Facebook Twitter

¹3კ-698 17 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: _ პირგასამტეხლოსა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

საქველმოქმედო ასოციაცია “გ-მ” სარჩელი აღძრა შპს “ს-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა პირგასამტეხლოს _ 7 720 ლარისა და არაქონებრივი ზიანის _ 5 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება ამასთან, მორალური ზიანისათვის _ 5000 აშშ დოლარი შემდეგი საფუძვლით: მხარეებს შორის 1999 წლის 7 ივნისს დაიდო ორგტექნიკის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის 2.1. მუხლით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა სახელშეკრულებო ფასის (10293 ლარი) 0,5% ყოველი დღისათვის დარღვევის გამოსწორებამდე. მოპასუხემ მიწოდებული ორგტექნიკის ტექნიკური ხარვეზი არ გამოასწორა 150 დღის განმავლობაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს “ს-ს” საქველმოქმედო ასოციაცია “გ-ას” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო _ 7 720 ლარის ოდენობით; ასევე დაეკისრა არაქონებრივი ზიანი _ 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ხოლო სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეზე ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ 417-ე მუხლი, ხოლო არაქონებრივი ზიანის დაკისრების ნაწილში _ სსკ 413-ე მუხლის პირველი ნაწილი და 414-ე მუხლი.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ 417-ე და 413-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევაზე (საკასაციო პრეტენზია).

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი:

შპს “ს-სა” და საქველმოქმედო ასოციაცია “გ-ას” შორის 1999 წლის 7 ივნისს დაიდო ორგტექნიკის მიწოდების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას დაკისრებული სამუშაო შეესრულებინა მაღალპროფესიულ დონეზე, მიეწოდებინა ორგტექნიკა ისეთი ხარისხისა და დონის, როგორც დამკვეთი მოთხოვდა (ხელშეკრულების დანართი ¹ 1), ამასთან, უნდა დაეცვა მოწოდების ვადები. შპს-მ იცოდა, რომ საქველმოქმედო ასოციაცია “გ-სა” და ფონდ “ღია საზოგადოებამ _ საქართველოს” (ორგტექნიკის მყიდველი) შორის 1999 წლის 2 მარტს დადებული ხელშეკრულებით პროექტით გათვალისწინებული თრეირინგის კურსი უნდა დაწყებულიყო 1999 წლის 1 სექტემბერს; მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო ორგტექნიკის საქველმოქმედო ასოციაცია “გ-ასათვის” დროზე მიწოდება, ამასთან, ვერ მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო ტექნიკა.

პალატა თვლის, რომ სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო არაქონებრივი ზიანის ნაწილში უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართვლეოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისავთის. ამავე კოდექსის 418 (2) მუხლის მოთხოვნის შესაბამისად მხარეთა შორის პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება წერილობითი ფორმითაა დადებული (ხელშეკრულების 2.1. მუხლი). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია მოვალის მიერ ხელშეკრულებას არაჯეროვანი შესრულება. ასევე, დადგენილია, რომ მოვალემ 150 დღის განმავლობაში არ გამოასწორა ნივთობრივი ნაკლი, ხოლო ხელშერკულებით შპს “ს-მ” იკისრა მის მიერ არაჯეროვანი შესრულების (დარღვევის) გამოსწორებამდე ყოველ დღეზე 10293 ლარის 0,5%, (სულ 150 დღეზე _ 7 720 ლარი) გადახდა. ამდენად, სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის მოთხოვნას, იგი უსაფუძვლოა, რადგან სსკ 413 (1) მუხლით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი კი ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების მოვალეობას არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ კი სარჩელის დაკმაყოფილებისას სსკ 413-ე მუხლი არასწორად განმარტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს “ს-ის” წარმომადგენლის ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საქველმოქმედო ასოციაცია “გ-ას” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

შპს “ს-ს” საქველმოქმედო ასოციაცია “გ-ას” სასარგებლოდ დაეკისროს 7 720 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.