Facebook Twitter

საქმე N 330100124009045937

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №819აპ-25 ქ. თბილისი

ს. ჯ., 819აპ-25 17 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან ნემსაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-სა და თბილისის პროკურატურის პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

1.1. ჯ. ს-მ ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში – ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით.

ჯ. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü ჯ. (ბ.) ს-მ ა. შ-სთან ერთად დაუდგენელ ვითარებაში, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი ,,P.BERETTA“-ს მსგავსად დამზადებული №... კუსტარული პისტოლეტი და საბრძოლო მასალა – ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი 8 (რვა) ცალი 9X18 კალიბრიანი ვაზნა, რომლებიც შეინახეს დაუდგენელ ადგილზე. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ჯ. (ბ.) ს., ა. შ-სთან ერთად, ა. შ-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,TOYOTA RAV 4” მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით – ,,...” ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ... ქუჩების კვეთაზე.

ü 2024 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, ... მდებარე კაფე ,,...“ უმნიშვნელო მიზეზის გამო, ერთმანეთთან შეკამათდნენ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ. ლ. და ჯ. (ბ.) ს.. კონფლიქტის მიმდინარეობისას კ. მ-მ, . ზ-მ და გ. კ-მ მ. ლ. გაარიდეს იქაურობას და მივიდნენ ... ქუჩების კვეთაზე. გ. ზ. და მ. ლ. გაჩერდნენ იქვე, ხოლო – კ. მ. და გ. კ. წავიდნენ .... მიმართულებით.

მ. ლ-სგან შეურაცხყოფით განაწყენებული ჯ. (ბ.) ს. შურისძიებით განეწყო მ. ლ-ს მიმართ. ჯ. (ბ.) ს. დაუკავშირდა თავის მეგობარ ა. შ-ს, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და მათ ჯგუფურად განიზრახეს მ. ლ-ს მოკვლა. ჯ. (ბ.) ს. და ა. შ. შეიარაღდნენ ,,P.BERETTA”-ს მოდელის №... ცეცხლსასროლი იარაღითა და ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი ვაზნებით, ჩასხდნენ ა. შ-ს მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA RAV 4” მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით – ,,...” და მივიდნენ ....

გ. ზ-სა და მ. ლ-ს დანახვისთანავე ა. შ-მ გააჩერა ავტომობილი, ჯ. (ბ.) ს-მ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ხელთნაქონი იარაღი, გადავიდა მანქანიდან და, დაახლოებით, 6-7 მეტრიდან განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ზ-ს გვერდით მდგომ მ. ლ-ს გულმკერდისა და მუცლის არეში შვიდჯერ ესროლა და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებები, რის შემდეგაც ჯ. (ბ.) ს. კვლავ ჩაჯდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით. ა. შ-მ მანქანა დაძრა და ჯ. (ბ.) ს.სთან ერთად, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

მ. ლ. იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა.

1.2. ა. შ-მ ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში – ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით.

ა. შ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü ა. შ-მ ჯ. (ბ.) ს-სთან ერთად დაუდგენელ ვითარებაში ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი ,,P.BERETTA“-ს მსგავსად დამზადებული №... კუსტარული პისტოლეტი და საბრძოლო მასალა – ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი 8 (რვა) ცალი 9X18 კალიბრის ვაზნა, რომლებიც შეინახეს დაუდგენელ ადგილზე. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ა. შ. ჯ. (ბ.) ს.სთან ერთად, ა. შ-ს მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA RAV 4” მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით – ,,..” ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ....

ü 2024 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, ... მდებარე კაფე ,,...“ უმნიშვნელო მიზეზის გამო, ერთმანეთთან შეკამათდნენ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ. ლ. და ჯ. (ბ.) ს.. კონფლიქტის მიმდინარეობისას კ. მ-მ, გ. ზ-მ და გ. კ-მ მ. ლ. გაარიდეს იქაურობას და მივიდნენ ... ქუჩების კვეთაზე. გ. ზ. და მ. ლ. გაჩერდნენ იქვე, ხოლო – კ. მ. და გ. კ. წავიდნენ .... მიმართულებით.

მ. ლ-სგან შეურაცხყოფით განაწყენებული ჯ. (ბ.) ს. შურისძიებით განეწყო მ. ლ-ს მიმართ. ჯ. (ბ.) ს. დაუკავშირდა თავის მეგობარ – ა. შ-ს, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად განიზრახეს მ. ლ-ს მოკვლა. ჯ. (ბ.) ს. და ა. შ. შეიარაღდნენ ,,P.BERETTA”-ს მოდელის №... ცეცხლსასროლი იარაღითა და ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი ვაზნებით, ჩასხდნენ ა. შ-ს მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA RAV 4” მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით – ,,.... ” და მივიდნენ ....

გ. ზ-სა და მ. ლ-ს დანახვისთანავე ა. შ-მ გააჩერა ავტომობილი, ჯ. (ბ.) ს-მ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ხელთნაქონი იარაღი, გადავიდა მანქანიდან და, დაახლოებით, 6-7 მეტრიდან განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ზ-ს გვერდით მდგომ მ. ლ-ს გულმკერდისა და მუცლის არეში შვიდჯერ ესროლა და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებები, რის შემდეგაც ჯ. (ბ.) ს. კვლავ ჩაჯდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით. ა. შ-მ მანქანა დაძრა და ჯ. (ბ.) ს.სთან ერთად, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

მ. ლ. იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ჯ. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე.

ჯ. ს., – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

ჯ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმდა;

ჯ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 19 თებერვლიდან;

2.2. ა. შ., – დაბადებული ... წელს, – (ძებნილი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

ა. შ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25, 108-ე მუხლზე.

ა. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა –13 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. შ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

ა. შ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმდა;

ა. შ-ს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს – ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე – დაცვის მხარემ.

ü სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ცვლილება, კერძოდ: ჯ. ს-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სანქციის ფარგლებში მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა; ა. შ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სანქციის ფარგლებში მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის – შეფარდება.

ü მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჯ. ს-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ü მსჯავრდებულ ა. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ქ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. შ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით: მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-სა და მსჯავრდებულ ა. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ გია შაიშმელაშვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულების – ჯ. ს-სა და ა. შ-ს მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე – სასჯელის ნაწილით, შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.1. ჯ. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილზე;

ჯ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

ჯ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

ჯ. ს-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე;

ჯ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ჯ. ს-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 19 თებერვლიდან;

ცნობად იქნა მიღებული, რომ ჯ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

4.2. ა. შ. (ძებნილი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ა. შ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 108-ე მუხლიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე;

ა. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

ცნობად იქნა მიღებული, რომ ა. შ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან;

ცნობად იქნა მიღებული, რომ ა. შ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ და თბილისის პროკურატურის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა.

ü მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატი ვ. მ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ ანალიზს, შესაბამისად, არ არის დასაბუთებული და კანონიერი; ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეების − კ. უ-ს, ნ. ნ-ს, თ. წ-სა და გ. დ-ს ჩვენებები არ არის სანდო და არ ასახავს სიმართლეს. ამასთან, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ისე − გარდაცვლილის მეგობრების ჩვენებებს; აღნიშნულ მოწმეთა საპირისპიროდ, ნამდვილად დამოუკიდებელი მოწმეების − გ. ზ-ს, კ. მ-სა და გ. კ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ჯ. ს. არ არის ის პირი, რომელმაც მ. ლ.ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ ჯ. ს.სა და აწ გარდაცვლილს შორის არ მომხდარა კონფლიქტი. შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის ჩადენის მოტივი; მოწმეები − თ. წ. და გ. დ. შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოჩანაწერიდან ჯ. ს-ს სახით ამოცნობას ვერ შეძლებდნენ, რადგან მასზე არ ჩანს მსროლელის სახის ნაკვთები, ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო; ჯ. ს-ს ტანსაცმელზე არ ამოვიდა დენთის წვისთვის დამახასიათებელი კვალი, ხოლო გენეტიკური კვალი არ ამოვიდა იარაღის ტარიდან; სასამართლომ რომც გაიზიაროს ბრალდების მხარის მოწმეთა არასანდო ჩვენებები, მაინც არ დასტურდება მკვლელობის წინასწარი შეთანხმებით ჩადენის ფაქტი, რამეთუ ჯ. ს-სა და ა. შ-ს ქმედებაში არ იკვეთება მკვლელობის საერთო განზრახვა და რომ ა. შ-ს შეცნობილი ჰქონდა მითითებული განზრახვა; ჯ. ს.სთან ერთად მანქანაში მსხდომმა არცერთმა პირმა, მათ შორის − არც ა. შ-მ იცოდა, რომ ჯ. ს.ს ჰქონდა იარაღი და არც ის, თუ რას აპირებდა იგი. შესაბამისად, თანამონაწილეობის არანაირი ფორმა არ იკვეთება; გარდაცვლილისათვის მიყენებული დაზიანებების ტრაექტორიის მიხედვით და საქმის სხვა მასალებით, დგინდება ისიც, რომ მსროლელი ისროდა დაზარალებულის ფეხების მიმართულებით, ხოლო გულმკერდის არეში მას ტყვიები წაქცევიდან ადგომის მომენტში, შემთხვევით მოხვდა.

ü სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ცვლილებას, კერძოდ: ჯ. ს-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, დანაშაულთა ერთობლიობით, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას; ა. შ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, დანაშაულთა ერთობლიობით, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულს ესროლა ჯ. ს-მ. დადგენილია ისიც, რომ არც ჯ. ს.სა და არც ა. შ-ს არ ჰქონდათ რეგისტრირებული ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც გაისროლეს. შესაბამისად, უდავოდ დასტურდება დანაშაულის იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა. თანმდევი შედეგის გათვალისწინებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაც გამოკვეთილია. კონკრეტულად ის გარემოება, რომ მსჯავრდებულები ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით გადაადგილდებიან ... ქუჩების კვეთამდე და შემდეგ უკან ... ქუჩამდე, თავისთავად მოიაზრებს და ადასტურებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას. ა. შ-ს მანქანიდან გადასვლის შემდეგ, ჯ. ს. მანქანაშივე გადატენის იარაღს და მანქანიდან გადადის უკვე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი პისტოლეტით. შესაბამისად, პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა მიუთითებს ა. შ-ს ინფორმირებულობაზე იარაღის ქონის შესახებ. შემდეგ, ჯ. ს. იარაღიდან ისვრის ა. შ-ს თვალწინ, ხოლო სროლების შემდეგ, პისტოლეტით შეიარაღებული ჯ. ს. ჯდება ა. შ-ს მიერ მართულ ავტომობილში და ისინი კვლავ ერთად გადაადგილდნენ. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს ა. შ-სა და ჯ. ს-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და ტარებას; პროკურორს მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და მათი წარსული ნასამართლობების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს სასჯელების სახით უნდა განესაზღვროთ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, როგორც მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ისე – ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების – ჯ. ს-სა და ა. შ-ს ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის შესაბამისად დამნაშავედ ცნობისა და მათთვის სასჯელების სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად და დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება და მხარეთა არგუმენტებს გასცა დასაბუთებული პასუხები.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. შ-ს, მოწმეების − თ. წ-ს, კ. უ-ს, ტ. თ-ს, გ. დ-ს, პ. მ-ს, დ. კ-ს, ა. ს-ს, ლ. კ-ს, ზ. ნ-სა და სხვათა ჩვენებებით, თ. წ-ს კუთვნილი „აიფონის“ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, 2024 წლის 18 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების − შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების − ... განთავსებული მშენებარე ობიექტიდან ამოღებული გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების − სასტუმრო „..“ გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების − კაფე „...“ გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერებით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ჯ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების − ნ. ნ-სა და კ. უ-ს − ჩვენებებზე. მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს განვითარებული მოვლენები და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები; მითითებულ მოწმეთა ჩვენებები სანდო, თანმიმდევრული და დამაჯერებელია; ისინი შემთხვევის დროს ისხდნენ იმავე ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა ა. შ. და რომელშიც ასევე იჯდა ჯ. ს., რაც მათ აძლევდა მომხდარზე უშუალო დაკვირვების შესაძლებლობას; ნ. ნ-სა და კ. უ-ს ჩვენებები ერთმანეთთან არსებით ნაწილებში სრულად თანხვედრილია, თანმიმდევრულია და ლოგიკურად დაკავშირებულია შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიასთან. ამასთან, მათი განმარტებები არ არის მოწყვეტილი ობიექტურ მონაცემებს, არამედ, პირიქით − ემთხვევა და გამყარებულია ისეთი უტყუარი მტკიცებულებებით, როგორიცაა – სათვალთვალო კამარების ჩანაწერები, ასევე ბრალდების მხარის სხვა მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგებითა, თუ ექსპერტიზის დასკვნებით; ამავე დროს, საქმის მასალებით არ იკვეთება და ასევე სასამართლო სხდომაზე მათი დაკითხვისას არ გამოვლენილა მსჯავრდებულების მიმართ რაიმე პირადი ინტერესი, რომელიც ნეიტრალურ პირს გაუჩენდა ეჭვს მოწმეთა სანდოობასთან დაკავშირებით.

12. აღნიშნულის საპირისპიროდ, დაცვის მხარე აპელირებს მოწმეების – გ. ზ-ს, კ. მ-სა და გ. კ-ს ჩვენებებზე, თუმცა მათი ჩვენებები იმ ნაწილებში, რომლებზეც დაცვის არგუმენტები არის აგებული, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ცალსახად ეწინააღმდეგება საქმის მასალებს, მათ შორის, ზემოაღნიშნულ როგორც უტყუარ, ნეიტრალურ მტკიცებულებებს (სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს), ისე – შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმეების (კ. უ-სა და ნ. ნ-ს) და ბრალდების სხვა მოწმეთა ერთმანეთთან თანხვედრილ, თანმიმდევრულ ჩვენებებს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებსა და ექსპერტიზის დასკვნებს.

13. სააპელაციო პალატა განაჩენში დეტალურად და დაწვრილებით აღწერს შემთხვევის დღეს, ქმედების ჩადენამდე, ჩადენისას და ჩადენის შემდეგ განვითარებულ ქრონოლოგიას, კერძოდ:

14. თავდაპირველად სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, .... მდებარე კაფე „...“ აწ გარდაცვლილ მ. ლ-სა და მსჯავრდებულ ჯ. ს-ს შორის ნამდვილად მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის − კაფე „...“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით. ვიდეოკადრებში ჩანს მსჯავრდებული ჯ. ს., ასევე ჩანან გ. ზ. და მ. ლ.. ისინი გადაადგილდებიან დარბაზში და შემდეგ ჩერდებიან. ერთად შეჯგუფებულია რამდენიმე ადამიანი, ჯ. ს. და მ. ლ. ერთმანეთთან თავებით არიან ახლოს, გარშემო მყოფი პირები კი აკავებენ მათ. მათ შორის არის შეხლა-შემოხლა. კონფლიქტის ფაქტს ასევე ადასტურებენ მოწმეები − ნ. ნ. და კ. უ.. კაფის შესასვლელთან ჩოჩქოლსა და დაძაბულ გარემოზე მიუთითებს მოწმე თ. წ-ც. ამავე კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მოწმე კ. მ-ც არ უარყოფს დაცვის თანამშრომლებისგან მიღებულ ინფორმაციას, მ. ლ-ს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნასა და აგრესიული ქცევის თაობაზე, რის გამოც, მას სთხოვეს მ. ლ-ს სახლში წაყვანა.

15. კაფე „..“ მომხდარი კონფლიქტის დასრულებისთანავე განვითარებული მოვლენები: ჯ. ს.სა და მ. ლ.ს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, 01:42:56 საათზე, მ. ლ. გამოდის კაფე „..“. მას უკან მიჰყვება კ. მ.. სულ რამდენიმე წამში − 01:43:05 საათზე, კაფე „...“ გამოდიან − ჯ. ს. და გ. ზ., ხოლო 01:43:17 საათზე − ბ. ლ., კ. უ. და ნ. ნ.. 01:43:26 საათზე, კაფესთან ჩერდება ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“, რომელსაც მართავს ა. შ.. ავტომანქანის მძღოლის მხრიდან გადმოდის ა. შ., იგი ჩქარი ნაბიჯით გადაადგილდება კამერის არეალიდან და გადის 01:43:35 საათზე. რამდენიმე წამში − 01:43:46 საათზე, კამერის არეალში ჩნდება ჯ. ს.ც, რომელსაც ხელით აკავებს კ. .. ისინი მიდიან ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4-ის“ მიმართულებით. 01:44:14 საათზე, ჯ. ს. კვლავ მიდის მ. ლ-სა და გ. ზ-ს მიმართულებით. მას მიჰყვებიან კ. უ. და ნ. ნ., კ. უ. ჯ. ს-ს ხელით აკავებს და არ აძლევს წასვლის საშუალებას. ჯ. ს. ბრუნდება უკან. კამერის არეალში კვლავ ჩნდება ა. შ.. ისინი მიდიან ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4-ის“ მიმართულებით, ა. შ. ჯდება საჭესთან. ავტომანქანასთან მარჯვენა მხრიდან მიდის ჯ. ს., რომელსაც უკან მიჰყვება კ. უ., ხოლო მარცხენა მხრიდან ნ. ნ.. ისინი სხდებიან ავტომანქანაში, რის შემდეგაც, ავტომანქანა ტოვებს კაფის ტერიტორიას და კამერის ხედვის არეალიდან გადიან 01:44:55 საათზე.

16. კაფე „...“ მომხდარი კონფლიქტის დასრულების შემდგომი და სროლის უშუალო ეპიზოდი: კაფე „...“ მიმდებარე ტერიტორიიდან წასვლის შემდეგ, დაახლოებით, თხუთმეტ წუთში − 02:00:05 საათზე, ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“, რომელსაც მართავს ა. შ., გადაადგილდება ... ქუჩების კვეთაზე (რასაც აფიქსირებს შსს სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან“ გამოთხოვილი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი). 02:00:09 საათზე, ავტომანქანა ჩერდება, იღება წინა მარჯვენა კარი და 02:00:10 საათზე, ავტომანქანიდან გადადის ჯ. ს., რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი და თავზე ახურავს „კაპიუშონი“. იგი ჩერდება ავტომანქანა „ტოიოტა რავ-4-ის“ წინა მარჯვენა საბურავთან. ჯ.ს ხელში უჭირავს პისტოლეტი, რომლიდანაც შვიდჯერ ისვრის მ. ლ-ს მიმართულებით. შემდეგ ჯ. ს. კვლავ ჯდება ა. შ-ს მიერ მართული ავტომანქანის წინა, მგზავრის მხარეს და ხურავს კარს. ავტომანქანა მიდის შემთხვევის ადგილიდან და კამერის არეალიდან ქრება − 02:00:23 საათზე. ... მდებარე სასტუმრო „...“ გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერის მიხედვით, გასროლების შემდეგ, 01:59:25 საათზე, მ. ლ. ბარბაცით, უკუსვლით მიდის ავტომანქანა „აუდი Q7-ის“ მარცხენა წინა მხარეს, საბურავთან, რის შემდეგაც, ბარბაცით გადის ავტომანქანის წინა მხარეს ბამპერთან და ეცემა ქვაფენილზე. ამ დროს, მასთან მიდის გ. ზ. და უწევს დახმარებას.

17. დანაშაულის ჩადენის შემდგომ განვითარებული მოვლენები: ... განთავსებული მშენებარე ობიექტიდან ამოღებული გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, 03:04:55 საათზე, გაჩერდა ავტომანქანა „ტოიოტა რავ-4“, რომელსაც მართავდა კვლავ ა. შ.. იღება ავტომანქანის მარჯვენა წინა კარი, რომლიდანაც გადადის ჯ. ს.. კადრში ჩანს, რომ ჯ. ს. ავტომანქანას უკანა მხრიდან უვლის ჩქარი ნაბიჯით. მას მარჯვენა ხელში უჭირავს პისტოლეტი. კამერის თვალთახედვის არედან გადის − 03:04:58 საათზე. ავტომანქანაში, უკანა მარცხენა მხარეს ზის ნ. ნ. 03:05:01 საათზე, კამერის არეალში კვლავ ჩნდება ჯ. ს., რომელიც მიდის ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს ა. შ-სთან და ესაუბრება. 03:05:15 საათზე იღება ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი, საიდანაც გადმოდის კ. უ. და ჯდება წინა მარცხენა სალონში, მძღოლის გვერდით (სადაც მანამდე ჯ. ს. იჯდა) და კარს კეტავს − 03:05:20 საათზე. ა. შ. ჯ. ს.ს აწვდის მომწვანო ხელსახოცის პაკეტს. ჯ. ს.ს მარჯვენა ხელში უჭირავს პისტოლეტი, ხოლო მარცხენა ხელში − ხელსახოცის პაკეტი. ჯ.ი აგრძელებს მოძრაობას და კამერის ხედვის არეალიდან გადის − 03:05:31 საათზე. რამდენიმე წამში − 03:06:00 საათზე, კამერის არეალში კვლავ ჩნდება ჯ. ს., რომელსაც ამჯერად ხელში აღარაფერი უჭირავს, მიდის „ტოიოტა რავ-4-ის“ უკანა მარცხენა კართან, ცდილობს კარის გაღებას, მაგრამ არ იღება, რის შემდეგაც, ავტომანქანას უკანა მხრიდან შემოუვლის, აღებს სალონის კარს, ჯდება უკანა სალონში და ავტომანქანა 03:06:08 საათზე იძვრება ადგილიდან.

18. ვიდეოჩანაწერზე ასახულ ფაქტს, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, კაფე „...“ ჯ. ს.ს ა. შ-მ „ტოიოტა რავ 4-ის“ მარკის ავტომანქანით ნამდვილად მიაკითხა, ადასტურებს მოწმე თ. წ-ც. მოწმის განმარტებით, მათი მისვლისას, კაფის შესასვლელში იყო ჩოჩქოლი, ა. შ-მ ბიჭებში ჯ. ს.ც შენიშნა, რის გამოც, თ-ს უთხრა, რომ მანქანიდან არ გადასულიყო და დალოდებოდა. ცოტა ხანში ა. შ. დაბრუნდა ჯ. ს.სა და ორ ახალგაზრდა მამაკაცთან (კ. უ. და ნ. ნ.) ერთად, რომლებსაც იგი არ იცნობდა. ჯ. ს. მივიდა მანქანის კართან – თ-სთან და სთხოვა გადასვლა. თ., ა.ს. თანხმობით, გადავიდა მანქანიდან, ხოლო ჯ. ს. დაჯდა მის ადგილას. მანქანის უკანა სავარძელზე ასევე დასხდნენ მისთვის უცნობი ორი მამაკაცი, ა. შ. კი საჭესთან დაჯდა. თ-ს ჩვენებით ასევე ირკვევა: ა. შ-ს დამ − ქეთევან შ-მ – მას ტელეფონზე მისწერა, რომ, როგორც სახლში დაბრუნებულმა ა.მა უთხრა, ჯ. ს-მ ვიღაცას იარაღიდან ესროლა, რის გამოც, ა.ი უნდა წასულიყო სახლიდან (აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება თ. წ-ს კუთვნილი „აიფონის“ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით).

19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერები, თავისი უტყუარი და ნეიტრალური ბუნებიდან გამომდინარე, უდავოდ ძალიან მაღალი მტკიცებულებითი ძალის მქონეა, მაგრამ, ამავე დროს, მათში ასახული გარემოებები, სრულად დასტურდება და შევსებულია სხვა ტიპის მტკიცებულებათა ერთობლიობითაც, მათ შორის, დანაშაულებრივი შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, მოწმეების − ნ. ნ-სა და კ. უ-ს ჩვენებებით, მოწმეების – თ. წ-სა და გ. დ-ს ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნებით. მითითებული მტკიცებულებებით, დამატებით დგინდება ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულთა როლები და ურთიერთკავშირი.

20. მოწმე ნ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ კაფე „...“, მისთვის უცნობ პირსა და ჯ. ს.ს შორის მომხდარი „წალაპარაკების“ შემდგომ, კაფესთან ავტომანქანით მივიდა ჯ. ს-ს მეგობარი (ა. შ.). მის ავტომანქანაში უკანა სავარძელზე ჩასხდნენ თვითონ და კ. უ., ხოლო ბ. ს. დაჯდა მძღოლის გვერდით. გზაში ბ. ს. რაღაცაზე გაბრაზდა და ამბობდა, რომ ის ბიჭი, რომელთანაც კაფე „..“ მოუვიდა ,,წალაპარაკება”, მისი მეგობარი იყო და თუ შეხვდებოდა, დაელაპარაკებოდა და „ერთ-ორ სიტყვას“ ეტყოდა. შემდეგ ბ. ს-მ მანქანა გააჩერებინა მეგობარს (ა. შ-ს). ამ დროს ცოტა ხნით გადავიდა ჰაერზე და მცირე ხანშივე უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც გააგრძელეს მანქანით მოძრაობა. ნ. ნ-ს განმარტებით, ისინი ავტომანქანით მთაწმინდის ქუჩებში ნელი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. ამ დროს მოულოდნელად, ბ. ს-მ იარაღი გადატენა, კარი გააღო, ნელი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანიდან გადავიდა და რამდენჯერმე გაისროლა მარცხენა მხარეს. შემდეგ, წამებშივე, დაბრუნდა ავტომანქანაში, დაჯდა თავის ადგილზე და წავიდნენ იმ ადგილიდან. წასვლისას დაინახა, რომ მათგან, დაახლოებით ოცი-ოცდახუთი მეტრის მანძილზე ვიღაც ბიჭი მიეყრდნო მანქანას. ამის შემდეგ ბ. ს. იარაღით გადავიდა ავტომანქანიდან და, დაახლოებით, ნახევარ წუთში ისევ დაბრუნდა. შემდეგ კ. უ. დაჯდა წინ, მძღოლის გვერდით, ხოლო ბ. ს. − უკან. ისინი მანქანით წავიდნენ მეგობართან. თავად და კ. უ. წავიდნენ ..., ხოლო ბ. ს. და ა. შ. დარჩნენ. დამშვიდობებისას ბ. ს-მ მათ უთხრა, არაფერზე ენერვიულათ.

21. მოწმე კ. უ-ს ჩვენების მიხედვით, 2024 წლის 17 თებერვალს, საღამოს საათებში, კაფე „...“ ბ. ს-ს შელაპარაკება მოუხდა მ. ლ-სთან. მან და ნ. ნ-მ ბ. ს. გარეთ გამოარიდეს. გარეთ აღარაფერი მომხდარა. ცოტა ხანში თვითონ, ნ. ნ. და ბ. ს. ჩასხდნენ „...“ მდგარ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა მისთვის უცნობი მამაკაცი (ა. შ.). ისინი ავტომანქანით წავიდნენ ჯერ ...., შემდეგ კი აუხვიეს მარჯვნივ ერთ-ერთ ქუჩაზე. მოწმის განმარტებით, ბ. ს-მ მძღოლს გააჩერებინა მანქანა, კარი გააღო და გადასვლისას გადატენა იარაღი. მანქანიდან გადასვლის შემდეგ, ბ. ს-მ რამდენჯერმე გაისროლა იარაღიდან, ავტომანქანიდან მარცხენა მიმართულებით, თუმცა ვის ესროლა, ვერ დაინახა, რადგან ღამე იყო და წვიმდა. პირი, რომელსაც ბ. ს-მ ესროლა, წაბორძიკდა და მიეყრდნო იქვე მდგარ ავტომანქანას. შემდეგ ბ. ს. ისევ ჩაჯდა ავტომანქანაში და მძღოლს უთხრა, ჩქარა წასულიყო. ამის მერე ისინი ჩიხებით გავიდნენ ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც მძღოლმა (ა. შ-მ), ბ.ს თხოვნით, გააჩერა ავტომანქანა. ბ. გადავიდა გარეთ, შევიდა ერთ-ერთ ეზოში, საიდანაც მალე გამობრუნდა. ბ. გადაჯდა უკანა სავარძელზე, ხოლო თვითონ – წინ, მძღოლის გვერდითა სავარძელზე დაჯდა. შემდეგ ის და ნ. ნ. წავიდნენ მეგობართან და დაშორდნენ ბ. ს.ს.

22. გარდა მითითებული მტკიცებულებებისა, საქმეში ასევე წარმოდგენილია:

23. მ. ლ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მ. ლ-ს გარდაცვალების მიზეზია სხეულის ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით მოქ. მ. ლ-ს სიკვდილი დაფიქსირდა 2024 წლის 18 თებერვალს, 03:17 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევის დროს ნანახ სიკვდილის შემდგომ გვამურ ცვლილებებს. მ. ლ-ს გვამს სხეულზე აღენიშნებოდა ჯამურად ოთხი ჭრილობა, ამათგან სამი გამჭოლი (გულმკერდის, მუცლისა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში) და ერთი ბრმა (გულმკერდის მიდამოს მუცლის ღრუში შემავალი) ცეცხლნასროლი ჭრილობა. დაზიანებები ერთობლივად აღებული, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

24. ... ეზოში მდებარე სათავსოს ჩხრეკის ოქმი, რომლის შესაბამისად, ჩხრეკის შედეგად, სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი პისტოლეტისმაგვარი საგანი (დანაშაულის იარაღი), ერთი ცალი მჭიდისმაგვარი საგანი, ერთი ცალი ტყვიის ვაზნის მაგვარი საგანი და ერთი ცალი მწვანე ფერის პაკეტი (ხელსახოცის პაკეტი). მითითებული ლოკაციიდან ხსენებული საგნების ამოღების ფაქტი, აგრეთვე დადასტურებულია, სათავსოს მეპატრონის – მოწმე ტ. თ-ს ჩვენებითაც.

25. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ შვიდი ცალი მასრისმაგვარი საგანი, ამოღებულ იქნა დათვალიერების შედეგად.

26. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, დადგენილია შემდეგი: ... ეზოში მდებარე სათავსოდან ამოღებული პისტოლეტისმაგვარი საგანი არის „P. BERETTA-ს“ მსგავსად დამზადებული, კუსტარული პისტოლეტი, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლად. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. წარმოდგენილი პისტოლეტი უნებლიედ არ გაისვრის, სასხლეტი კაუჭის გამოკვრის გარეშე; ასევე სათავსოდან ამოღებული მჭიდისმაგვარი საგანი არის კუსტარული წესით დამზადებული, 9X18მმ კალიბრიანი ვაზნების მოსათავსებელი მჭიდი, რომელიც თავსებადია ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „P. BERETTA“-ს მსგავსად დამზადებულ პისტოლეტზე; აგრეთვე სათავსოდან ამოღებული ტყვიის ვაზნის მაგვარი საგანი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПМ“, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის „АПС“, მათ შორის, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „P. BERETTA“-ს მსგავსად დამზადებული პისტოლეტისათვისაც და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მასრის მაგვარ შვიდი ცალი საგანი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი – მასრა, განკუთვნილი ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПМ“, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის „АПС“, მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, „P. BERETTA“-ს მსგავსად დამზადებული პისტოლეტისათვისაც და სხვა. შვიდივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „P. BERETTA-ს“ მსგავსად კუსტარულად დამზადებულ პისტოლეტში. ქიმიური ექსპერტიზის კვლევის შედეგების მიხედვით, ხსენებული იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

27. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, დანაშაულის იარაღის – პისტოლეტის – სასხლეტსა და დამცავ კავზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მასში გამოვლინდა ჯ. ს-ს გენეტიკური თანამონაწილეობა.

28. მოწმეებმა − თ. წ-მ და გ. დ-მა მონაწილეობა მიიღეს ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში. მათ აღნიშნეს, რომ მუქი ფერის ავტომანქანიდან გადმოსული მამაკაცი, რომელიც იარაღისმაგვარი საგნიდან რამდენჯერმე ისვრის საპირისპირო მიმართულებით, არის ჯ. (ბ.) ს.. მოწმე თ. წ-მ ასევე განმარტა, რომ მძღოლის სავარძელზე მჯდომი პირი, რომელსაც კარის ფანჯრიდან ხელი უჩანს, არის ა. შ.. ის ფაქტი, რომ ეს პირები ნამდვილად ჯ. ს. და ა. შ. არიან, დასტურდება არა მხოლოდ მითითებული მოწმეების ჩვენებებით (დაცვის მხარე ვიდეოჩანაწერის ხარისხიდან გამომდინარე, საეჭვოდ მიიჩნევს თ. წ-სა და გ. დ-ს მიერ ჯ. ს-სა და ა. შ-ს ამოცნობის უტყუარობას), არამედ − შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირდაპირი მოწმეების, მათსავე ავტომანქანაში მსხდომი პირების − კ. უ-სა და ნ. ნ-ს ჩვენებებითაც. დანაშაულის იარაღის − პისტოლეტის – ჯ. ს-სადმი კუთვნილების ფაქტი, თავის მხრივ, დადგენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ვიდეოჩანაწერებით.

29. ამრიგად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა – ვიდეოჩანაწერებით დადგენილი ქრონოლოგია, ბრალდების მხარის მოწმეების ერთმანეთთან თანხვედრილი და თანმიმდევრული ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი გარემოებები, ასევე – ნივთიერი მტკიცებულებების ამოღების ოქმები, ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მასალები, ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ. ს-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მ. ლ-ს განზრახ მკვლელობას და დამდგარ შედეგთან – დაზარალებულის სიკვდილთან, მის უშუალო მიზეზობრივ კავშირს.

30. საკასაციო სასამართლოს შემდგომი მსჯელობის საგანია ის, თუ როგორ უნდა შეფასდეს ჯ. ს-სა და ა. შ-ს ქმედებები, ერთობლივად, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება თუ არა მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი; შესაბამისად, იკვეთება თუ არა ა. შ-ს მონაწილეობა დანაშაულში; ხოლო თუკი დგინდება მისი მონაწილეობაც, რა ფორმით გამოიხატა – თანაამსრულებლისა, თუ დამხმარის სახით.

31. ამ მიმართებით მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ. სადავოდ მიიჩნევს ჯ. ს-სა და ა. შ-ს ქმედებებს შორის საერთო განზრახვის არსებობას. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების ჩვენებების გაზიარების შემთხვევაშიც კი, ჯ. ს-სა და ა. შ-ს ქმედებაში არ იკვეთება მკვლელობის საერთო განზრახვა და ის, რომ ა. შ-ს შეცნობილი ჰქონდა მითითებული განზრახვა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცემულ მოსაზრებას, ვინაიდან ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

32. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ჯგუფური დანაშაული გამოკვეთილია, როდესაც ორი ან მეტი ამსრულებელი სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას და ამ დანაშაულის თანაამსრულებელია. წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფური დანაშაულის ჩადენისას, სავალდებულო არ არის პირთა შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მისი განხორციელებისას მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

33. ამასთან, საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის დაწყების მომენტამდე. ამავე დროს, აუცილებელია, საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც − ჟესტებსა და მიმიკებში − გამოიხატოს.

34. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულრებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

35. საქმეში წარმოდგენილი ზემომითითებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ, იკვეთება, რომ ჯ. ს. და ა. შ. მოქმედებდნენ ერთად და მათ შორის არსებობდა დაზარალებულის სიცოცხლის ხელყოფის ერთიანი განზრახვა; ეს განზრახვა კი არ შემოიფარგლა მხოლოდ სპონტანური თანხვედრით, არამედ − გამოიხატა მათი შეთანხმებული, თანმიმდევრული მოქმედებებით, რომლებიც საერთო მიზანს ემსახურებოდა, კერძოდ:

36. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონფლიქტის დასრულებისთანავე, კაფე ,,..“ კაფესთან ჩერდება ავტომანქანა „ტოიოტა რავ-4“, რომელსაც მართავს ა. შ.. იგი გადმოდის მძღოლის მხრიდან და სწრაფად გადაადგილდება. ა.ი მალევე კვლავ ჩნდება კამერის არეალში, რის შემდეგაც თვითონ, ჯ. ს., კ. უ. და ნ. ნ. სხდებიან ავტომანქანაში და ავტომობილი ტოვებს კაფის ტერიტორიას. ამავე გარემოებას დამოუკიდებლად ადასტურებს მოწმე თ. წ.: მისი ჩვენებით, „..“ შესასვლელთან, ჩოჩქოლის ფონზე ა. შ-მ შენიშნა ჯ. ს.. მოწმეს უთხრა, რომ მანქანიდან არ გადასულიყო. იგი მალევე დაბრუნდა ს.სთან და ორ უცნობ პირთან ერთად. ჯ.მა თ-ს მანქანიდან გადასვლა სთხოვა და თავად დაჯდა მის ადგილას. ა. შ. დაჯდა საჭესთან. ავტომობილი დაიძრა და მათ ერთად გააგრძელეს გზა.

37. კაფე „...“ წამოსვლის შემდეგ გზაში, ჯ. ს-მ ა.ს გააჩერებინა ავტომანქანა, რა დროსაც თავად ცოტა ხნით გადავიდა გარეთ და მალევე უკან დაბრუნდა. დაახლოებით 15 წუთში (02:00:05), იგივე „ტოიოტა რავ-4“, კვლავ ა. შ-ს მართვის ქვეშ, იმყოფება .... ქუჩების კვეთაზე; ავტომანქანა მოძრაობს ნელი სვლით; 02:00:09-ზე ავტომანქანა ჩერდება; 02:00:10-ზე იღება ავტომობილის წინა მარჯვენა კარი, რომლიდანაც გადადის ჯ. ს.; იგი დგება ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავთან და შვიდჯერ ისვრის მ. ლ-ს მიმართულებით; შემდეგ ჯ. ს. კვლავ ჯდება ა/მანქანაში, ხურავს კარს, ხოლო ავტომობილი მაშინვე ტოვებს შემთხვევის ადგილს (02:00:23).

38. სწორედ მოვლენების მითითებული თანმიმდევრობა და ქრონოლოგია ცალსახად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ა. შ. არ არის მხოლოდ დამხმარე, ვინაიდან მისი ქმედებები წარმოადგენდა დანაშაულის აღსრულების ფაზის ისეთ საკვანძო მოქმედებების ერთობლიობას, რამაც შექმნა დანაშაულის აღსრულების შესაძლებლობა, სახელდობრ:

ü ა. შ. სწორედ კონფლიქტის შემდგომ კრიტიკულ მონაკვეთში მიდის კონფლიქტის ადგილას. შემდეგ, ჯ. ს.სა და მის თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდება ავტომანქანით; დგინდება ისიც, რომ სწორედ ჯ. ს-ს და ა. შ-ს გადაწყვეტილებით, ავტომანქანიდან გადადის თ. წ. და მის ადგილას ჯდება ჯ.ი;

ü შემდეგ ა.მა უზრუნველყო ჯ. ს-ს მიზანმიმართული გადაადგილება კონფლიქტის ადგილიდან, დაზარალებულის სავარაუდო ადგილსამყოფელამდე, ისინი მოძრაობდნენ ნელი სვლით; მოწმეების − ნ. ნ-სა და კ. უ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ ჯ. ს. ავტომანქანით გადაადგილებისას, დაზარალებულთან მიმართებით გამოხატავდა აგრესიას, რომ შელაპარაკება მოუვიდა, ისევ შეხვდებოდა და დაელაპარაკებოდა, ,,ერთ- ორ“ სიტყვას ეტყოდა;

ü შემდგომ, ა. შ. ავტომანქანას აჩერებს ზუსტად ისეთ დროსა და ადგილას, რომ შესაძლებელს ხდიდა ავტომობილიდან ჯ. ს-ს სწრაფ გადასვლას, სროლასა და უკან დაბრუნებას; ამავე დროს, ჯ. ს.ს ა. შ-ს თვალთახედვის არეში, იარაღი მოჰყავს საბრძოლო მდგომარეობაში;

ü ჯ. ს-ს ავტომანქანიდან გადასვლისა და გასროლების შემდეგ, ა. შ. ელოდება მას, ხოლო ჯ.ის დაბრუნებისთანავე, დაუყოვნებლივ, ძრავს ავტომობილს და მაშინათვე ტოვებენ შემთხვევის ადგილს;

ü ნიშანდობლივია დანაშაულის ჩადენის შემდგომი ეტაპიც, რაც დამატებით ამყარებს ჯ. ს-სა და ა. შ-ს ერთობლივი მოქმედების შესახებ დასკვნას, კერძოდ, 03:04:55–03:04:58 მონაკვეთში ავტომანქანის მარჯვენა წინა კარიდან გადადის ჯ. ს. და კამერაში ჩანს, რომ მას მარჯვენა ხელში უჭირავს პისტოლეტი. 03:05:01 საათზე ჯ. ს. კვლავ ჩნდება კამერის არეალში, მიდის ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს და ესაუბრება ა. შ-ს; 03:05:15–03:05:20 მონაკვეთში ხდება მგზავრთა გადანაცვლება სალონში. შემდეგ ა. შ. ჯ. ს.ს აწვდის მომწვანო ხელსახოცის პაკეტს, მაშინ როდესაც ჯ. ს.ს კვლავ უჭირავს პისტოლეტი; ჯ.ი ამ პაკეტითა და იარაღით აგრძელებს გადაადგილებას და გარკვეული დროის შემდეგ (03:06:00-ზე), კვლავ ჩნდება კამერაში უკვე ხელცარიელი, რაც მეტყველებს დანაშაულის იარაღის/კვალის გაწმენდასა და გადამალვაზე.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. შ-ს როლი ვერ შეფასდება გაუცნობიერებელ მოქმედებად, რადგან, როგორც დანაშაულამდე, ისე − მისი უშუალო აღსრულებისა და დასრულების ფაზებში, ა. შ-სა და ჯ. ს-ს მოქმედებები ქმნის უტყუარ საფუძველს დასკვნისათვის, რომ ისინი მოქმედებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებულად, ჯგუფურად, რა დროსაც, ა. შ. სრულად აცნობიერებდა, რა პროცესშიც მონაწილეობდა და მოქმედებდა სწორედ ამ პროცესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ა. შ-ს ქცევა სცილდება „დახმარებას“ და ადასტურებს დანაშაულის თანაამსრულებლობას – საერთო მიზნის შეცნობითა და ერთობლივი ქმედებების შესრულებით.

40. დაცვის მხარე ასევე იშველიებს ნ. ნ-სა და კ. უ-ს ჩვენებებში ჯ. ს-ს მიერ ნათქვამ ფრაზებს: ,,ფეხებს დავამტვრევ“ „ფეხებთან შევაშინე“, „ფეხების მიმართულებით ვისროლე“, „ნუ გეშინიათ“, და ამით ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ჯ. ს.ს მხოლოდ დაზარალებულისათვის ფეხებში სროლა/დაშინება ჰქონდა განზრახული, ხოლო ა. შ-ს კი არ ეცოდინებოდა, მისი რეალური განზრახვა. აღნიშნული დასაბუთება უსაფუძვლოა და სრულად ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

41. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს: ჯ. ს-ს მიერ ნაწარმოები გასროლების რაოდენობას − იგი 7 ტყვიას ესვრის დაზარალებულს, რომელთაგან მას ოთხი ხვდება; დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობას, ლოკალიზაციას და სიმძიმეს − მ. ლ-ს გვამს სხეულზე ჯამურად აღენიშნებოდა 4 ჭრილობა, საიდანაც სამი იყო გამჭოლი (გულმკერდის, მუცლისა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში), ხოლო ერთი ბრმა (გულმკერდის მიდამოს მუცლის ღრუში შემავალი) ჭრილობა; ჭრილობებმა გამოიწვია სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი ორგანოების − ორივე ფილტვის, აორტისა და ღვიძლის გამჭოლი დაზიანებები. დაზიანებები ერთობლივად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხისაა. ამ ოთხი ჭრილობიდან 3-ის მინიმალური სიმაღლე, აწ გარდაცვლილის ტერფის ძირიდან დაშორებულია − 120 სმ-ით, ხოლო მაქსიმალური 150 სმ-ით; ქმედების დაწყებამდე, დასრულებისას და მას მერე ქცევას − ა. შ. (მის მიერ მართული ავტომანქანით) და ჯ. ს., კაფეში მომხდარი კონფლიქტის დასრულებისთანავე, ერთად გადაადგილდებიან ავტომობილით, ა.ი აჩერებს ავტომანქანას, ჯ. ს-ს იარაღი მოჰყავს საბრძოლო მდგომარეობაში ა. შ-ს თვალთახედვის არეში, გადადის ავტომანქანიდან და მრავალჯერ ისვრის, ა.ი ელოდება და მისი კვლავ ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, დაუყოვნებლივ ტოვებენ შემთხვევის ადგილს, რის შემდეგაც, ა.ი ჯ.ს ხელსახოცის პაკეტს აწვდის, ჯ.ი გადაადგილება იარაღით და ხელცარიელი ბრუნდება.

42. ყოველივე აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას ჯ. ს-ს მიერ, როგორც, თითქოსდა მხოლოდ დაშინების მიზნით ფეხებში სროლის, ისე – ვერსიას იმის შესახებ, რომ ა. შ-ს ვერ ექნებოდა შეცნობილი ჯ. ს-ს განზრახვა – მოეკლა მ. ლ..

43. მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ჯ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

44. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს მსჯავრდებულების – ჯ. ს-სა და ა. შ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან საკასაციო პალატა ამ კუთხითაც ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვისა და ტარების ბრალდებით არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ა. შ-ს ბრალეულობას მითითებულ ქმედებებში. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯ. ს.ს ა. შ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში თან ჰქონდა იარაღი, არ ქმნის სადავო ეპიზოდში ამ უკანასკნელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

45. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ს-სა და ა. შ-ს პიროვნული მახასიათებლების, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი შედეგის, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს განესაზღვრათ მათ მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედებებით გათვალისწინებული, სამართლიანი სასჯელები, რომლებიც შეესაბამება: საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს; მსჯავრდებულთა პიროვნებას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა და იმსჯელა შეფარდებული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.

46. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

48. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს და თბილისის პროკურატურის პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. ნემსაძე