Facebook Twitter

საქმე N 330100122006665980

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№962აპ-25 ქ. თბილისი

მ. ა., 962აპ-25 17 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ა. მ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ჯარიმა – 10000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ჯარიმა – 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვრა – ჯარიმა 10000 ლარი.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. მ-მ ჩაიდინა: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 7 აპრილს, შუადღეს, ... მიმდებარედ, ა. მ-მ ფიზიკურად იძალადა ლ. ჯ-ს მიმართ, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა სახის მარცხენა არეში, რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 7 აპრილს, შუადღეს, თბილისში, .. მიმდებარედ, ა. მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ჯ-ს, კერძოდ, მუშტების ქნევისას უთხრა, რომ „ჩააკლავდა“. ლ. ჯ-მ ა. მ-ს აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ზ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლ.დ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ზ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. მ-ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი მსჯავრდება, რომელიც არ ეფუძნება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას – უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორის მითითებით, 2022 წლის 7 აპრილიდან 5 სექტემბრამდე ანუ, 5 თვის განმავლობაში, დაზარალებული ლ. ჯ., დაახლოებით, 6-ჯერ შეხვდა გამომძიებელს, ასევე – ექსპერტს და არსად უხსენებია მუქარის ფაქტი; ამასთან დაკავშირებით ასევე არაფერი მიუთითებია 2022 წლის 8 აპრილს გამოკითხულ – ა. ი-ს, რომელმაც ლ. ჯ-ს აბსტრაქტული ჩვენება გაიმეორა; დაზარალებულს არც სამედიცინო ექსპერტთან გასაუბრებისას უთქვამს რამე მუქარის თაობაზე, სასამართლოში კი განმარტა, რომ მსჯავრდებულმა უთხრა, მაგ ლამაზ სახეს დაგიმახინჯებო, რაც მანამდე არსად უხსენებია; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაუდგინა უმნიშვნელო, მსუბუქი დაზიანება მარცხენა ყვრმალზე, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება დაზიანებასთან დაკავშირებით, ლ. ჯ-ს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს, ჯერ ლოყასთან, ხოლო შემდეგ – ყურთან მიმართებით; ექსპერტის თქმით, დაზარალებულს მუშტი რომ მოხვედროდა, უფრო მძიმე დაზიანება გამოუვლინდებოდა; დაცვის მხარის მიერ ჩატარებული, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ექსპერტიზითა და ნეიტრალური მოწმის – დ. ა-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ა. მ-ს არ დაურტყამს ლ. ჯ-სათვის, არამედ – თავს იცავდა და ცდილობდა, შეეჩერებინა დაზარალებულის აგრესია, რომელსაც, თავის მხრივ, შემთხვევის შემდეგ, არც რაიმე დაზიანება აღენიშნებოდა და არც მსჯავრდებულის მიმართ ჰქონდა პრეტენზია.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და ა. მ-ს დაუსაბუთებლად და უკანონოდ დასდო მსჯავრი, რამეთუ განაჩენში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა მისი ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. კერძოდ: დაზარალებულ ლ. ჯ-ს ჩვენება – რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გაბრაზებული ა. მ. მიეჭრა კუთვნილ ავტომანქანაში მყოფს, აგინებდა და ემუქრებოდა, იმავდროულად, ფეხი მიარტყა მის ავტომანქანას, ხოლო – მოქნეული მუშტი მოხვედრა სახის მარცხენა არეში, რის გამოც იყო შეშინებული და სტკიოდა სახისა და ყურის არე – თანხვდენილია და დასტურდება არა მარტო მოწმე ა. ი-ს ჩვენებით, რომელსაც შემთხვევიდან მალევე, მყისიერი შეხება ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რომელიც მომხდარის გამო, იყო აღელვებული, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება და ა. მ-ს ამხელდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, არამედ ასევე – შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამოდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომლის შინაარსი ცხადყოფს, როგორ იძალადა ფიზიკურად აგრესიულად განწყობილმა მსჯავრდებულმა დაზარალებულ ლ. ჯ-ზე, რომლის კვალდაკვალ, დაცვის მხარის მიერ ამ ვიდეოჩანაწერის იმგვარად ინტერპრეტირებას, თითქოსდა, პირიქით – საკუთარ ავტომანქანაში მყოფი დაზარალებული დაესხა თავს მსჯავრდებულს, რომელიც, თავის მხრივ, ხელებისა და ფეხების ქვნევით ცდილობდა თავი დაეცვა, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, არასარწმუნო და არადამაჯერებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, კანონიერი და დასაბუთებულია და, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე