გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\673 10 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ე-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “მ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ვადის გადაცილების გამო საგადასახადო საურავებით და ხელიდან გაშვებული მოგებით წარმოქმნილი ზიანის; სასესხო ვალდებულებით; მოცდენით გამოწვეული ზიანის და მორალური ზიანის სულ, 85 083 აშშ დოლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგი გარემოებები:
ა) ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისავთის სს “მ-ს” შპს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 58 420 ლარის გადახდა. შპს-მ კი, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაუხდელი თანხა (44165 აშშ დოლარი) აიღო 1997 წლის IV კვარტლის შემოსავალში, რის შედეგადაც წარმოიშვა საგადასახდო დავალიანება _ 1327,0 აშშ დოლარის ოდენობით. იმის გამო, რომ საგადასახდო კანონის თანხად მოსარჩელემ აღნიშნული თანხა უნდა აიღოს როგორც საბალანსო მოგება, ამ თანხიდან უნდა გადაიხადოს 20% მოგების გადასახადი, ამიტომ მოითხოვს სულ, 16587,5 აშშ ლარის დაკისრებას.
ბ) ხელიდან გაშვებული მოგებით წარმოშობილი ზიანი _ მხარეთა შორის 1994 წლის 9 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით შპს “ე-ს” ნაკისრი სამუშაროების შესრულება უნდა დაესრულებინა 1997 წლის 30 სექტემბერს და მიეღო შესაბამისი ანაზღარუება. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს-მ 1996 წლის 11 ივნისს ენერგოეფექტურების ფონდთან დადო წინასწარგანზრახულობაზე შეთანხმება 1997 წლის ნოებმრიდან ერთობლივი ეკონომიკური საქმიანოიბის წამოწყებისათვის. აღნიშნულ საქმეში შპს-ს უნდა ჩაედო სს “მ-ის” მიერ გადახდილი თანხიდან 10512 აშშ დოლარი, საიდანაც მოგების სახით მიიღებდა 7 206 აშშ დოლარს. აღნიშუნლი მოთხოვნის საფუძვლად სარჩელში მითითებულია სსკ 404-ე და 411-ე მუხლები.
გ) სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანი: შპს-მ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებით (1994 წ.) გათვალისწინებული სამუშაოების დასაწყებად 1995 წლის ნოემბრიდან 1996 წლის ივნისამდე ნაწილ-ნაწილ მიიღო ავანსის სახით თანხა _ 26 000 ლარის ოდენობით, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა დაწყებული სამუშაოების გასაგრძელებლად.
იმის გამო, რომ შპს “ე-ს” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა აიღო პროცენტიანი სესხი, რაც შეადგენს 16 987,5 აშშ დოლარს.
დ) შემსრულებლის მიმართ წარმოქმნილი სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანი:
მხარებს შორის 1994 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით ფიზიკურმა პირებმა პირადი ხარჯებით შეასრულეს 18 456 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაოები, რის შედეგადაც მოსარჩელეს ფიზიკურ პირებთან წარმოიშვა სასესხო ვალდებულება აღნიშნული თანხის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნულ თანხას მოითხოვს პროცენტის გათვალისწინებით, სულ _ 20 302 აშშ დოლარს.
ე) მოსარჩელის მოცდენით გამოწვეული ზიანი:
სს “მ-ის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს-მ ვერ შეძლო ხელშეკრულებები დაედო სხვა პირებთან, რის გამოც 3 წელიაწდია მოსარჩელე აღარ ფუნქციონერებს, რის გამოც მოითხოვს მატერიალური ზიანის _ 12 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
ზ) მორალური ზიანი.
სს “მ-ის” მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მოსარჩელემ ვერ შეძლო რა თავისი საქმიანობის გაგრძელება ფინანსური პრობლემების გამო, შეელახა საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც მოითხოვს მორალური ზიანის _ 12 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
ბოლნისის რაინული სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს “მ-ს” შპს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა საგადასახდო საურავებით წარმოშობილი ზიანი _ 16 587,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; ხელიდან გაშვებული მოგებით წარმოშობილი ზიანი _ 7 206 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანისავთის _ 16987,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; შემსრულებლის მიმართ წარმოქმნილი სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანისათვის 20302 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; სულ _ 61083 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სარჩელს მორალური ზიანისა და მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და შპს “ე-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს “მ-ის” შპს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 13270,7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ 404-ე მუხლზე, რომლითაც კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სესხის აღებით წარმოშობილი ზიანისა და ხელიდან გაშვებული მოგების სახით მიღებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სსკ 412-ე მუხლზე, რომლითაც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე საფუძვლით ეთქვა უარი სარჩელს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისა და მოცდენის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.
მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად, სასამართლომ მიუთითა სსკ 413 (2), 18-ე მუხლებზე.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანის, შემსრულებლის მიმართ წარმოქმნილი სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლით გამოწვეულ ზიანზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძველით, რომ იგი იურიდიულად არ არის დასაბუთებული. ასევე, მითუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებაზე, რომელთაც სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი დ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პრეტენზია გულისხმობს სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას საპროცესო ნორმათა მოთხოვნის დარღვევით.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებაზე მითითებული არ არის.
საოლქო სასამართლომ სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანისა და შემსრულებლის მიმართ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებით გამოწვეული ზიანის ნაწილში სარჩელის მოთხოვნას უარი უთხრა სსკ 412-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ კი დაადგინა, რომ სს “მ-სა” და შპს “ე-ს” შორის დადებული ხელშერკულება არ ითვალისწინებდა მესამე პირებისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასამთავრებლად საჭირო თნხების (სესხის) აღებას. პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ 412-ე მუხლი ზიანის ანაზღაურებზე უარის თქმის ნაწილში, რადგან არ იქნა დადგენილი მოვალის მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლისავთის. პალატა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც სწორია, რადგან სსკ 408-ე მუხლის პირველი ნაწილით პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ვალდებულების დარღვევისას კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მიუღებლად კი ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია კრედიტორს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება (ხელშეკრულება) ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ე.ი. იგულისხმება შემოსავალი, რომელსაც ეს ხელშეკრულება მოუტანდა კრედიტორს და არა სხვა რომელიმე ხელშეკრულება, რომელსაც იგი მესამე პირთან დადებდა მომავალში. ასევე, მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება, რომლითაც რაიმე შემოსავალს მიიღებდა.
ამდენად, შპს “ე-ის” მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში იურიდიულად უსაფუძვლოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას.
კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა შემცირდეს და შპს “ე-ს” დაეკისროს 1000 ლარი სასამართლო ხარჯებისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ე-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
შპს “ე-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარის ოდენობით. აქედან, 700 ლარი უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ბანკში უზენაესი სასამართლოს ¹ 115141102 ანგარიშზე, ხოლო 300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.