¹3კ/670-01 5 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. გ-ძემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2000 წლის 7 ივლისს ქუჩაში დააკავეს გორის პოლიციის მუშაკებმა დ. მ-შვილმა და დ. ტ-ძემ, რომლებმაც წაიყვანეს ნარკოლოგიურ ცენტრში შესამოწმებლად. ნარკოლოგიური ცენტრის მიერ გაიცა ცნობა, რომ დ. გ-ძე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ნარკოლოგიური ცენტრიდან პოლიციელებმა მოსარჩელე მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააკავეს 8 ივლისის 17 საათამდე. აღნიშნული ფაქტი გახმაურდა გორში, რითაც შეურაცხყოფილი იქნა დ. გ-ძე და მისი ოჯახი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გორის საზოგადოებაში.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ანალიზი გადამოწმებული იქნა თბილისის ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, სადაც დადგინდა, რომ დ. გ-ძე არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
აღნიშნულიდან გამომდინარე დ. გ-ძემ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვა პოლიციის მუშაკებს დ. მ-შვილს და დ. ტ-ძეს სოლიდარულად დაკისრებოდათ 5000 ლარი, ხოლო ნარკოლოგიური ცენტრის მთავარ ექიმს რ. ტ-შვილის, ექიმ-ლაბორანტ დ. ბ-შვილის და ექიმ-ნარკოლოგ გ. ნ-ძეს სოლიდარულად დაკისრებოდათ, ასევე, 5000 ლარი.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. გ-ძის სარჩელი და მოპასუხეებს: დ. ბ-შვილს და გ. ნ-ძეს სოლიდარულად დაეკისრა 5000 ლარი მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის, ხოლო დ. ტ-ძის და დ. მ-შვილის ქმედების კანონიერების შესამოწმებლად მასალები გადაეგზავნა გორის პროკურატურას.
სასამართლომ განმარტა, რომ დ. გ-ძე და მისი ოჯახი საზოგადოებაში სარგებლობდა შეუბღალავი ავტორიტეტით. რადგანაც ნარკომანია წარმოადგენს მეტად სამარცხვინო და ამორალურ მოვლენას, ხოლო პიროვნების პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური და სხვა თვისებების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასება, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნარკოლოგიური ცენტრის მიერ გაცემული ცნობით დ. გ-ძეს მიადგა მორალური ზიანი, მისი პატივისა და ღირსების შელახვით.
პოლიციის მუშაკებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მათ მიერ გამოყენებული იძულებითი აღმკვეთი ღონისძიებანი სასამართლოს მიერ კანონიერად იყო ცნობილი.
სასამართლომ მოპასუხე ს. ტ-შვილს არ დააკისრა პასუხისმგებლობა იმ მოტივით, რომ ის იყო ნარკოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმი და ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად ის არ ესწრებოდა წარმოდგენილ მოქალაქეთა ანალიზების აღებას და არც მონაწილეობდა ლაბორატორიულ გამოკვლევაში. იგი მხოლოდ ადასტურებდა შემოწმების აქტს ხელის მოწერით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნიეს უკანონოდ გ. ნ-ძემ და დ. ბ-შვილმა და სააპელაციო საჩივრით მიმართეს საოლქო სასამართლოს. აპელანტებმა მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის მსვლელობისას აპელანტებმა დააყენეს შუამდგომლობა მათი არასათანადო მოპასუხეებად ცნობის შესახებ, იმ მოტივით, რომ ცნობა გაცემული იქნა შპს “შ-ის” მიერ და ეს უკანასკნელი იყო პასუხისმგებელი მესამე პირებთან ურთიერთობაში.
საოლქო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასათანადო მოპასუხეები შეცვალა სათანადო მოპასუხით – შპს “შ-ით”, ხოლო დ. ბ-შვილი და გ. ნ-ძე საქმეში ჩართული იქნენ მესამე პირებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. გ-ძის სარჩელი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ.
სააპელაციო პალატამ განმარტა: მიუხედავად იმისა, რომ ნარკოლოგიური ცენტრის მიერ გაცემული ცნობა აღმოჩნდა მცდარი, ნ-ძესა და ბ-შვილს არ უნდა დაკისრებოდათ დ. გ-ძისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან მათ დასკვნა გასცეს პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე. Aამდენად, მოსარჩელის ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი მათ მიერ არ გახმაურებულა.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ნ-ძესა და დ. ბ-შვილს ბრალი არ მიუძღოდათ მათ მიერ დაწერილი შემოწმების აქტის შესახებ ინფორმაციის გახმაურებაში და ამდენად, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დამდგარიყო.
დ. გ-ძემ საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ და საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან მან სწორად ვერ შეაფასა არსებული ვითარება, კასატორის აზრით, თუ დასაშვები იყო ცდომილება დასკვნის სისწორეში, მაშინ ამის შესახებ მითითებული უნდა ყოფილიყო თვით დასკვნაში, რაც არ მომხდარა, ხოლო ის ფაქტი, რომ ექიმთა ამგვარმა ქმედებამ გამოიწვია დ. გ-ძის პატივისა და ღირსების შელახვა, მისი აზრით, ეჭვს არ იწვევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დ. გ-ძეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მაშინ წარმოეშობოდა, თუ მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გავრცელდებოდა, გახმაურდებოდა ან გამოქვეყნდებოდა შპს “შ-ის” ბრალეული ქმედებით. შპს “შ-მა” ნარკოტიკული თრობის შესახებ ცნობა გასცა მხოლოდ სავალდებულო წესით მოკვლევის ორგანოს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ცნობა სხვა პირს ან ორგანოს შპს “შ-ისაგან” არ მიუღია. ამდენად, შპს “შ-ის” ბრალეულად მიჩნევა ინფორმაციის გახმაურებაში საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად პირის პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია სასამართლოს მეშვეობით შესაბამის დაცვას ექვემდებარება, თუ სახეზეა შემდეგი გარემოებანი: შელახულია ფიზიკური პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია; პატივის ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გავრცელებულია; გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება.
პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოპასუხეს წარმოადგენს პირი, ვინც ასეთი ცნობები გაავრცელა. ასეთი სარჩელის განხილვისას მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს, რომ ასეთი ცნობები გავრცელებულია მოპასაუხის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვარ დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს.
თუ ნარკოლოგიური ცენტრის მიერ დარღვეული იქნა ნიმუშის აღების, მისი გამოკვლევის წესები, ეს საფუძვლად ვერ დაედება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული გარემოება შესაძლოა გახდეს თანამდებობის პირთა დისციპლინური ან სხვაგვარი პასუხისმგებლობის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.