Facebook Twitter

¹ 3კ/697-01 26 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ქ. გაბელაია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ძის განცხადება საკასაციო წარმოების განახლების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. მ-ძე მუშაობდა ზუგდიდის სააქციო საზოგადოება “მ.-ში” ეკონომიკური სამსახურის უფროსად. საზოგადოების დირექტორის 1998 წლის 14.07 ¹13 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” პუნქტის საფუძველზე.

მ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 დეკემბერს და მოითხოვა თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სააქციო საზოგადოება “მ.-ის” დირექტორ ზ. გ-ავაზე 3000 ლარის დაკისრება მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.

ზუგდიდის სასამართლოს 1998 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. მ-ძე აღდგენილ იქნა ზუგდიდის სააქციო საზოგადოება “მ.-ის” ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა მ.მ-ძის სასარგებლოდ 5 თვისა და 10 დღის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება საშტატო განაკვეთის ოდენობით. უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.

ზუგდიდის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმეზე საკასაციო წარმოება შეჩერდა, 1964 წლიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12, 221-ე მუხლების შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ მ. მ-ძის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ ზუგდიდის რაიონის პროკურატურის მიერ მის მიმართ შეწყვეტილია სისხლის სამართლის საქმის წარმოება სსსკ-ის 28-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის არარსებობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდესის (რომელიც ამოქმედდა 1999 წლის 15 მაისიდან) 436-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1999 წლის 15 მაისამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შესულა კანონიერ ძალაში, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

ამავე კოდექსის 435-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამათლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებდა საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარი, რომელიც ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე იქნა შემოტანილი ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ განიხილება, როგორც სააპელაციო საჩივარი და უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო წესით განსახილველად ქვემდებარეობისამებრ.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 435-ე, 283-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. განახლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 16 თებერვლის ¹ 30 განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება და მ. მ-ძისა და სააქციო საზოგადოება “მ.-ის” საკასაციო საჩივრები განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას სააპელაციო წესით განსახილველად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.