჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ.

დადგენილია, რომ გ. კ-იანის პირველი რიგის მემკვიდრეები, სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლის თანახმად, ცოლი,M ქალიშვილი და შვილიშვილები არიან, რადგან მათი მამა ვ. კ-იანი სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხალი აღარ იყო. ტ. და რ. კ-იანები მემკვიდრეებად ითვლებიან იმ წილზე, რასაც მათი გარდაცვლილი მშობელი მიიღებდა. ვინაიდან სადავო ქონება გ. და ა. კ-იანების თანასაკუთრებას წარმოადგენდა, სამკვიდრო გაიხსნებოდა მხოლოდ ქონების ნაწილზე გ. კ-იანის წილზე, კერძოდ სადავო სახლის ნაწილზე, და თითოეული მემკვიდრე მიიღებდა ამ ქონების 1/3, ანუ საერთო ქონების 1/6. აღნიშნულ წილს მიიღებდნენ ტ. და რ. კ-იანებიც.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. კ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.