¹ 3კ/700-01 29 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. თ-ძე 1996 წლიდან მუშაობდა სს “ბ.-ში” ოფსეტური ბეჭდვის საამქროს უფროსად. 2000 წლის 1 თებერვალს მას და სს “ბ.-ის” ადმინისტრაციას შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება 2 თვის ვადით, რომელიც მოგვიანებით გაგრძელდა ჯერ 1 მაისამდე, ხოლო შემდგომში - 2 ნოემბრამდე. 9 ივნისის ბრძანებით თ. თ-ძე გაშვებულ იქნა უხელფასო შვებულებაში 2000 წლის 12 ივნისიდან 12 სექტემბრამდე, 2000 წლის 2 სექტემბრის ბრძანებით უხელფასო შვებულების ვადა გაუგრძელდა 1 ნოემბრამდე. 2000 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით საქართველოს შრომის კანონის კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად თ. თ-ძესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კონტრაქტით დაწესებული ვადის გასვლის გამო.
თ. თ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში “ბ.-ის” მიმართ და მოითხოვა 2000 წლის 1 თებერვლის, 2 მაისის ვადიანი კონტრაქტების, კომბინატის ადმინისტრაციის 2000 წლის 30 ოქტომბრის სამუშაოდან განთავისუფლების ¹ 43 ბრბანების გაუქმების შესახებ და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა უვადო ხელშეკრულებით მომუშავედ შემდეგი საფუძვლით: მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი ვადიან კორტრაქტზე, ხოლო სამუშაოდან განთავისუფლებისას იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას ვადიან კონტრაქტზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი. ფაქტობრივად, სს-ში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ შემოიღო ვადიანი კონტრაქტების სისტემა და თითოეულ მუშაკთან გააფორმა ამგვარი კონტრაქტი. მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა არა ადმინისტრაციის ინიციატივით, არამედ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო შრომის კანონით კოდექსის 30-ე მუხლით, რომელიც არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე მყოფი მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თ. თ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: განჩიება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი სს “ბ.-ის” ადმინისტრაციამ 2000 წლის 1 თებერვალს მას მოტყუებით დაადებინა ვადიანი შრომითი-ხელშეკრულება იმ პირობით, რომ იგი მხოლოდ ფორმალურად გახდებოდა ვადიანი მუშაკი, ფაქტობრივად კი დარჩებოდა უვადო ხელშეკრულებით მომუშავედ, ამიტომ კასატორი მიიჩნევს, რომ მასზე უნდა გავრცელდეს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლი, რომლის მიხედვით დაუშვებელია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუკი მუშაკი იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე, რის გამოც მისი განთავისუფლება უკანონოა და იგი აღდგენილ უნდა იქნეს პირვანდელ თანამდებობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ თ. თ-ძის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000 წლის 1 თებერვალს სს “ბ.-ის” ადმინისტრაციასა და თ. თ-ძეს შორის დაიდო ვადიანი კონტრაქტი. კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა. საბოლოოდ, 2000 წლის 30 ოქტომბერს, ¹43 ბრძანებით კონტრაქტი შეწყდა სახელშეკრულებო ვადის გასვლის გამო. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას ვადიანი ხელშეკრულება გაუფორმეს მოტყუებით: ფაქტობრივად სს-ში საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა მოხდა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ვადიან კონტრაქტზე გადასვლა თ. თ-ძისათვის ცნობილი იყო, რაც დადასტურებულია კონტრაქტზე მისი ხელმოწერით. შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის მესამე პუნქტის და ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად განსაზღვრული ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება წყდება სახელშეკრულებო ვადის გასვლის გამო. იგი არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას მუშაკის შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რის გამოც კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მისი განთავისუფლება უკანონოა, რადგან აღნიშნულ დროს იგი საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა, უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დარჩეს უცვლელი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.