Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-340-324(კ-06) 26 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005წ. 23 სექტემბერს მ. კ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005წ. 13 სექტემბრის ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 1976 წლიდან მუშაობდა კულტურისა და განათლების სისტემაში. 1996 წლიდან ხელვაჩაურის რაიონის ..... სახელოვნებო სკოლის დირექტორი იყო, საიდანაც 2005წ. 13 სექტემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, სისტემატურად ირღვეოდა «ზოგადი განათლების შესახებ» და «კულტურის შესახებ» კანონის მოთხოვნები, მაგრამ დასკვნაში არ იყო აღნიშნული კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული მოსარჩელის მიერ; მოსარჩელე არ გასცნობია კომისიის სამუშაო ოქმს, ასევე‚ ბრძანებაში არ იყო მითითებული ნორმატიულ აქტებზე, რომლის მიხედვით მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე, 127-ე, «შრომის კანონთა კოდექსის» 203-ე, 204-ე, 206-ე და 207-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე არ დაეთანხმა მ. კ-ას სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ბრძანების საფუძველი იყო ...... სახელოვნებო სკოლაში შექმნილი ვითარების შემსწავლელი კომისიის დასკვნა. აღნიშნულ დასკვნასა და პედაგოგთა განცხადებებში არაერთი ფაქტია მოყვანილი მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სასწავლო პროცესის ჩაშლის შესახებ. ..... სახელოვნებო სკოლაში შექმნილი ვითარების შემსწავლელი კომისიის დასკვნასა და სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს არაერთხელ მიუყენებია მასწავლებლებისათვის შეურაცხყოფა, რაც უარყოფითად მოქმედებდა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესზე.

მოპასუხემ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99.3. მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულბა კოლექტივთან და გამოაცხადა კონკურსი, რისი უფლებამოსილებაც მას არ ჰქონდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის .... სახელოვნებო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მ. კ-ა 1976 წლიდან მუშაობდა განათლებისა და კულტურის სფეროში, 1996 წლიდან ხელვაჩაურის რაიონის ..... სკოლის დირექტორი იყო. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძველი იყო ურეხის სახელოვნებო სკოლაში შექმნილი ვითარების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად‚ მოსარჩელის მიერ არაერთხელ იქნა გადამეტებული სამსახურებრივი უფლებამოსილება, სისტემატურად ირღვეოდა ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნები.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის თანახმად‚ სკოლის დირექტორი უნდა გათავისუფლდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და არა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ და განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად‚ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არარად ითვლება თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად, ხოლო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა «ზოგადი განათლების შესახებ» კანონით და მიიჩნია, რომ მ. კაშიას გათავისუფლების ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც, აღნიშნული კანონის თანახმად, სახელოვნებო სკოლის დირექტორის გათავისუფლების უფლება ჰქონდა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რაც არასწორი იყო. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის რომელი მუხლის საფუძველზე იხელმძღვანელა. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი აწესრიგებდა საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ხოლო ..... სახელოვნებო სკოლა წარმოადგენდა სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებას და ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას არ ახორციელებდა. ამავე კანონის 59.2 მუხლის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დირექტორის დანიშვნამდე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რაც არ ვრცელდებოდა ..... სახელოვნებო სკოლის დირექტორზე, ვინაიდან ურეხის სახელოვნებო სკოლა არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. აპელანტის მითითებით, განათლების მინისტრის 2003წ. 20 მარტის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპური დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ სახელოვნებო სკოლის დირექტორს ნიშნავს შესაბამისი რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს უფლება ჰქონდა დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ხელვაჩაურის რაიონის ურეხის სახელოვნებო სკოლის დირექტორი.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატის 2006წ. 14 თებერვლის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005წ. 13 სექტემბრის ბრძანებით მ. კ-ა გათავისუფლდა თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენის მე-9 განყოფილების 2004წ. 17 დეკემბრის და ბათუმის რაიონული პროკურატურის 2005წ. 11 იანვრის დადგენილებების (სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ) საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ურეხის სახელოვნებო სკოლაში რაიმე ფინანსური დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს და არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, განათლების მინისტრის 2003წ. 20 მარტის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სკოლის ტიპური დებულების პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო სახელოვნებო სკოლა იყო განათლების საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული დებულების პირველი თავის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში ხდებოდა შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.

სასამართლოს განმარტებით, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «ო» პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლება შედგებოდა სამი საფეხურისგან: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ამავე კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედება იყო ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, დირექტორის გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის ამოქმედებამდე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჰქონდა სახელოვნებო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება, თუმცა კანონის ამოქმედების შემდეგ სახელოვნებო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ჰქონდა. «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 59-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შემდეგ, სახელოვნებო სკოლის დირექტორებს ნიშნავდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის «ბ» პუნქტი და განმარტა, რომ სადავო ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ამასთან, არ შეესაბამებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ, 2005წ. 13 სექტემბრის ¹288 ბრძანებაში არ იყო მითითებული «საჯარო სამსახურის შესახებ კანონის» კონკრეტულად რომელი მუხლი დაედო საფუძვლად .... სახელოვნებო სკოლის დირექტორ მ. კ-ას გათავისუფლებას საფუძვლად. ამასთან, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005წ. 7 ოქტომბრის შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99.3. მუხლის საფუძველზე, მაგრამ მინისტრის მიერ შექმნილი კომისიის 2005წ. 11 ივლისის დასკვნაში, რომელიც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა, არ იყო მითითებული არც ერთ კონკრეტულ, უხეში დარღვევის ფაქტზე და დასკვნა მხოლოდ ზოგადი ხასიათის იყო. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის გათავისუფლების დროს დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო მ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლებას, შედგენილია 2005წ. 11 ივლისს, ხოლო მინისტრის მიერ მ. კ-ას გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია 2005წ. 13 სექტემბერს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასაციის მოტივი:

სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «ჟ» ქვეპუნქტის და განათლების მინისტრის 2003წ. 20 მარტის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო სკოლების ტიპური დებულების 3.1. მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ურეხის სახელოვნებო სკოლა ზოგადსაგანმანათლებო პროგრამებს არ ახორციელებს, ის წარმოადგენს სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებას და ითვალისწინებს მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, შესაბამისად, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 59.2. მუხლის მოქმედება სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებებზე, მათ შორის, ურეხის სახელოვნებო სკოლაზე არ ვრცელდება.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა განათლების მინისტრის 2003წ. 20 მარტის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო სკოლების ტიპური დებულების 1.1. და მე-2 მუხლის «ო» ქვეპუნქტი, რადგან სახელოვნებო საბაზო განათლება ზოგადსაგანმანათლებლო საბაზო განათლებისგან განსახვავდება, სახელოვნებო საბაზო განათლება არის სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული და ა.შ. განათლება და მისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო განათლებასთან გაიგივება დაუშვებელია.

კასატორმა მიუთითა განათლების მინისტრის 2003წ. 20 მარტის ¹31 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო სკოლების ტიპური დებულების 6.2, «აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» აჭარის ა/რ კანონის მე-20 მუხლებზე და განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების თანახმად, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილი იყო გამოეცა ხელვაჩაურის რაიონის ...... სახელოვნებო სკოლის დირექტორის გათავისუფლების ბრძანება. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სახელოვნებო სკოლების დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი სხვაგვარად დარეგულირდა «ზოგადი განათლების შესახებ» კანონში 2005წ. 28 ოქტომბრის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, რომლის 1.1. და მე-2 მუხლების თანახმად‚ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელმძღვანელს (დირექტორს) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, ხოლო ამ კანონის ამოქმედება გახდა სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ხოლო 2006-2007 სასწავლოწ. დაწყებამდე სკოლისგარეშე დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 11 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «ა» პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 14 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 მუხლი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი განჩინება იქნა გამოტანილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული და გაქარწყლებული სააპელაციო საჩივრის მოტივები, რომლებიც არ იქნა გაზიარებული, აპელაციის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ საერთოდ ნამსჯელი არ არის, რის გამოც გაურკვეველია, რა მოსაზრებით არ იქნა იგი გაზიარებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელვაჩაურის რაიონის .... სახელოვნებო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მ. კ-ას გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005წ. 13 სექტემბრის ¹288 ბრძანების არაუფლებამოსილი ორგანოსა და არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის შესახებ, დასკვნა არ გამომდინარეობს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების დებულებებს სწორი ანალიზის, შესაბამისად, სწორი განმარტებიდან. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო ბრძანების მიღების დროისათვის მოქმედი, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაავრცელა აღნიშნული დებულება სადავო ურთიერთობაზე, რადგან «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მითითებული კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასა და ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაზე. ამდენად, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის «ჟ» ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არის საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც. .... ხელოვნების სკოლის დებულების თანახმად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს სახელოვნებო საბაზო განათლების, სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული თეატრალური ხელოვნების სკოლას, სახელოვნებო განათლების I და II საფეხურის სპეციალურ სასწავლო დაწესებულებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ..... ხელოვნების სკოლა არ ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას, რადგან ზოგადი განათლება გულისხმობს საქართველოს მოქალაქის აღზრდასა და მომზადებას ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, ურეხის ხელოვნების სკოლის ძირითად ამოცანას კი წარმოადგენს მოსწავლეებისათვის მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში დაწყებითი საერთო განათლების მიცემა, მათი ესთეტიკური გემოვნების წარმართვა ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებზე და მიზნად ისახავს მხატვრული თვითმოქმედების აქტიური მონაწილეების, ესთეტიკური დონის პროპაგანდისტების, სიმფონიური და კამერალური მუსიკის აქტიური მსმენელების გაზრდას, რაც არ გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. შესაბამისად, ურეხის ხელოვნების სკოლა წარმოადგენს არა ზოგადსაგანმანათლებლო, არამედ სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებას, რაც «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად და საფუძვლიანად მიაჩნია კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ .... ხელოვნების სკოლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად მიჩნევის განმსაზღვრელ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ..... ხელოვნების სკოლა მიეკუთვნება საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგან «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «ჟ» ქვეპუნქტი დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლოდ მიჩნევის ერთ-ერთ პირობად ადგენს ზოგადი და არა სახელოვნებო განათლების თუნდაც ერთი საფეხურის არსებობას, ანუ განმსაზღვრელია არა მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურის არსებობა, არამედ ის, თუ რა სახის განათლების მიცემას ისახავს მიზნად ესა თუ ის საგანმანათლებლო დაწესებულება. მით უფრო, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ I და II საფეხურის _ დაწყებითი და საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო აღიარებისათვის დაწესებულებას ესაჭიროება შესაბამისი აკრედიტაცია. სააპელაციო სასამართლომ კი იმ პირობებში, როდესაც ..... ხელოვნების სკოლა მიიჩნია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად, სწორედ საბაზო განათლების საფეხურის არსებობის ნიშნით, არ გამოუკვლევია, გააჩნდა თუ არა .... ხელოვნების სკოლას ასეთი აკრედიტაცია‚ ანუ აკმაყოფილებდა თუ არა ურეხის ხელოვნების სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად მიჩნევისათვის «ზოგადი განათლების შესახებ» კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია .... ხელოვნების სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად და არასწორად გამოიყენა «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 59.2 მუხლი (სადავო ბრძანების გამოცემის 2005წ. 13 სექტემბრისათვის მოქმედი რედაქცია), რადგან მითითებული ნორმა იმპერატიულად ადგენდა მითითებული კანონის ამოქმედების შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებული ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის გათავისუფლებას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, რაც ვერ გავრცელდებოდა ურეხის ხელოვნების სკოლაზე, რადგან ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, მ. კ-ას სამუშაოდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, არამედ სადავო ბრძანების გამომცემი აჭარის ა/რ კულტურის მინისტრი, რომლის სტრუქტურულ დაწესებულებასაც წარმოადგენდა ურეხის ხელოვნების სკოლა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 53.2 მუხლის შესაბამისად, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპიური დებულების» დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის 2003წ. 20 მარტის ¹31 ბრძანებისა და ხელვაჩაურის რაიონის კულტურის განყოფილების გამგის მიერ 2004 წელს დამტკიცებული აჭარის ა/რ ხელვაჩაურის რაიონის .... ხელოვნების სკოლის დებულების ძალადაკარგულად მიჩნევის საფუძველი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტები ადგენენ უფრო მაღალი იერარქიის ნორმატიული აქტის «ზოგადი განათლების შესახებ» კანონისაგან განსხვავებულ რეჟიმს მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 53.2 მუხლი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად მიჩნევას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის აქტი განსხვავებულად არეგულირებს «ზოგადი განათლების შესახებ» კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს. მითითებული აქტები კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, არეგულირებენ სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებების საქმიანობას და არა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასა და ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. კ-ას ურეხის ხელოვნების სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, სადავო ბრძანების არაკანონიერად მიჩნევის პირობებში, უნდა იმსჯელოს, მ. კ-ა ექვემდებარება .... ხელოვნების სკოლის დირექტორის, თუ დირექტორის მოვალეობის თანამდებობაზე აღდგენას, რადგან «ზოგადი განათლების შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2005წ. 28 ოქტომბრის კანონის მე-2 მუხლით «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეტანილი ცვლილების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად შეეხო სკოლისგარეშე დაწესებულებებს და უპირობოდ დაადგინა მითითებული კანონის ამოქმედების შედეგად სკოლისგარეშე დაწესებულებების დირექტორების გათავისუფლება, ამავე დებულების თანახმად, დირექტორის არჩევამდე, სკოლის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს პირი მხოლოდ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, არ უმსჯელია, მ. კ-ას დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამებოდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და სათანადო შეფასება მისცეს მათ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ბრძანების საფუძვლიანობის შემოწმებისას იხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონითა და შრომის კანონთა კოდექსით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის მოტივის საფუძვლიანობაზე, კერძოდ, ... ხელოვნების სკოლა წარმოადგენდა თუ არა საჯარო დაწესებულებას, ხოლო დასაქმებული პირები განეკუთვნებიან თუ არა საჯარო მოხელის კატეგორიას და, შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი თუ შრომის კანონთა კოდექსი. შესაბამისად, ამ ნაწილში სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებაზე და სათანადოდ შეაფასოს იგი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99.3 მუხლი, რადგან მითითებული მუხლი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევას. მ. კ-ას სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად კი სადავო ბრძანებაში მითითებულია სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის არასრულყოფილად წარმართვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადო შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, აღნიშნული წარმოადგენს თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მ. კ-ას სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ იმ პირობებში, როდესაც ურეხის ხელოვნების სკოლა მიიჩნია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად, არ იხელმძღვანელა «ზოგადი განათლების შესახებ» კანონით, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესის დარღვევას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, მ. კ-ას მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ადგილი ჰქონდა თუ არა შინაგანაწესის დარღვევას და აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა საკმარის საფუძველს სამუშაოდან გათავისუფლებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს, სადავო ბრძანების გამოცემისას დაცულ იქნა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და მომზადებისათვის დადგენილი წესები, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და არსებობს თუ არა სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებულია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა არსებით განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული მითითებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

ამდენად, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 14 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 14 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.