გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/685 12 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთები.
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1978 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ. ზ-შვილის სარჩელი და მისი კუთვნილი სახლი გაყოფილ იქნა შემდეგნაირად: მის შვილს – ა. ზ-შვილს გამოეყო საკუთრების უფლებით სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი და სახლის მეორე სართულზე - ორი ოთახი დერეფნებით. სახლის დანარჩენი ნაწილი დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში.
1995 წლის 21 მარტს გურჯაანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ზ. ზ-შვილს მამის, გ. ზ-შვილის სახლიდან, დროებით სარგებლობის მიზნით, გამოეყო ერთი ოთახი.
1997 წლის 6 მარტს გ. ზ-შვილი გარდაიცვალა.
გ. ზ-შვილის დანაშთი ქონება, მის მიერვე 1979 წლის 8 სექტემბერს გაცემული ანდერძის საფუძველზე, მიიღო მისმა ცოლმა მ. ზ-შვილმა.
ზ. ზ-შვილმა მ. ზ-შვილის წინააღმდეგ 1998 წლის 26 იანვარს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, მამის დანაშთი ქონებიდან სათანადო სავალდებულო წილის მიკუთვნება. დანარჩენ მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზია არ განუცხადებიათ.
1998 წლის 29 იანვარს ზ. ზ-შვილსა და მ. ზ-შვილს შორის დავა დასრულდა მორიგებით. ზ. ზ-შვილმა 700 აშშ დოლარად შეისყიდა მამის _ გ. ზ-შვილის დანაშთი სახლი და ეზოს ნაწილი კიბის გასწვრივ. დანარჩენი მიწის ნაკვეთი დარჩა მ. ზ-შვილის საკუთრებაში.
მითითებული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა.
1999 წლის 20 აგვისტოს ა. ზ-შვილმა მ. ზ-შვილის და ზ. ზ-შვილის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მამის გარდაცვალებამდე ოჯახის საერთო საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მას და ზ. ზ-შვილს შორის თანაბარწილად გაყოფა, ხოლო სტადიონთან მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მასსა და მ. ზ-შვილს შორის თანაბარწილად გაყოფა. მოსარჩელე სარჩელის მოთხოვნას აფუძნებდა მასზე, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ქონება ანდერძით მთლიანად მიიღო მისმა დედინაცვალმა მ. ზ-შვილმა, რომელმაც სახლი და ეზოს ნაწილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 29 იანვრის განჩინებით, მორიგების საფუძველზე, 700 დოლარად დაუთმო ზ. ზ-შვილს. ვინაიდან ამ სასამართლო პროცესზე მას მონაწილეობა არ მიუღია, შეილახა მისი უფლებები.
მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს იმ მოტივით, რომ ქონების გაყოფის საკითხი მათ შორის მოგვარებული იყო სასამართლოს მიერ 1998 წელს მიღებული კანონიერ ძალაში შესული განჩინებით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ზ-შვილის სარჩელი, სტადიონთან არსებული მიწის ნაკვეთის გაყოფის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ხოლო საკარმიდამო ნაკვეთის სარგებლობის პრინციპი განსაზღვრულ იქნა გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 29 იანვარს მიღებულ კანონიერ ძალაში შესული განჩინების შესაბამისად.
ა. ზ-შვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე 2000 წლის 27 ივნისს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც თავისი განჩინებით გააუქმა ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს იმ მოტივით, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
ზ. ზ-შვილმა და მ. ზ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა, არ დაასაბუთა თავისი განჩინება რაიონულ სასამართლოს გადაწყვეილების გაუქმების და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. ამასთან მიუთითეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გაყოფასთან დაკავშირებით არსებობს გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის იანვრის განჩინება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და მითითებულ ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დაუშვებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ საჩივრები საფუძვლიანია, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძვლად მიუთითა ის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებული იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტიოლება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მართალია, მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, მაგრამ არ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა მისი დაუსაბუთებულობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მარტოოდენ იმის მითითება, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემოწმდეს თვით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანობა.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, თვითონ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, უტყუარად უნდა დაადგინოს მოცემულ საქმეზე დავის საგნის მოცულობა, ფასი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თვითონ გადაწყვეიტოს იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზ. ზ-შვილის და მ. ზ-შვილის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.