საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №865აპ-25 2 თებერვალი, 2026 წელი
ფ. ბ., №865აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ფ. ბ–ს ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
1.2. ფ. ბ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ნასამართლევმა ფ. ბ–მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2024 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით, 06:00 საათზე, ბ–ში, ..... ქუჩის №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის №... ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. გ–ს. კერძოდ, ძლიერად ურტყამდა ხელებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც თ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ნასამართლევმა ფ. ბ–მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2024 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის №... ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. გ–ს. კერძოდ, ძლიერად ურტყამდა მუშტებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც თ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის ნასამართლევი ფ. ბ–ი, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2024 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის №... ბინაში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. გ–ს. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გადააგდებდა აივნიდან, რაც, თ. გ–მა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენით, ფ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ. ბ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანი ბორჩაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ფ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ანი ბორჩაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ფ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. მართალია, წარდგენილ ბრალდებებში ფ. ბ–მა არსებითი განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა გასათვალისწინებელია წინასასამართლო სხდომაზე მისი საპირისპირო განმარტება.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. ბ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – თ. გ–მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის – ფ. ბ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნულ პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მისი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
4.4. მოცემულ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო დაზარალებულის სატელეფონო შეტყობინებით, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მეუღლემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები, რომელთა გამოკითხვის ოქმები, სხვა ცალკეულ მტკიცებულებებთან ერთად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეებმა პრეიუდიციად მიიჩნიეს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები დაზარალებულზე ფიზიკურ ძალადობას ანდა მის მიმართ მუქარას არ შესწრებიან; დამნაშავის შესახებ მათ დაზარალებულმა უამბო, რის გამოც, მათ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია ირიბია. ამგვარი მონაცემების გამოყენება კი, ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.5. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, თ. გ–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაკაწრი, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მას ფიზიკური დაზიანებები ფ. ბ–მა მიაყენა.
4.6. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, რომელშიც მითითებულია ფ. ბ–ის მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ, არასაკმარისია ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.7. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ფ. ბ–ი ძალადობდა თუ არა მეუღლეზე და ასევე – დაემუქრა თუ არა მას. შესაბამისად, სასამართლო აღარ განიხილავს დანაშაულის სუბიექტურ ელემენტს, რომელიც უკავშირდება ძალადობის შედეგად განცდილი ტკივილისა და მუქარის საფუძველზე მისი აღსრულების რეალური შიშის დადასტურებას. რაც შეეხება წინასასამართლო სხდომაზე ბრალის აღიარებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია აღიაროს ან უარყოს დანაშაულის ჩადენა. ამ უფლებით სარგებლობა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განაჩენი ფ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე