¹ 3კ/652-01 31 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ლ-ავა მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის, ...-ის დეპარტამენტის განყოფილების ...-დ. იგი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე მ. ჩ.-ის 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹პ-901 ბრძანებით გათავისუფლდა საგადასახადო პოლიტიკის, ...-ის დეპარტამენტის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოზე ზემოქმედების გადასახადის კონტროლის მეთოდების განყოფილების ...-ის თანამდებობიდან, “საჯარო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების თანახმად. მისი დათხოვნის საფუძველია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო ქვეკომისიის გადაწყვეტილება (60 ქულის ნაცვლად მიიღო 45 ქულა). დ. ლ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიმართ და მოითხოვა 2000 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების მასალების გაუქმება და სამსახურში აღდგენა. მან თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ მისი შრომისნაყოფიერება საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არასწორად შეაფასა 8 ქულით; ადმინისტრაციამ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი და რეორგანიზაციის დროს, შტატების შემცირებისას, მას არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა, დაირღვა ასევე იმავე კანონის 96-ე მუხლი.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ლ-ავას სარჩელი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ 2000 წლის 3 სექტემბრის საგადასახადო დეპარტამენტის საკვალიფიკაციო გამოცდაზე შრომის ნაყოფიერების განმსაზღვრელი ქულის მომატებისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დააკმაყოფილა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹144 ბრძანებით განხორციელდა საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. 2000 წლის 3 სექტემბერს ჩატარდა ცენტრალური აპარატის საკვალიფიკაციო გამოცდა. მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ გამოცდაზე საჭირო ქულების მოგროვება. სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მას დააკლეს ქულები შრომის ნაყოფიერების შეფასების დროს, რადგან საკონკურსო კომისია კანონის მოთხოვნათა დაცვით შექმნა და შეფასების კრიტერიუმი ყველა გამომცდელისათვის ერთი და იგივე იყო. მისი სამუშაოდან დათხოვნისას დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹144 ბრძანებით ეცნობა ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით საგადასახადო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც გაივლიდნენ საკვალიფიკაციო გამოცდას, მაგრამ ვერ დააკმაყოფილებდნენ საგადასახადო დეპარტამენტისათვის დადგენილ სპეციალურ და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლება ექნებოდათ, საკვალიფიკაციო გამოცდის ხელმეორედ გაუვლელად მონაწილეობა მიეღოთ საოლქო, ზონალურ და რაიონულ საგადასახადო ინსპექციების ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსებში. მოსარჩელემ კი არ გამოიყენა ეს უფლება.
დ. ლ-ავამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა დ. ლ-ავას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ლ-ავას სარჩელი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 3 სექტემბრის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გაუქმდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება და დ. ლ-ავა აღდგენილ იქნა საგადასახადო დეპარტამენტში საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრის კონტროლის მეთოდების და პროგრამების დეპარტამენტის ...-ის, კონტროლის მეთოდების განყოფილების ...-დ. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელდა არა საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ლიკვიდაცია, არამედ მისი რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. მისი სამუშაოდან დათხოვნისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ასევე დაირღვა იმავე კანონის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და 108-ე მუხლიც.
აპელანტის მოთხოვნა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
დ. ლ-ავამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანებით დამტკიცდა “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი”. ამ წესის 26-ე მუხლში მოცემულია გარემოებები, რომლებიც კანდიდატის შერჩევისას უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამ გარემოებებს მიეკუთვნება შემდეგი: ა) სამეცნიერო ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება; გ) საგადასახადო ორგანოებში მუშაობის გამოცდილება; დ) საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობა; ე) საქმიანი და მორალური რეპუტაცია. შრომის ნაყოფიერების შემოწმებას ეს პირობები არ ითვალისწინებდა, არ დაფიქსირდა, რა კრიტერიუმებით მოხდა მისი შეფასება, მას არ გასაუბრებიან აღნიშნულის თაობაზე და ამიტომ მოითხოვა საკვალიფიკაციო გამოცდის კომისიის წევრების დაკითხვა და იმის დადგენა, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს მისი შრომის ნაყოფიერების განსაზღვრისას.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მ. მ.-მა, მოითხოვა სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება დ. ლ-ავას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და სარჩელზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მოსარჩელე სამუშაოდან დაითხოვეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; იგი წინასწარ იქნა გაფრთხილებული შტატების შემცირების თაობაზე, ხოლო ამ წესის დარღვევისას კი მუშაკს უნდა მიეცეს კომპენსაცია და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასი. შრომის ნაყოფიერების კრიტერიუმის შემოღების საფუძველია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც შტატების შემცირებისას მუშაკის სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევა სხვა მუშაკებთან შედარებით. მას იმიტომ არ შესთავაზა სხვა თანამდებობა, რომ აპარატის რიცხოვნება 259-დან შემცირდა 120 საშტატო ერთეულით და მოხელის გათავისუფლების პერიოდში ვაკანსია არ მოიპოვებოდა. იგი ისეთ თანამდებობაზე იქნა აღდგენილი, რომელიც ამჟამად არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს დ. ლ-ავას საკასაციო საჩივარი შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ დ. ლ-ავა მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის, ...-ის დეპარტამენტის განყოფილების ...-დ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში 2000 წელს განხორციელდა რეორგანიზაცია (შტატების შემცირებით).
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანებით დამტკიცდა “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი”. ამ წესის 26-ე მუხლში მოცემულია გარემოებები, რომლებიც კანდიდატის შერჩევისას უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამ გარემოებებს მიეკუთვნება შემდეგი: ა) სამეცნიერო ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება; გ) საგადასახადო ორგანოებში მუშაობის გამოცდილება; დ) საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობა; ე) საქმიანი და მორალური რეპუტაცია.
აღნიშნულიდან ირკვევა, რომ შრომის ნაყოფიერების შემოწმებას ეს პირობები არ ითვალისწინებდა.
დ. ლ-ავამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში და მან გამსვლელი 60 ქულის ნაცვლად დააგროვა 45 ქულა; შრომის ნაყოფიერების შემოწმებისას მიიღო 8 ქულიანი შეფასება. იგი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მ. ჩ.-ის 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹პ-901 ბრძანებით გათავისუფლდა საგადასახადო პოლიტიკის, ...-ის დეპარტამენტის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოზე ზემოქმედების გადასახადის კონტროლის მეთოდების განყოფილების ...-ის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების თანახმად. მისი დათხოვნის საფუძველია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო ქვეკომისიის გადაწყვეტილება (60 ქულის ნაცვლად მიიღო 45 ქულა). დ. ლ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიმართ და მოითხოვა 2000 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების მასალების გაუქმება და სამსახურში აღდგენა.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დ. ლ-ავას მოთხოვნა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გაუქმების შესახებ, რადგან მისი შრომისნაყოფიერება არაობიექტურად შეფასდა, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მაგრამ განჩინებით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის უსაფუძვლო დ. ლ-ავას მოთხოვნა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გაუქმების თაობაზე. დ. ლ-ავამ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის” 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კანდიდატის შესარჩევ გარემოებებში არ არის მითითებული შრომის ნაყოფიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის იურიდიულად დასაბუთებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სააპელაციო სასამართლომ ლ. ლ-ავა აღადგინა საგადასახადო დეპარტამენტში საგადასახადო პოლიტიკის, ...-ის დეპარტამენტის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და გარემოზე ზემოქმედების გადასახადის, კონტროლის მეთოდების განყოფილების ...-დ, მაგრამ არ გაარკვია, არსებობს თუ არა ასეთი განყოფილება და თანამდებობა საგადასახადო დეპარტამენტში, რადგან საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მ. მ.-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ დ. ლ-ავა აღდგენილ იქნა ისეთ თანამდებობაზე, რომელიც ამჟამად არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ დ. ლ-ავას სამუშაოზე აღდგენის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლებით დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის I პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა და არ იმსჯელა იმავე მუხლის მეორე ნაწილის თაობაზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა, მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის.
საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ დ. ლ-ავას სამუშაოდან დათხოვნით დაირღვა ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, შტატების შემცირებისას მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მაგრამ სასამართლომ არ გაარკვია, მოპასუხე ორგანიზაციაში შტატების შემცირების შედეგად რამდენი საშტატო ერთეული დარჩა და შესაძლებელი იყო თუ არა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
დ. ლ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.