¹ 3კ/671-01 1 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: საკარმიდამო მიწის ნაკვეთის განთავისუფლება და მასზე აშენებული ავტოფარეხების აღება.
შეგებებული სარჩელის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 24 მარტს ზ. ც-ძემ, ი. ხ-იამ და ფ. ჯ-ძემ, ა. ჯ-იანის, მ. ა-ძის, რ. უ-ბას, რ. თ-ძის, ჯ. შ-ძის და მ. ქ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მოპასუხეებს მათ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ჩადგმული აქვთ ავტოფარეხები და მოითხოვეს მითითებული ავტოფარეხების აღება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ავტოფარეხები იყო განლაგებული, ამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მფლობელებისაგან მათ მიერ იქნა შესყიდული 80-იან წლებში და ავტოფარეხების აღების შესახებ მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნიეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაევალათ ავტოფარეხების აღება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფიდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 26 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2001 წლის 11 მაისს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ წარმოებაში მიიღო მოპასუხეთა უთარიღო შეგებებული სარჩელის ასლი. სარჩელში მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ ბათილად ცნობილიყო მითითებული გარიგება და მიწის მესაკუთრეებისაგან ავტოფარეხების აღების სანაცვლოდ დაბრუნებოდათ 1000-1000 აშშ დოლარი, ვინაიდან მიწის ნაკვეთები, რომლებზე განთავსებული იყო ავტოფარეხები, კანონის დარღვევით ჰქონდათ შესყიდული 1980 წელს (მათ მიერ მითითებულ მიწაში გადახდილი იყო 600, 650, 700 მანეთი, რაც დღეის მდგომარეობით 1000 აშშ დოლარის ტოლფასი იყო).
2001 წლის 10 მაისის თარიღით გამოტანილი გადაწყვეტილებით უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა. ბათილად ცნო მხარეთა შორის დადებული ზეპირი გარიგება საკარმიდამო ნაკვეთის დათმობის შესახებ და მოსარჩელეებს დაავალა მოპასუხეებისათვის 1000-1000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს ავტოფარეხების აღება.
2001 წლის 4 ივნისს ზ. ც-ძემ და ი. ხ-იამ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორებმა მოითხოვეს ამ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
მათ მიაჩნიათ, რომ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოებაში მიეღო მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი. აღნიშნული მოქმედებით აჭარის ა/რ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ დაუსაბუთებელია უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის მოპასუხეთა სასარგებლოდ 1000-1000 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში, ჯერ ერთი, იმ თვალსაზრისით, რომ მითითებული თანხის გადახდა არ დაეკისრა მათი სახლთმფლობელობის 1/3-ის მესაკუთრე ნ. ხ-ძეს, რომელიც მხარედაც არ იყო ჩაბმული საქმეში და დადგენილი იყო, რომ მიწის დათმობისათვის გარკვეული თანხა სწორედ მისთვის იყო გადახდილი, მეორე, მოპასუხეთა მიერ გადახდილი თანხა 600, 650, 700 მანეთი არასწორად იქნა მიჩნეული 1000-1000 აშშ დოლარის ტოლფასად და მესამეც – გაურკვეველია რატომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა ავტოფარეხების აღების შესახებ და რატომ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. იგივე წესი გამოიყენება შეგებებული სარჩელის აღძვრისა და ხარჯების განსაზღვრისას.
ამავე კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოპასუხეს უფლება აქვს შეგებებული სარჩელი აღძრას საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე. მეორე ნაწილის შესაბამისად ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია, აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე, თუ სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.
მოცემულ შემთხვევაში უმაღლესმა სასამართლომ 2001 წლის 11 მაისის განჩინებით, მართალია, საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების სტადიის გასვლის შემდეგ მიიღო წარმოებაში შეგებებული სარჩელი, მაგრამ მისი მიღება არ გადაწყვიტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე და 381-ე მუხლების დაცვით – უმაღლეს სასამართლოს შეგებებული სარჩელის მიღება არც მოწინააღმდეგე მხარის თანმხობით გადაუწყვეტია და არც დაუდგენია, რომ სარჩელის წარდგენის ვადის გაშვება განპირობებული იყო საპატიო მიზეზით.
საქმეში წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით ირკვევა, რომ იგი წარმოადგენს უთარიღო შეგებებული სარჩელის ასლს, რომლის აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შესვლა რეგისტრირებული არაა, ხოლო მითითებული უთარიღო შეგებებული სარჩელის ასლი წარმოებაშია მიღებული 2001 წლის 11 მაისს, მაშინ, როცა ამ საქმეზე უმაღლეს სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს 2001 წლის 10 მაისს და ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროს წარმოებაშიც არ იყო მიღებული.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ მოცემული საქმის განხილვის დროს დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტის მოთხოვნა _ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც იმაში გამოიხატა, რომ შეგებებული სარჩელი წარმოებაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე და 381-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო შემდეგ მითითებულ შეგებებულ სარჩელზე დაყრდნობით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის მოპასუხეთა სასარგებლოდ 1000-1000 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სხვა საკითხებთან ერთად გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ 600, 650, 700 მანეთი 1000-1000 აშშ დოლარად. ასევე დაუსაბუთებელია, თუ რატომ დააკისრა მისი გადახდა მხოლოდ მოსარჩელეებს მაშინ, როცა დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის დათმობისათვის თანხების ნაწილი მიღებული აქვს სადავო მიწის ნაკვეთის სახლთმფლობელობის 1/3-ის მესაკუთრე ნ. ხ-ძეს, რომელიც საქმეში მხარედ არ მონაწილეობს და არც ავტოფარეხის აღებასთან დაკავშირებით გააჩნია რაიმე მოთხოვნა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უმაღლეს სასამართლოს გამოკვლეული არა აქვს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ უმაღლესი სასამართლოს მიერ შეფასება არ მიცემია საქმეში არსებულ ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მოცემული სახლთმფლობელობის 1/3-ის მფლობელი ნ. ხ-ძის სარჩელი და ბათუმში ... მდებარე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის პროპორციულად გამოეყო მიწის ნაკვეთი ფართით 136,7 კვ.მ. ოდენობით სახლის უკანა მხარეს და მიეცა უფლება კიბის აივნის და საპირფარეშოს აშენებისა.
ამავე გადაწყვეტილებით გამოსახლებული იქნა ფ. ჯ-ძე მოსარჩელის პირად საკუთრებაში არსებული სადავო სახლის პირველი სართულის ¹2 ოთახიდან და იგი შესახლებული იქნა თავის საკუთრებაში არსებული იმავე სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში.
მითითებული გადაწყვეტილებით დაევალა ზ. ც-ძეს მის მიერ უკანონოდ მითვისებული ერთი მეტრი ფართის მოსარჩელე ნ. ხ-ძისათვის დაბრუნება.
უმაღლეს სასამართლოს არ უმსჯელია, მითითებული გადაწყვეტილებით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად ხომ არ გაუქმებულა საზიარო უფლება, რადგან ნ. ხ-ძეს ნატურით გამოეყო ქონება, როგორც სახლიდან ისე ეზოდან და მას სწორედ ის ნაწილი განესაზღვრა, სადაც ავტოფარეხებია განლაგებული.
უმაღლესმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს ნ. ხ-ძისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ხომ არაა განლაგებული სადავო ავტოფარეხები და, თუ აღნიშნული დადასტურდება, საპროცესო ნორმების დაცვით გადაწყვიტოს საქმეში სათანადო მოსარჩელის ჩაბმის საკითხი. ამ გარემოებების გამოკვლევა და დადგენა საკასაციო პალატის კომპეტენციას სცილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ც-ძის და ი. ხ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2001 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.