გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/679 10 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი - საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ა. ც-იანის და გ. ნ-ძის საერთო საკუთრებას, თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის 1/2 იდეალური წილი. გ. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ც-იანის მიმართ და მოითხოვა ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან პირველ სართულზე მდებარე ¹ 1 და ¹ 2 საცხოვრებელი ოთახების, მეორე სართულზე მდებარე ¹ 4 საცხოვრებელი ოთახის რეალური გამოყოფა; მოპასუხისთვის სახლის დანარჩენი ნაწილის გამოყოფა; ასევე, საეზოვე მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ნ-ძის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეს, ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში იდეალური წილის 1/2-ის შესაბამისად, რეალურად გამოეყო საცხოვრებელი ოთახები ¹ 1, ¹ 2 და ¹ 4, საერთო ფართით 49,66 კვ.მ. და დამხმარე სათავსები - ¹ 41 და ლიტერ “ბ”, 16,6 კვ.მ საერთო ფართით.
მოპასუხეს ა. ც-იანს რეალურად გამოეყო ¹ 3, ¹ 5, ¹ 6 საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსები ¹ 7. საცხოვრებელი ოთახების საერთო ფართია 55.33 კვ.მ, დამხმარე 13.28 კვ.მ. საეზოვე მიწის ნაკვეთის გაყოფა მოხდა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად იმ განსხვავებით, რომ მოსარჩელის დამხმარე სათავსის - ლიტ “ბ” კედლის გასწვრივ გაივლის მიჯნა, ლიტ “ბ” შესასვლელი კარი გაუქმდება და მეორე მხარეს იქნება გადატანილი.
ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ცვლილებების შეტანა სახლის ცნობა-დახასიათებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. ნ-ძის სარჩელი დააკმაყოფილა სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლის საფუძველზე. მოცემული დავის გადასაწყვეტად დანიშნულ იქნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; რაიონული სასამართლო დაეყრდნო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2000 წლის 28 იანვრის დასკვნას სახლთმფლობელობის და ეზოს გაყოფის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ც-იანმა და თ. კ-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 12 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ა. ც-იანის და თ. კ-იანის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩატარებულ იქნა განმეორებითი ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა სადავო საეზოვე მიწის ნაკვეთის ფართი - 64.07 კვ.მ. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლი, ასევე, 170-ე მუხლი და მიუთითა, რომ გ. ნ-ძეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით, არ შელახოს სხვისი ინტერესები.
ა. ც-იანი და თ. კ-იანი საკასაციო საჩივარში ითხოვენ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების გამოტანას იმგვარად, რომ საეზოვე მიწის ფართობის რეალური წილის გამოყოფაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი, მიწის ნაკვეთი დარჩეს საერთო სარგებლობაში თანაბარ წილად, როგორც გაუყოფადი.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
ა. ც-იანს და გ. ნ-ძეს საერთო საკუთრებაში აქვთ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, თითოეულს ეკუთვნის 1/2 წილი. საოლქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლი, რომელიც მრავალბინიან სახლებში საერთო საკუთრებაში წილის განსაზღვრას ეხება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მხარეთა საერთო საკუთრებას და არ გამოიყენა სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი, რომელიც უშუალოდ საერთო საკუთრებას ეხება სასამართლომ არ გამოიყენა, ასევე, საზიარო უფლებების შესაბამისი მუხლებიც.
მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩაატარა ექსპერტიზა, 2000 წლის 28 იანვრის დასკვნის თანახმად, სადავო საეზოვე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 201.24 კვ.მ. მისი გაყოფა ორ ნაწილად ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართშია ნაჩვენები, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს გამოეყოფა 113.84 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, ხოლო მოპასუხეს - 87.9 კვ.მ. ფართის საეზოვე მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთის ფართის დასადგენად ჩაატარა ექსპერტიზა, ექსპერტიზის 2000 წლის 2 ივნისის დასკვნის თანახმად შენობა-ნაგებობებისაგან თავისუფალი სადავო საეზოვე მიწის ნაკვეთის ფართია 64.07 კვ.მ. იგი მხარეებს შორის შესაძლებელია გაიყოს ისე, როგორც ეს ¹ 1 დანართშია ნაჩვენები წითელი ფერის ხაზით და მოსარჩელეს გამოეყოფა 41.5 კვ.მ. თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომელიც მე-11 დანართშია ნაჩვენები ყვითელი ფერით, ხოლო მოპასუხეს კი დარჩება 22.57 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც დანართ ¹ 1 ნაჩვენები ლურჯი ფერით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც საეზოვე მიწის ნაკვეთის გაყოფა მოხდა ექსპერტიზის 2000 წლის 28 იანვრის დასკვნის საფუძველზე და მხარეთა შორის გაიყო 201.24 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი არათანაბრად, კერძოდ მ. ნ-ძეს გამოეყო 113.84 კვ.მ. ა. ც-იანს კი 87.9 კვ.მ. ფართი. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის 2000 წლის 2 ივნისის დასკვნა, რომლის თანახმად სადავო საეზოვე მიწის ნაკვეთის ფართია 64.07 კვ. მეტრი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მოთხოვნა და არ იმსჯელა თანამესაკუთრეთა შორის თავიანთი წილების შესაბამისად, საეზოვე ნაკვეთის გაყოფის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გარდა ამისა, სასამართლო განჩინება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, იგი ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და გაუქმების საფუძველია.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ც-იანის და თ. კ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 ივლისის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.