Facebook Twitter

3კ/645-01 19 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: მიწის ნაკვეთის დაბრუნება და სასაზღვრო მიჯნის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის იანვრის თვეში მ. ა-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. ა-შვილის მიმართ, სადაც აღნიშნავდა, რომ 1986 წელს მიწათსარგებლობის კომისიამ შეადგინა აქტი, რომლითაც მამამისის დ. ა-შვილის ნაკვეთის სიდიდე დააფიქსირა 1464 კვ.მ., ხოლო მისი აწ გარდაცვლილი ძმის ნაკვეთი _ 1005 კვ.მ. ჩაიყარა სასაზღვრო მიჯნები, რომლებიც მოპასუხემ დაარღვია და მიიტაცა 556 კვ.მ. მიწის ფართი. 1990 წელს ანდერძის საფუძველზე მიიღო მამის უძრავ-მოძრავი ქონება. დავა მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე დაიწყო ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მოითხოვა მიტაცებული მიწის ფართის დაბრუნება, სასაზღვრო მიჯნის აღდგენა და ნაკვეთის სარგებლობისათვის ხევის მხრიდან მისასვლელი გზის გამოყოფა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიწის ფართის მიტაცებას. მოსარჩელის მეზობლად იგი მიწის ფართს ფლობს კანონიერად. თავის მხრივ მოპასუხემ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით, სადაც მიუთითებდა, რომ მოსარჩელე უკანონოდ ფლობს მის კუთვნილ ერთ ოთახს, რომელიც მას ერგო 1966 წელს გაყრილობის განაჩენით, რის გამოც მოითხოვა ოთახის დაბრუნება.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მიტაცებული მიწის ფართის დაბრუნებაზე და სასაზღვრო მიჯნის აღმართვაზე უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეს ხევის მხრიდან გამოეყო მისასვლელი გზა ნაკვეთის სარგებლობისათვის. მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ამ საქმეზე ახმეტის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მ. ა-შვილმა 1990 წლის ანდერძით მიიღო საცხოვრებელი სახლი და სადავო მიწის ნაკვეთი. 1990 წელს გაიცა სცხოვრებელი სახლის ტექინვენტარიზაციის პასპორტი, რომელშიც შევიდა სადავო მიწის ნაკვეთი. სადავო ნაკვეთი 1986 წლიდან გამოსულია მ. ა-შვილის მფლობელობიდან და მას 2000 წლის იანვრამდე დარღვეული უფლებების აღსადგენად არ მიუმართავს სასამართლოსათვის. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 რედაქცია) 75-ე და 84-ე მუხლი და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი უთხრა მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-შვილმა. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, რადგან იმ პერიოდში მოქმედებდა საქართველოს მიწის კოდექსი, რომლის 138-ე მუხლის თანახმად საადგილმამულო დავის საკითხებს წყვეტდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, რაიონული და სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტები. საადგილმამულო დავას 1986 წლიდან 1988 წლამდე აწარმოებდა მამამისი, ხოლო 1988 წლიდან დავას თვითონ აწარმოებდა მამის მინდობილობით და დღემდე არ შეუწყვეტია. იგი სისტემატიურად მიმართავდა უფლებამოსილ ორგანოებს და მოითხოვდა დავის გადაწყვეტას. ბოლოს მიმართა მიწის მართვის სამმართველოს 1998 წლის 12 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1998 წლის 12 ოქტომბრიდან. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო შეფასება, ასევე სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ, პირველმა ინსტანციამ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, სააპელაციო პალატამ კი სასარჩელო ხანდაზმულობის მოტივით უთხრა უარი. კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან შეცვალა სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

აღნიშნული საფუძვლებით კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიულ აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

“უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებში” იგულისხმება ის წესები, რომლებიც განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნში, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის, მათი იპოთეკის, აღნაგობის უფლებით დატვირთვისას და ა.შ. ასევე ის ნორმები, რომლებიც პირდაპირ განამტკიცებენ ახალ წესებს.

როგორც ირკვევა, მხარეთა შორის დავის საგანი არის სანივთო (ქონებრივი) უფლებები. ახალი კოდექსი უძრავ ნივთებზე მფლობელობის წარმოშობის და შეწყვეტის ახალ წესებს განსაზღვრავს, რის გამოც პალატას მიაჩნია, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მფლობელობიდან გამოსულია 1986 წლიდან. ამავე დროს სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ 1990 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ანდერძით მიიღო საცხოვრებელი სახლი და სადავო მიწის ნაკვეთი. 1990 წელს გაიცა საცხოვრებელი სახლის ტექინვენტარიზაციის პასპორტი, რომელშიც შევიდა სადავო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გარემოებები წინააღმდეგობრივია, რადგან თუ მოსარჩელემ 1990 წელს მიიღო სადავო მიწის ნაკვეთი, გაურკვეველია 1986 წლიდან მისი მფლობელობიდან როგორ გამოვიდა სადავო ნაკვეთი. სასამართლოს მიერ ასევე არ არის სათანადოდ შეფასებული საქმეში არსებული მასალები.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს სადავო მიწის ნაკვეთი რომელი მხარის კანონიერ სარგებლობაშია და დადგენილ გარემოებებს უნდა მიცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.