Facebook Twitter

¹ 3კ/662-01 5 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: კომუნალური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხის გადახდევინების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

“საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით სამცხე-ჯავახეთის მხარის არაქართულენოვანი მოსახლეობის ქართული ენის მასწავლებლებზე დამატებითი ანაზღაურების _ გრანტის გასაცემად დაიდო ხელშეკრულებები. ასეთი სახის ხელშეკრულება 1998-1999 სასწავლო წლისათვის გაფორმდა ე. ზ-ძესა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს შორის, რომლის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელი გრანტის თანხა განისაზღვრა 90 ლარით, კომუნალური უზრუნველყოფის მიზნით გადასახდელი თანხა კი 80 ლარით. მომდევნო წლისათვის ამგვარი ხელშეკრულებით დამატებითი ანაზღაურება _ გრანტი განისაზღვრა 111 ლარით, ხოლო კომუნალური უზრუნველყოფის თანხა აღარ იქნა გათვალისწინებული.

ე. ზ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა კომუნალური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხის გადახდევინება შემდეგი საფუძვლით: 1999 წლის ატესტაციის შედეგად მას მიენიჭა I კატეგორია და შესაბამისად უნდა მიეღო თვეში 225 ლარი, მაგრამ სასკოლო ოლქის სამმართველომ უკანონოდ შეუმცირა იგი 111 ლარამდე, ასანაზღაურებელმა სხვაობამ შეადგინა 1040 ლარი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქს ე. ზ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1040 ლარის გადახდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა ხელშეკრულება დადეს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის შესაბამისად. ხელშეკრულებით ე. ზ-ძის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 225 ლარის ოდენობით, მოპასუხე მხარეს უფლება არ ჰქონდა ცალმხრივად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველომ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ ე. ზ-ძისთვის ერთი თვით ადრე ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ, რის გამოც ხელშეკრულება გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს შეუცვლელი პირობებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსმა უ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: ე. ზ-ძის კვალიფიკაცია არ შეესაბამება მისთვის მინიჭებულ I კატეგორიას, რის საფუძველზეც დაუდგინდა თვიური ანაზღაურება 225 ლარი. სასკოლო ოლქის სამმართველოს გადაწყვეტილი ჰქონდა მომავალი სასწავლო წლისათვის მასთან ახალი ხელშეკრულება აღარ გაეფორმებინა, ძველი ხელშეკრულების ვადა კი 1999 წლის 30 ივნისს გაუვიდა, რის გამოც ე. ზ-ძის მოთხოვნა, ხელფასის სხვაობის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლოა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ზ-ძესა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს შორის დამატებითი ანაზღაურების _ გრანტის გასაცემად დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გრანტის თანხა ყოველთვიურად განისაზღვრა 90 ლარით, ხოლო კომუნალური უზრუნველყოფის მიზნით გადასახდელი თანხა 80 ლარით. მომდევნო წლისათვის გრანტი განისაზღვრა 111 ლარით, ხოლო კომუნალური უზრუნველყოფის თანხა აღარ იქნა გათვალისწინებული, ე. ზ-ძემ კონტრაქტის ახალ ვარიანტს ხელი არ მოაწერა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ზ-ძისათვის ახალი კონტრაქტის არსებობა წინასწარ ცნობილი არ იყო. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლა ან ახალი პირობების შემოღება უნდა ეცნობოს მუშაკს და მოსამსახურეს არა უგვიანეს ერთი თვისა მათ შემოღებამდე, რის გამოც ხელშეკრულება გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს შეუცვლელი პირობით.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. ზ-ძე არის დაბალი კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის მუშაკი, რადგან ჩატარებული ატესტაციების შედეგად მას მიენიჭა I კატეგორია. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება იმის თაობაზეც, რომ სასკოლო სამმართველო აღარ აპირებდა ე. ზ-ძესთან ახალი ხელშეკრულების დადებას მისი დაბალი კვალიფიკაციის გამო, რადგან დადგენილია, რომ იგი კვლავ განაგრძობს მუშაობას აღნიშნულ სკოლაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის, უ. ბ-შვილის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დარჩეს უცვლელი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.