Facebook Twitter

ბს-340-271-კ-05 18 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის ........ ბაღის დირექტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ბათუმის ....... ბაღის ....... კორპუსში არსებული დროებითი სადგომიდან.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ბათუმის ......... ბაღის ......... კორპუსში არსებულ დროებით საცხოვრებელ სადგომში მცხოვრები, ბაღის ყოფილი თანამშრომლი _ მ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ სადგომში ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად, თვითნებურად შესახლდა თ. ს-ე, რომელსაც ბათუმის ......... ბაღის მიერ გაცემული საბინაო ორდერის საფუძველზე 1974 წელს მიღებული ჰქონდა ოროთახიანი ბინა ქ. ბათუმში, ..... მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, თ. ს-ე არ ათავისუფლებდა თვითნებურად დაკავებულ სადგომს. მოსარჩელე ითხოვდა მისი კუთვნილი ფართიდან მოპასუხის გამოსახლებას სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.

მოპასუხე თ. ს-ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი მუშაობდა მოსარჩელე დაწესებულებაში მეცნიერ თანამშრომლად. სადავო ბინაში ცხოვრობდა თავის დასთან, ან გადაცვლილ მ. ს-ესთან და ქალიშვილთან ერთად და მოპოვებული ჰქონდა ფართით სარგებლობის უფლება. არასწორი იყო მოსარჩელის მოტივი იმის შესახებ, რომ მან გასცა ბინის ორდერი ქ. ბათუმში, ..... მდებარე ოროთახიან ბინაზე, რადგან ბინა მიიღო ბათუმის აღმასკომისაგან, ხოლო შემდეგ, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, უსასყიდლოდ გადასცა ქ. ბათუმის პრეფექტურის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებამ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბათუმის ....... ბაღის დირექტორის სარჩელი და თ. ს-ე გამოსახლდა ბათუმის ......... ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული შენობის საცხოვრებელი სადგომიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაჰბარდა მოსარჩელეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ. ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილი მ. ს-ე და ამ უკანასკნელის შვილი შ. მ-ი წარმოადგენენ ერთ ოჯახს და აქედან გამომდინარე, მათ გააჩნდათ კანონიერი უფლება ...... ბაღის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისა და ფლობის, რამდენადაც აპელანტის მიერ წარდგენილი ვერ იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მიუთითა, რომ სადავო ბინა აწ გარდაცვლილ მ. ს-ეზე გადაცემული იყო დროებით სარგებლობაში და მისი გარდაცვალების შემდეგ ეს უფლება სხვაზე ვერ გადავიდოდა.

ბათუმის ....... ბაღს, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეს, სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე, უფლება ჰქონდა გამოეთხოვა საკუთარი ქონება უკანონო მფლობელობიდან და არ დაეშვა სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს თ. ს-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევებით შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა: სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინაზე, მდებარე ბათუმის ........ ბაღის ........ კორპუსში, არ დადებულა ადმინისტრაციული გარიგება. თ. ს-ე ბინას ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არ გააჩნია ბინის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი-ბინის ორდერი. შესაბამისად, განსახილველი დავა არ გამომდინარეობს საჯარო სამართლის კანონმდებლობიდან, დავის საგანს წარმოადგენს კერძო სამართლებრივი დავა, კერძოდ, ვინდიკაციური სარჩელის ტიპური შემთხვევა, რომლის საფუძველზეც ბინის მესაკუთრე, ბათუმის ........ ბაღის ადმინისტრაცია, ითხოვს საკუთრების გამოთხოვას უკანონო მფლობელობიდან და კანონი (სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები), რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ _ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ. არაგანსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა და საქმე არსებითად სწორადაც რომ იყოს გადაწყვეტილი, სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.