¹3კ/681-01 17 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1996 წლის 28 დეკემბერს აწ გარდაცვლილმა დ. ლ-ძემ სანოტარო ფორმის დაცვით მთელი თავისი ქონება და მათ შორის, თბილისში, ... მდებარე ბინა უანდერძა მეუღლეს ს. კ-შვილს.
აწ გარდაცვლილი დ. ლ-ძის შვილმა ლ. ლ-ძემ მიმართა თბილისის ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა აღნიშნული ანდერძის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ დ. ლ-ძე მძიმე ავადმყოფი იყო და ანდერძის გაცემისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედებისათვის ანგარიში გაეწია.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზის აქტს, რომლითაც დადასტურებული იყო, რომ დ. ლ-ძეს ანდერძის შედგენის დროს შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ნების გამოვლენისათვის.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
აპელანტი ლ. ლ-ძე არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს განჩინებას და სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ნოტარიალურად დამოწმების თარიღი არ შეიძლება წინ უსწრებდეს მისი შედგენის თარიღს. კერძოდ, ნოტარიუსის განმარტებითი, ანდერძი დამოწმებულია 1996 წლის 27 დეკემბერს, რეესტრში კი გატარდა იმავე დღეს, მაგრამ დაბეჭვდის დროს ანდერძი დათარიღდა 28 დეკემბრით, რაც მექანიკური შეცდომა იყო. ლ. ლ-ძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ანდერძი ნოტარიუსის მიერ შესაძლოა წინასწარ იყო დამოწმებული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის, რომ მოსარჩელის მამა 1983 წლის 3 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. კ-შვილთან, რომელმაც საკუთარი ბინა 1996 წლის 27 დეკემბერს ნოტარიალურად დამოწმებული ანდერძით უანდერძა მეუღლეს, ხოლო ანდერძის შედგენისას 28 დეკემბრის მითითება მექანიკურ შეცდომად იქნა მიჩნეული და არ გახდა ანდერძის ბათილად ცნობის საფუძველი.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ძემ და აღნიშნა, რომ სადავო ანდერძი შედგენილია 551-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ანდერძის ბათილობის საფუძველია. ამასთან, მამკვიდრებელი ანდერძის შედგენის მომენტში ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ არ შეეძლო თავისი მოქმედებისათვის ანგარიში გაეწია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მამა დ. ლ-ძე 1983 წლის 5 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. კ-შვილთან. დ. ლ-ძემ საკუთარი ბინა, მდებარე თბილისში, ..... 1996 წლის 27 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული ანდერძით უანდერძა მეუღლეს ს. კ-შვილს.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 1999 წლის 27 აპრილის ¹108 აქტით დ. ლ-ძეს ანდერძის გაფორმების პერიოდისათვის, ანუ 1996 წლის 28 დეკემბრისათვის შეეძლო შეეფასებინა თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მათთვის;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად სადავო ანდერძი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმ საფუძვლით, რომ მამკვიდრებელი, თუნდაც ქმედუნარიანი ყოფილიყო, გარიგების დადების მომენტში ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ არ შეეძლო, გაეგო თავისი მოქმედების მნიშვნელობა. საქმის მასალებით არ დასტურდება მოანდერძის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი. პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა გაზიარებული ლ. ლ-ძის მოტივაცია, რომ ანდერძი შედგენილია აწ გარდაცვლილი ს. კ-შვილის მიერ დ. ლ-ძეზე ძალადობის და მუქარის გამოყენებით, ვინაიდან საქმის მასალებით ასეთი არ დასტურდება.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სანოტარო რეესტრის წიგნის დათვალიერებით გარკვეული და დადგენილია, რომ სადავო ანდერძი რეგისტრირებულია 1996 წლის 27 და არა 28 დეკემბერს. გამომდინარე აღნიშნულიდან, საფუძველს მოკლებულია კასატორის პრეტენზია, რომ, ანდერძი შედგენილია 1996 წლის 28 დეკემბერს, ხოლო სანოტარო წესით დამოწმებულია 27 დეკემბერს, რაც მისი აზრით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1965 წ.) 551-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო ანდერძის ბათილობის საფუძველია.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად სწორადაა გამოყენებული 1964 წლიდან მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.