Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით¡

¹ 3კ/699 12 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 28 ნოემბრიდან, სხვადასხვა დროს, ვ. ბ-ძემ რ. ნ-შვილისაგან ისესხა 900 აშშ დოლარი. 1999 წლის 5 ივლისის ხელწერილით ვ. ბ-ძემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა ვალი ერთი თვის ვადაში, თვეში 10% დარიცხვით. ვ. ბ-ძემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც რ. ნ-შვილმა 2000 წლის 14 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა ძირითადი ვალისა და დარიცხული პროცენტის, კერძოდ, 1840 აშშ დოლარის, დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი პროცენტის ნაწილში არ ცნო.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით რ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვ. ბ-ძეს რ. ნ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1656 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი და მიუთითა, რომ ეროვნული ბანკის მიერ სესხისათვის დადგენილი პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან გონივრულ შესაბამისობაშია 6% და ამის გათვალისწინებით გამოიანგარიშა პროცენტის ოდენობა.

ვ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მხოლოდ ძირითადი ვალის დაკისრებას. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, რომლის თანახმადაც პროცენტის შესახებ მათ მიერ დადებული შეთანხმება ბათილია. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ეროვნული ბანკის მიერ სესხისათვის დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.

1999 წელს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონზე დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა 30 დღიან სესხებზე შეადგენდა წლიურ 34%, ანუ ყოველთვიურ 2,83%. სასამართლომ კი ვ. ბ-ძეს გადასახდელად დააკისრა ყოველთვიური 6%, რაც ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი პროცენტის ორმაგ ოდენობას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ 6% არ არის გონივრულ შესაბამისობაში ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს.

პალატა თვლის, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ვ. ბ-ძეს გადასახდელად უნდა დაეკისროს 900 აშშ დოლარის 2,83%, რაც 14 თვეზე შეადგენს 356,58 აშშ დოლარს. სულ, ძირითად ვალთან ერთად, შეადგენს (900 აშშ დოლარს + 356,58 აშშ დოლარი) 1257 აშშ დოლარს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ვ. ბ-ძეს რ. ნ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს 1 257 (ათას ორას ორმოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარის გადახდა.

ვ. ბ-ძე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.