¹3კ693-01 19 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს ,,კ-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მასსა და სს “ფ-ას” შორის 1996 წლის 15 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ხორბლის მიყიდვის შესახებ, ხოლო იმავე დღეს დაიდო ხელშეკრულება ¹6, რომლის შესაბამისად კახეთის პურის მიერ “ფ-ში” შესანახად შეტანილ იქნა ხორბალი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხორბლის ღირებულებიდან დაიფარა 1 755 499 ლარი, ხოლო მოპასუხის დავალიანებამ 1998 წლის 1 ივნისისათვის შეადგინა 588 836 ლარი. A
აღნიშნულიდან გამომდინარე სს ,,კ-მა” მოპასუხისაგან მოითხოვა ზემოაღნიშნული დავალიანებისა და მიყენებული ზიანის, კერძოდ, 536 584 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
1998 წლის 5 აგვისტოს ქ. ფოთის სასამართლომ დააკმაყოფილა სს “კ-ის” სარჩელი და სს “ფ-ას” გადასახდელად დააკისრა ძირითადი ვალის 588 836 ლარის და ვალის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის 536 584 ლარის გადახდა. დაკისრებულმა თანხამ მთლიანად შეადგინა 1 125 420 ლარი.
1999 წლის 26 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით ნაწილობრივ გაუქმდა ქ. ფოთის სასამართლოს 1998 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა აღნიშნული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ძირითად დავალიანებას შეეხებოდა, ხოლო ზარალის ანაზღაურების ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1999 წლის 29 ოქტომბერს.
სს “ფ-ამ” ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა საკრედიტო ხელშეკრულებისა და ხორბლის მიღების დოკუმენტების ასლები, ასევე, წარმოდგენილი იქნა სს “კ-ის” მიერ “თ-ში” მის ანგარიშზე თანხების მოძრაობის ამონაწერი. განცხადების ავტორის აზრით, აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ცნობილი, რომ ყოფილიყო საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, არ მიიღებდა გადაწყვეტილებას მათზე ვალის დაკისრების შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს “ფ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. გაუქმდა ქ. ფოთის სასამართლოს 1998 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება სს “ფ-ისათვის“ ძირითადი დავალიანების 588 836 ლარის დაკისრების ნაწილში და განახლდა საქმის წარმოება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იყო საფუძვლიანი, რადგან ფოთის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს არ ყოფილა წარმოდგენილი კაჭრეთის “პ-სა” და “გ-ს” შორის 1998 წლის 28 ივლისს დადებული ხელშეკრულება. კოლეგიის აზრით, ხელშეკრულება, რომ თავის დროზე ყოფილიყო ცნობილი სასამართლოსათვის, შესაძლოა მიეღო სხვა შინაარსის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხორბლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასი არ შეესაბამებოდა “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მოთხოვნებს. კოლეგიის აზრით, თუ მხარეების მიერ დაცული იქნებოდა კანონის მოთხოვნა და ხელშეკრულების საგნის ფასი განისაზღვრებოდა 1 ტონა ხორბალზე 220 აშშ დოლარის შესაბამისად, როგორც კანონით იყო დადგენილი, მაშინ “ფ-ას” უნდა გადაეხადა ხორბალში 233 470 აშშ დოლარით ნაკლები.
ამასთან, სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სს “ფ-ის” მიერ წარდგენილი სარჩელი იყო უსაფუძვლო იმის გამო, რომ 1996 წლის 16 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული ¹5 ხელშეკრულების საფუძველზე სს “ფ-ამ” სრულად დაფარა ხორბლის ღირებულება 1 755 475 ლარი, ხოლო რაც შეეხებოდა 1996 წლის 16 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებულ ¹6 ხელშეკრულების საფუძველზე შესანახად მიღებულ 3 364 850 კგ. ხორბალს, თვით მოსარჩელის მითითებით სხვადასხვა ორგანიზაციაზე გაიცა პროდუქციის ნაწილი, ხოლო ნაწილი 2 165 000 კგ. წერილობითი ხელშეკრულების გარეშე შეიძინა მოპასუხემ.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ შესანახად შეტანილი ხორბლის განკარგვას აწარმოებდა მოსარჩელე და ხორბლის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ მხარეთა შეთანხმებით ხორბლის ღირებულება თითოეული მომხმარებლიდან პირდაპირ ერიცხებოდა მოსარჩელეს. სს “ფ-ას” არ შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა ხორბლის ღირებულების გადახდაზე, ამიტომ ურთიერთობა ხორბლის ღირებულების დავალიანების შესახებ უნდა გადაწყვეტილიყო სს “კ-სა” და თითოეულ საწარმოს შორის.
კოლეგიის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან მისი აზრით, მიუხედავად მხარეებს შორის არსებული მრავალი საპრეტენზიო წერილისა და გადასახდელი თანხის ერთობლივი გაანგარიშებისა, ეს მოქმედებები ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩათვლილიყო და ხანდაზმულობის დინებას ვერ შეწყვეტდა თანახმად სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლისა.
სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ¹5 ხელშეკრულების შესაბამისად, მოთხოვნის უფლება წარმოიშვა ხელშეკრულებაში მითითებული 45 დღის გასვლის შემდეგ, ხოლო მეორე ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის გადახდის მოვალეობა წარმოიშვა მოსარჩელის მოთხოვნისთანავე, 1997 წლის 7 მარტიდან. ვინაიდან, მოსარჩელემ სასამართლოს 1998 წლის 25 ივნისს მიმართა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
სს ,,კ-მა” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. Kკასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. Kკასატორის აზრით, გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო საქმის წარმოების განახლებას არ წარმოადგენდა საქმის წარმოების განახლების კანონიერ საფუძველს. კასატორი მოითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას.ἁ
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებებზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევით არის მიღებული:
სასამართლომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დააკმაყოფილა შემდეგი მოტივებით: ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1996 წლის 28 ივლისს კაჭრეთის “პ-სა” და უცხოურ ფირმა “გ-ს” შორის წარმოდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოს დავალებით, მაშინ, როცა განიხილებოდა საქმე ზარალის ანაზღაურების ნაწილში და მხოლოდ მაშინ გაუჩნდა მოპასუხეს შესაძლებლობა მიეთითებინა კონტრაქტზე როგორც ახალ მტკიცებულებაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სს “ფ-ას”, თუ მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა სს “კ-ის” მიერ ხორბლის შესასყიდი ფასები, უფლება ჰქონდა მოეთხოვა იმ დოკუმენტების გამოთხოვა, რომელშიც ასახულია ეს ფასები. ვინაიდან, მას ამის თაობაზე არ მიუთითებია და ასეთი დოკუმენტების გამოთხოვა არ მოუთხოვია, ითვლება, რომ მან თავისი ბრალით არ მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ახლად აღმოჩენილად მიაჩნია.
აღნიშნულის გამო, გარემოებები, რომელზეც სს “ფ-ა” მიუთითებს, ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილად.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულება ახალ გარემოებად და მტკიცებულებად მხოლოდ მას შემდეგ გახდა, როცა საოლქო სასამართლომ იმ საქმეზე, რომელზეც ეს ხელშეკრულება იყო წარმოდგენილი მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნას, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
კანონმდებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაწყების რაიმე დამატებით პირობას არ აწესებს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული კოლეგიის აღნიშნული მოსაზრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ მიიღო და დასაშვებად მიიჩნია განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, როცა გასული იყო ასეთი განცხადების შეტანის ვადა. ამასთან, კოლეგიამ კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე განაახლა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია ისეთი გარემოებები, რომელიც არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
აღნიშნულის გამო, მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლოა მსჯელობა დავის არსებით მხარეზე, მოთხოვნის არსებობის საფუძვლებსა და ხანდაზმულობის ვადაზე.
თუ განჩინება, რომელიც საფუძვლად დაედო საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, კანონის დარღვევით, ახლად აღმოჩენილი გარემოებების არარსებობის პირობებში და განცხადების დასაშვებობის პრინციპების დარღვევით არის მიღებული, გადაწყვეტილება, რომელიც საქმის ხელახალი განხილვის შედეგად იქნება მიღებული უკანონოდ უნდა ჩაითვალოს და გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სააქციო საზოგადოება “კ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, ამავე კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრისა და 24 ივლისის განჩინებები და სს “ფ-ას” უარი ეთქვას ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებაზე.
ქ. ფოთის სასამართლოს 1998 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება სს “კ-ის” სასარგებლოდ სს “ფ-ისათვის” ძირითადი დავალიანების 588836 ლარის დაკისრების ნაწილში, მიექცეს აღსასრულებლად.
სს “ფ-ას” სს “კ-ის” სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.