3კ/684-01 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან წილის გამოყოფის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ქ. ქ-ია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გ. ფ-ძის შვილთან, დ. ფ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი.
დ. ფ-ძე და მისი შვილები რეგიტრირებული იყვნენ თბილისში, ... ბინაში, რომლის ძირითადი დამქირავებელი იყო მოპასუხე გ. ფ-ძე. 1998 წელს გ. ფ-ძემ მოახდინა თავის სახელზე ბინის პრივატიზაცია, რაზეც თანხმობა განაცხადა დ. ფ-ძემ. 1998 წლის აგვისტოში დ. ფ-ძე გარდაიცვალა. 1999 წელს ქ. ქ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ბინიდან, რომელიც გ. ფ-ძის საკუთრებაა, გარდაცვლილი მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების წილის გამოყოფა და მათ წილზე მესაკუთრედ ცნობა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ. ფ-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ცვლილებების შეტანა სადავო ბინის პრივატიზაციას ხელშეკრულებაში იმგვარად, რომ ხელშეკრულებიდან ამორიცხულიყო განსვენებული დ. ფ-ძე და მისი შვილები: მ. და პ. ფ-ძეები.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა გ. ფ-ძის შეგებებული სარჩელი: თბილისის ვაკის რაიონის ¹83 საბინაო-საექსპლუატაციო უბანსა და გ. ფ-ძეს შორის 1998 წლის 18 მარტს დადებული ხელშეკრულებიდან ამოირიცხნენ დ. ფ-ძე და მისი შვილები: მ. და პ. ფ-ძეები და სადავო ბინა მთლიანად აღირიცხა გ. ფ-ძის სახელზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმარი დ. ფ-ძე მოსარჩელესთან ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელის დედის ბინაში და სადავო ბინაში არ უცხოვრია. სადავო ბინაში ასევე არ უცხოვრიათ მოსარჩელის შვილებს. 1983 წლის საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის მეუღლეს სადავო ბინის ფართზე უფლება დაკარგული ჰქონდა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ-იამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ქ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ქ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გამოცხადდა თბილისში, .... მდებარე გ. ფ-ძის სახელზე რიცხული ¹33 ბინის 3\15 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე დ. ფ-ძე, პრივატიზაციის დროს ჩაწერილი იყო სადავო ბინაში. პრივატიზაციისას მან თანხმობა მისცა გ. ფ-ძის, ბინა აღრიცხულიყო მის სახელზე. ამ დროისათვის ბინაში ჩაწერილი იყო სამი სრულწლოვანი პირი: გ. ფ-ძე მისი მეუღლე და შვილი დ. ფ-ძე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მეუღლე ბინის პრივატიზაციის დროს ჩაწერილი იყო სადავო ბინაში, მას ეკუთვნოდა ბინის 1\3 და სწორედ ამ 1\3 წილზე გაიხსნა მემკვიდრეობა. დ. ფ-ძეს დარჩა 5 მემკვიდრე: მშობლები, მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც არიან პირველი რიგის მემკვიდრეები და თანაბრად ეკუთვნით მემკვიდრეობიდან წილი _ 1\3:5=1\15, ამიტომ მოსარჩელეს თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მისცა საკუთრების უფლებით სადავო ბინის 3\15 წილი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. ქ-იამ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის ორი მცირეწლოვან შვილს ცალ-ცალკე 1\3 წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება. აღნიშნულ დადგენილებაში არ სწერია, რომ არასრულწლოვანი პირები არ იღებენ საკუთრებაში ბინის ფართს, არამედ საუბარია მხოლოდ ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობაზე პრივატიზაციის დროს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ მისი მცირეწლოვანი შვილებისათვის სადავო სახლიდან საკუთრების უფლებით წილის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელზეც საკასაციო საჩივარი შემოტანილი არ არის, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს. 1996 წელს დამტკიცებული “სანოტარო მოქმედების შესრულების წესების” შესახებ დებულების 39-ე პუნქტის თანახმად ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის მიცემის დროს პირი თავისი განცხადებით უარს ამბობს საპრივატიზაციო ბინაში თავის წილზე. აქედან გამომდინარე, ახალი სამოქალაქო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შემდეგ, ე.ი. 1997 წლის 25 ნოემბრიდან, ბინის პრივატიზაციის დროს პრივატიზაციაზე თანხმობის მიცემა ოჯახის სხვა წევრისათვის გულისხმობს საკუთარი წილის დათმობას მის სასარგებლოდ. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ისინი ბინის ფართზე დამოუკიდებლად უფლებას ვერ მოიპოვებდნენ და მათი საცხოვრებელი განისაზღვრებოდა მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აქედან გამომდინარე, კანონი საჭიროდ არ თვლიდა მათ თანხმობას ბინის პრივატიზაციაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის დამოუკიდებლად სადავო ბინიდან წილის მიკუთვნებაზე უარის თქმის ნაწილში, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ქ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.