3კ/649-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 29 მაისს შპს “ა-ოს” დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით პარტნიორი ზ. რ-ძე გარიცხულ იქნა შპს-დან უნდობლობის მოტივით. 2000 წლის 30 მაისს შპს “ა-ოს” დირექტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად ცვლილების შეტანა სამეწარმეო რეესტრში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე გამუდმებით წერდა საჩივრებს პარტნიორებზე სხვადასხვა ინსტანციებში, რამაც კოლექტივში დაძაბა სიტუაცია. 1997 წლის 11 დეკემბერს სრულიად მოულოდნელად კორუფციასთან მებრძოლმა მე-6 განყოფილებამ დაიწყო შპს “ა-ოს” შემოწმება. აღნიშნული შემოწმების საფუძველი გახადა მოპასუხის საჩივარი. კერძოდ, მოპასუხეს მოუპარავს 1997 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მისივე თანამშრომლის გ. ო-შიძის მიერ გადამალული ზედდებულები, გადაუღია მისი ქსეროასლები და საჩივრით მიუმართავს პროკურატურისათვის. გ. ო-შიძის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გაირკვა, რომ გ. ო-შიძეს საზოგადოებისათვის მოუპარავს 75 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. მოპასუხის გაუთავებელმა საჩივრებმა, გამუდმებულმა შემოწმებებმა და კონტროლმა ნერვულ სტრესში ჩააგდო კოლექტივი. მისი ბრალით საზოგადოებას დიდი ზიანი მიადგა იმით, რადგან მთელი კოლექტივი რამდენიმეჯერ დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში დაკითხვებზე. აღნიშნული გარემოებები პარტნიორთა რიგებიდან მოპასუხის გარიცხვის საფუძველი გახდა.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ პარტნიორთა კრებამ იგი უკანონოდ გარიცხა. მისი გარიცხვის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მან საზოგადოების ერთ-ერთი თანამშრომელი გ. ო-ძე ამხილა სისხლის სამართლის დანაშაულში, რისთვისაც სასამართლომ მას მსჯავრი დასდო და ერთი წლითა და ექვსი თვით გამასწორებული სამუშაოები შეუფარდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს “ა-ოს” დირექტორს უარი ეთქვა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციაზე. ეს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა-ოს” დირექტორმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ არაერთხელ და არაერთ საქმეზე შს ორგანოებს მიმართა განცხადებით და აფიქსირებდა პარტნიორთა ე.წ. დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, გ. ო-ძე მის განცხადებაში ფიქსირდებოდა, როგორც საზოგადოების ქონების დამტაცებელი, სარვამარტო ქეიფის მონაწილეები იხსენიებოდნენ როგორც დამნაშავეები, რომლებმაც ქეიფის შემდგომ ცხვირ-პირი დაულეწეს ერთმანეთს და რომ ეს საშინელებანი სწორედ შპს “ა-ოში” ხდებოდა; მის თანამშრომლებს _ პარტნიორებს თ-ძესა და ჯ-ავას მოუხდათ ავტოსაგზაო შემთხვევა.
სასამართლომ სადავოდ არ გახადა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია და დაეთანხმა, რომ ზ. რ-ძის ქმედებაში დანაშაულებრივი არაფერია. ამასთან, მიუთითა, რომ მოპასუხის მოქმედებები პარტნიორთა მიმართ ჩასაფრებული პარტნიორის საქციელს ჰგავს, ვიდრე კანონიერების სადარაჯოზე მდგარი კაცისა. აღნიშნულის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მორალური და საქმიანი პრინციპები იმგვარად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ მომავალში მათი პარტნიორობა და ერთობლივი საქმიანობა შესაძლოა ვერ გაგრძელდეს. აღნიშნული გარემოებები სასამართლომ მიიჩნია პარტნიორის გარიცხვის მნიშვნელოვან საფუძვლად და 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გააუქმა სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინება, კანონიერად ცნო შპს “ა-ოს” დამფუძნებელთა კრების 2000 წლის 29 მაისის გადაწვეტილება; მოპასუხე გარიცხა პარტნიორთა რიგებიდან და დაადგინა სათანადო ცვლილებების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
კასატორი მიუთითებს, რომ მოტივი, რაც საფუძვლად დაედო მისი პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვას, არ არის გათვალისწინებული არც კანონით და არც საზოგადოების წესდებით. მისი ქმედებით საზოგადოებას ზიანი არ მიყენებია, პირიქით, სასამართლომ მისი ქმედება, ბრალეულად მიიჩნია, რაც გამოიხატებოდა საზოგადოებაში გამეფებული მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლაში და მხილებაში. კასატორის მოსაზრებით კოლექტივის თითოეული წევრის მოვალეობაა წინ აღუდგეს კოლექტივში გამეფებულ უკანონობას და მოითხოვს თავისი კანონიერი ინტერესების დაცვას. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, არასრულია და მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც მოითხოვს მის გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ზ. რ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე მიმართავდა შინაგან საქმეთა ორგანოებს განცხადებით, სადაც ამხელდა შპს-ს თანამშრომელთა დანაშაულებრივ ქმედებებს. მოპასუხის განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ერთ-ერთ თანამშრომელს _ გ. ო-ძეს მსჯავრი დაედო საზოგადოების ქონების დატაცებისათვის. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.
“მეწარმეთა შესახებ” კანონი ადგენს პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას, კერძოდ როდესაც პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის ვადა (3.5 მუხლის მე-2 აბზაცი). ასევე, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დაიშვება მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას. მნიშვნელოვან საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთი გარემოება, როდესაც დანარჩენი პარტნიორები უნდობლობას უცხადებენ მას, ვინაიდან მან დაარღვია თავისი მოვალეობები, მისი ბრალით საზოგადოებას დიდი ზიანი მიადგა და ა.შ. ეს ის შემთხვევებია, როდესაც საზოგადოების წესდება არ ითვალისწინებს პარტნიორის გარიცხვის წესს. მოცემულ შემთხვევაში შპს “ა-ოს” წესდება ადგენს პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას. კერძოდ, წესდების 7.4 მუხლის თანახმად, “კრება იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებიდან პარტნიორის დათხოვნის, წილიდან გასვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების წევრი არღვევს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის და შპს “ა-ოს” წესდების მოთხოვნებს (ნებისმიერი სახის მოსაკრებლების, საზოგადოების ქონების მითვისების, გაფლანგვა-განიავების მცდელობა, სამუშაო საათებში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება, სამუშაოს უმიზეზოდ გაცდენა-დატოვება, ხელმძღვანელობის კანონიერი დავალების შეუსრულებლობა და სხვა).
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული არ ყოფილა წესდებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები, ასევე, მის მიერ დარღვეული არ არის “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული პარტნიორის მოვალეობები. პირიქით, წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები დარღვეული იქნა დანარჩენი პარტნიორებისა და თანამშრომლების მიერ, რაშიც მოპასუხემ ისინი ამხილა.
პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას ზიანი მიადგა ზ. რ-ძის ქმედებით, რადგან მთელი კოლექტივი რამდენიმეჯერ ჩავიდა ვანში დაკითხვებზე. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულით მოპასუხეს საზოგადოებისათვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან დადგენილია, რომ გ. ო-ძეს საზოგადოების ქონების დატაცებისათვის დაედო მსჯავრი და სწორედ გ. ო-ძის დანაშაულებრივი ქმედების გამო უხდებოდა კოლექტივის წევრებს ჩვენების მიცემა საგამოძიებო ორგანოსათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ მოტივი, რომელიც საფუძვლად დაედო შპს-დან მის გარიცხვას საზოგადოების წესდებით და “მეწარმეთა შესახებ” კანონით არ არის გათვალისწინებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ზ. რ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს “ა-ოს” სარჩელი ზ. რ-ძის პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.