Facebook Twitter

3კ/698-01 17 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი სარჩელში: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა და ბინიდან გამოსახლება.

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ნასყიდობის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 13 ივლისს ნ. კ-შვილსა და გ. ჯ-იას შორის დაიდო ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ. კ-შვილმა შეიძინა ქ. რუსთავში ..... მდებარე სამოთახიანი ბინა. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ დ. ხ-შვილი, მისი მეუღლე ქ. ა-ია და მათი შვილები. ნ. კ-შვილმა სარჩელით მიმართა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საკუთარი ბინის მოპასუხეების დ. ხ-შვილისა და ქ. ა-იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა იმ საფუძვლით, რომ მას არ ეძლევა საკუთრებით სარგებლობის საშუალება.

დ. ხ-შვილმა და ქ. ა-იამ მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით; მათ მოითხოვეს 1997 წლის 7 ივლისის და 2000 წლის 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ეს ხელშეკრულებები დადებული იყო მოტყუებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა. დ. ხ-შვილი, ქ. ა-ია და მათი შვილები გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული ბინიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ხ-შვილმა და ქ. ა-იამ. მათ აღნიშნეს, რომ სადავო ბინა შეიძინეს ყოფილი მესაკუთრეებისაგან მ-ძეებისაგან 35000 აშშ დოლარად. თანხის ნაწილი 1000 აშშ დოლარი, ისესხეს მოსარჩელე ნ. კ-შვილისაგან 15 პროცენტად. სესხის დაბრუნების გარანტიად კ-შვილმა მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება თავის სანდო პირთან გ. ჯ-იასთან. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული გარიგება დადების მომენტიდანვე თვალთმაქცური იყო, რადგან ის მიზნად ისახავდა სხვა გარიგების დაფარვას.

აპელანტები თვლიან, რომ აღნიშნული გარიგებები მოჩვენებითია, რაც ბათილად ცნობის საფუძველია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ხ-შვილისა და ქ. ა-იას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა შეგებებული სარჩელის შესახებ და არ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

ნ. კ-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მაგრამ არ მიუთითა რა ნაწილში დაკმაყოფილდა და რა ნაწილში ეთქვა უარი აპელანტს; სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები; სააპელაციო პალატას შეეძლო თვით ემსჯელა შეგებებულ სარჩელზე და მიეღო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. კ-შვილმა მოითხოვა რუსთავში, ... ბინის მოპასუხეების დ. ხ-შვილისა და ქ. ა-იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა იმ საფუძვლით, რომ მან აღნიშნული ბინა 2000 წლის 13 ივლისს შეიძინა გ. ჯ-იასაგან და არ ეძლევა საკუთრებით სარგებლობის საშუალება.

მოპასუხეებმა, შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ა. მ-ძესა და გ. ჯ-იას შორის 1997 წლის 7 ივლისს და გ. ჯ-იასა და ნ. კ-შვილს შორის 2000 წლის 13 ივლისს გაფორმებული ქ. რუსთავში, ... მდებარე სამოთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ გარიგებას; სინამდვილეში დაიდო სესხის და არა საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება;

საქმის მასალებით შეგებებული სარჩელი წარმოებაში მიღებული არ არის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი არ განხილულა; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც შესაბამისად არ შეიცავს დასკვნას მხარის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

პალატის აზრით, ვინაიდან შეგებებული სარჩელის განხილვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, ვინაიდან გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “დ” პუნქტზე. პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სიტყვიერად სწორადაა მითითებული გაუქმების იურიდიული საფუძველი, საქართველოს საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის ნაცვლად “დ” პუნქტის მითითება მექანიკურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.

პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილი იმპერატიულად არ უკრძალავს სასამართლოს საქმის გადაგზავნას პირველი ინსტანციის სასამართლოში, იგი მხოლოდ უფლებას აძლევს მას თავისი შეხედულებისამებრ თვითონ განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამართლებრივად დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი;

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.