საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№784აპ-25 თბილისი
ჯ–ი ა., №784აპ-25 2 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჯ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით ა. ჯ–ი - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით (10 თვით) და განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სიხსლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და ა. ჯ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ამ განაჩენის მიღების დღიდან – 2025 წლის 12 თებერვლიდან.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ჯ–მა ჩაიდინა: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 27 იანვარს ა. ჯ–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მას აეკრძალა მსხვერპლთან, ნ. გ–თან, მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ასევე ა. ჯ–ის მიმართ დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
· 2023 წლის 2 თებერვალს ა. ჯ–მა გადაწყვიტა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება. მან განახორციელა ქმედება, რომლის შედეგადაც, შეუძლებელი გახდა ელექტრონული ზედამხედველობა, კერძოდ, მოიხსნა სამაჯური, ამ გზით დაარღვია შემაკავებელი ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის მოთხოვნები და ვალდებულებები. სამაჯურის მოხსნის შემდეგ საცხოვრებელი სახლიდან მიიმალა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხერხდა.
· 2023 წლის 2 თებერვალს ს–ს რაიონის სოფელ ი–ში ა. ჯ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯ. უ–ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას – „რენაუტ კანგოს“ ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – ...., რითაც ჯ. უ–ს მიაყენა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ჯ–მა. კასატორმა მოითხოვა შერაცხულ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება (თუნდაც ქურდობის ნაწილში), ასევე – საქმის განხილვა მისი მონაწილეობით.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5. საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას (მაგ. იხ. სუსგ №690აპ-24, №884აპ-22).
6. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას ქურდობაში მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ჯ–ის მიერ როგორც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, ისე – სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
7. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც, სხვა მუხლთან ერთად, ა. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს, ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე – 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
9. განსაკუთრებით საყურადღებოა დაზარალებულ ჯ. უ–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული, დამაჯერებელი და დეტალური ჩვენება, რომელიც სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებითაც ასევე უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ქურდობის ჩადენა. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დამაჯერებლად განმარტა, რომ ა–ი მას დაჰყავდა ავტომანქანით, აღრიცხვის შესამოწმებლად დასჭირდა ტელეფონი, რომლის საყიდლადაც წაყვანილი ჰყავდა ა–ი. იგი ეძებდა სამუშაოს, მწყემსად უნდოდა ემუშავა და მინდორშიც დაჰყავდა. ა–ი მას საწვავს უსხამდა, საწვავის ფულს აძლევდა. ერთხელ, აღრიცხვაზე შემოწმების მიზნით, სიღნაღის პოლიციის თანამშრომელი, გვარად – ბ–ი, ა–თან სახლში იყო მისული. ა–ი ერთ-ერთ ფერმაში დასაქმდა. მწყემსად უნდა დაეწყო მუშაობა და სთხოვა, რომ მისი ავტომანქანით წაეღოთ ბარგი, თუმცა იმ დღეს წასვლა ვერ შეძლეს, ვინაიდან წვიმდა. მეორე დღეს, 2 თებერვალს, ა–ი მასთან სახლში მივიდა და უთხრა, წავიდეთო. ისინი მისი ავტომანქანით მივიდნენ სოფელ ი–ში, ა–ის სახლში, სადაც მათ ბარგი უნდა ჩაელაგებინათ. ა–მა მას უთხრა, რომ აპირებდა სამაჯურის მოხსნას და დახმარება სთხოვა. დაზარალებულს შეეშინდა, ა–ს უთხრა, გარეთ გავიხედავო, გამოვიდა გარეთ და ფეხით წავიდა ა–ის სახლიდან. ავტომანქანა ა–ის სახლის ეზოში დატოვა. ა–მა დაქოქა მისი მანქანა და წაიყვანა. მას ა–ისთვის მანქანა არ უთხოვებია. ვინაიდან ტელეფონი თან არ ჰქონდა (სახლში დარჩა), პოლიციას ვერ შეატყობინა. მისი ავტომანქანა იყო „რენაუტი კანგო“, სახელმწოფო ნომრით – ......, რომელშიც 3000 ლარი ჰქონდა გადახდილი. პოლიციამ იპოვა მანქანა და დაურეკეს მას. ესაუბრა ე. ჯ–ს, რომელსაც უთხრა, რომ მანქანა ა–მა მოჰპარა. ა. ჯ–ის შეკითხვაზე დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ა–ის მიცემული ფულით ჩაასხა მანქანაში საწვავი და რომ გ. უ–თანაც მიიყვანა ა–ი. გ–ს ორხიდიანი მანქანა ჰყავს და სურდა, მას წაეყვანა.
10. დაზარალებულის ჩვენებას სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების – ნ. გ–ის, თ. მ–ს, ზ. ბ–ს, გ. ჩ–ს, მ. ქ–ს, ე. ჯ–სა და სხვათა ჩვენებები, N...... შემაკავებელი ორდერი და ოქმი ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების თაობაზე, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2023 წლის 11 ივლისის დასკვნა და სხვა მასალებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, ვერც მსჯავრდებული უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილათ არჩადენილ დანაშაულში ა. ჯ–ი.
11. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე – ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კანონმდებელმა დააკონკრეტა ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია, დადგინდეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა იყოს მოძრავი და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავემ დაზარალებულის მიმართ უნდა ჩაიდინოს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა).
12. დაზარალებულის განმარტებით, მას ა. ჯ–ისათვის მანქანა არ უთხოვებია; როდესაც მას ა. ჯ–მა განუცხადა სამეთვალყურეო სამაჯურის მოხსნის თაობაზე და დახმარება სთხოვა, შეეშინდა, პრობლემები არ შეჰქმნოდა, ა–ს უთხრა, რომ გარეთ გაიხედავდა, ამ საფუძვლით გამოვიდა და წავიდა სახლიდან. მან მანქანა დატოვა ა. ჯ–ის სახლის ეზოში. შესაბამისად, ა. ჯ–ს ჯ. უ–ისაგან არ მიუღია მისი ავტომანქანის დაუფლების ნებართვა. უფრო მეტიც, ჯ. უ–ს არათუ ნებართვა არ მიუცია მსჯავრდებულისათვის, არამედ იგი, შეშინებული იყო რა ა. ჯ–ის განზრახვით, მოეხსნა სამაჯური, იძულებული გახდა, დაეტოვებინა ა. ჯ–ის სახლი და ეზოში მიეტოვებინა თავისი კუთვნილი ავტომანქანა. ამდენად, მსჯავრდებულის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ის და ჯ. უ–ი იყვნენ ბავშვობის მეგობრები და მისი ავტომობილის სამართავად ნებართვა არ სჭირდებოდა, უსაფუძვლოა და ვერ გახდება ქურდობის ნაწილში მისი გამართლების საფუძველი. რაც შეეხება ავტომობილის ა. ჯ–ს ეზოში დგომას, აღნიშნული მას არ აძლევდა ავტომანქანის ჯ. უ–ის ნებართვის გარეშე დაუფლებისა და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების უფლებას.
13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევისას არსებითი საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა. დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგნის ძირითად და არსებით საკითხებთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2023 წლის 2 თებერვალს ა. ჯ–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯ. უ–ის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას – „რენაუტ კანგოს“ ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – ...., რითაც ჯ. უ–ს მიაყენა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს მსჯავრდებულის ქმედება და დაადგინეს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადგენილია, რომ ა. ჯ–მა ჩაიდინა მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
14. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მისი მონაწილეობით საქმის განხილვის თაობაზე: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, „საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, საკასაციო პალატას არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება (სუსგ №548აპ-25).
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჯ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე