¹ 3კ/650-01 24 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამკვიდრო ქონება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. კ-იას მამა ბ. კ-ია 1980 წლის 25 დეკემბერს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა აბაშის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ მ. რ-იასთან და გადავიდა მეუღლის სახლში საცხოვრებლად.1991 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ბ. კ-ია, ხოლო 2000 წლის მაისში მ. რ-ია.
მ. რ-იამ 2000 წლის 10 აპრილს შედგენილი ანდერძით მთელი ქონება დაუტოვა სოფ. ... მცხოვრებ მ. ნ-შვილს.
2000 წლის ოქტომბერში შ. კ-იამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ბ. კ-იას დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიკუთვნების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მ. რ-იასთან ერთად ცხოვრების პერიოდში ბ. კ-იამ შეიძინა ნივთები და ჩაატარა მთელი რიგი სამუშაოები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება.
შეგებებული სარჩელით მ. ნ-შვილმა მოითხოვა სოფ. ... ბ. კ-იაზე რიცხული ქონების ნაწილი, რომელიც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის უფლებით ეკუთვნოდა მ. რ-იას.
აბაშის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შ. კ-იას სარჩელი. მოსარჩელე, ცნობილი იქნა მამის, ბ. კ-იას მემკვიდრედ და მიეკუთვნა მ. რ-იაზე რიცხული სახლისა და ქონების ნახევარი. მ. ნ-შვილს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შ. კ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბ. კ-იას და მ. რ-იას ერთად ცხოვრების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სადავო ქონების ღირებულება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შ. კ-იას უარი ეთქვა სარჩელზე. მ. რ-იას სახელზე რიცხული სახლის მესაკუთრედ, ანდერძის საფუძველზე ცნობილ იქნა მ. ნ-შვილი. არ დაკმაყოფილდა მ. ნ-შვილის შეგებებული სარჩელი სოფ. ... ბ. კ-იას ქონებიდან, წილის მიკუთვნების შესახებ.
შ. კ-იას წარმომადგენელი ლ. თ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება, არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორის განმარტება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ბ. კ-ია და მ. რ-ია 1980 წელს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. ქორწინების შემდეგ ბ. კ-ია ცხოვრობდა სოფ. ... მ. რ-იას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა შეიძინეს რკინის ჭიშკარი, ეზო შემოღობეს ხის მესერით, სახლს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.
ბ. კ-ია გარდაიცვალა 1991 წლის სექტემბერში. იმ დროს მოქმედი საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად ბ. კ-ია არ წარმოადგენდა მ. რ-იას სახელზე რიცხული სახლის ნაწილის მესაკუთრეს, რადგან ეს სახლი არ ყოფილა აშენებული ან შეძენილი მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში. ბ. კ-იას არასოდეს არ მოუთხოვია სადავო სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა და არ არსებობს ამ სახლზე მისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწნებით სადავო სახლის ნაწილი არ წარმოადგენს ბ. კ-იას სამკვიდრო ქონებას.
კასატორი მიუთითებს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მისი კუთვნილი ტელევიზორი და ღვინის ბოცები; თუ ბ. კ-იას სხვა საკუთრებაზეც გააჩნდა პრეტენზია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა აღეძრა სამკვიდროს გახსნიდან სამი წლის ვადაში.
ამავე კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი. ბ. კ-იას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამკვიდრო ურთიერთობები წარმოიშვა 1991 წელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. ამ ურთიერთობების მიმართ გამოყენებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) ნორმები. ურთიერთობის მონაწილეებს არ გამოუქვამთ სურვილი, რომ ერთმანეთს შორის ურთიერთობა მოქმედი სამოქალაქო კოდექსით მოეწესრიგებინათ.
საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. კ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოოოა და არ გასაჩივრდება.