საქმე N 190100124009623391
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№945აპ-25 ქ. თბილისი
ი. ტ., 945აპ-25 9 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ტ. ი-ს, – დაბადებულს .., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2024 წლის 13 ივნისს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ... მდებარე სახლის საძინებელ ოთახში, ალკოჰოლის დალევასთან დაკავშირებული შენიშვნით განაწყენებულმა ტ. ი-მ, მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ლოყაში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – რ. გ-ს – მიმართ. ტ. ი-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად, რ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2024 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 11:51 საათზე, ავტომანქანასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, ტ. ი. აპლიკაცია „ვოთსაფის“ გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა .. მიმდებარედ მყოფ მეუღლეს – რ. გ-ს, რომელსაც უთხრა, რომ ავტომანქანას აღარ შეხებოდა, თორემ მოკლავდა მასაც და მის შვილებსაც. ტ. ი-ს მუქარა რამიდა გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ტ. ი-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განაჩენით ტ. ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ტ. ი-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ტ. ი-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და, შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, დაზარალებულ რ. გ-ს მამხილებელი ჩვენებით, დაზარალებულის ტელეფონის დათვალიერების ოქმით, მოწმე ს. მ-ს ჩვენებით, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დგინდება ტ. ი-ს ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ რ. გ-ს ჩვენების საპირისპიროდ, ტ. ი-მ განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თითქოსდა, მეუღლეზე ძალადობდა, იგი საერთოდ არ ყოფილა დაზარალებულთან ერთად, რასაც ცხადყოფს ტ. ი-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ 2024 წლის 13 ივნისს, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, სწორედ დაზარალებულის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს, ტ. ი. მართლაც არ ყოფილა შინ და რ. გ-სთან ჰქონდა მხოლოდ სატელეფონო კავშირი. იმავდროულად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ დაზარალებულზე შესაძლო ძალადობის კვალდაკვალ, დანაშაულის ჩადენისა და მომდევნო დღეს, რ. გ. ტ. ი-თან პირად საუბარში საერთოდ არ ახსენებს მის მიმართ ძალადობას, არამედ – ტ. ი-ს მოიხსენიებს, როგორც მის საყვარელ ადამიანს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, მათ შორის, დაზარალებულის მიმართ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით – ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულ ტ. ი-ს სასარგებლოდ.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე