Facebook Twitter

¹ 3კ/642-01 25 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ტ-შვილმა 1982 წლის 14 სექტემბერს მიიღო საწარმოო ტრავმა. 1983 წლის 14 იანვრის საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილი ცნობილ იქნა მეორე ჯგუფის ინვალიდად, 60% პროფესიული შრომის უნარის დაკარგვით. 1984 წელს დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი 55% შრომის უნარის დაკარგვით, ხოლო 1985 წელს შრომითი ექსპერტიზით ა. ტ-შვილს დაუდგინდა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი მუდმივი 50% შრომის უნარის დაკარგვით და დაენიშნა პენსია. პენსიის ოდენობა განისაზღვრა საშუალო ხელფასის _ 793 მანეთის მიხედვით. ა. ტ-შვილმა მიიჩნია, რომ მისი საშუალო ხელფასი 1983 წელს შეადგენდა 903 მანეთს და სარჩელით მოითხოვა სხვაობის ანაზღაურება 1983 წლის 19 იანვრიდან 1993 წლის 1 მარტამდე, ხოლო 1993 წლის მარტიდან 2000 წლის 19 ივნისამდე აუნაზღაურებელი სარგოს გადახდა სულ, 14649 ლარი. ა. ტ-შვილმა სარჩელით, ასევე, მოითხოვა 2000 წლის ივნისიდან ყოველთვიური სარგოს ანაზღაურება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს “ლ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 122 ლარისა და 91 თეთრის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველზე არ მიუთითა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს “ლ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1323 ლარის, ხოლო 2000 წლის ივნისიდან ყოველთვიურად 49 ლარის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლი, რომლითაც დაზარალებულ ა. ტ-შვილს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც აქვს დაკარგული შრომის უნარის ხარისხი. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ტ-შვილს დასახიჩრების პენსია მიღებული აქვს 1998 წლის მარტის თვის ჩათვლით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ტ-შვილის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება უნდა მოხდეს 1998 წლის აპრილიდან 2000 წლის ივნისის ჩათვლით, დადგენილ იქნა იმავე თანრიგის _ მხერხავის, 3 თვის საშუალო ხელფასის ოდენობა _ 98 ლარი.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია იმ ნაწილში, რითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე, რასაც სასამართლომ, კასატორის აზრით, არასწორი შეფასება მისცა. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის ჩათვლით აპელანტს მიღებული აქვს დასახიჩრების პენსია, ისე, რომ არ მიუთითა, თუ რა მტკიცებულებით დაადგინა აღნიშნული გარემოება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა. ტ-შვილს 1998 წლის მარტამდე მიღებული აქვს დასახიჩრების პენსია. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითებს, თუ რა მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნია აღნიშნული გარემოება დადგენილად. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლო დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე (აპელანტი) მოითხოვდა 1993 წლის 1 მარტიდან 2000 წლის 19 ივნისამდე აუნაზღაურებელი სარგოს გადახდას, სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ 1998 წლის მარტამდე აპელანტს მიღებული ჰქონდა სადავო თანხის ნაწილი, არ დაადგინა, თუ რა ოდენობით ჰქონდა იგი მიღებული და ეს ოდენობა შეესაბამებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრაძანებულებით დადგენილ ოდენობას (მე-12 მუხლი).

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებაLEAსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში (აღსანიშნავია, რომ სასამართლომ იმის შესახებ, თუ რა ნაწილში არ დააკმაყოფილა სარჩელი, გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილში არ დააზუსტა) უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად. საქმის განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები და სარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.