Facebook Twitter

საქმე N 010100120004233500

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№963აპ-25 ქ. თბილისი

ზ. რ., 963აპ-25 9 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ზ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2020 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით, 17:30 საათზე, ... ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რ. ზ-მ სახის არეში ხელის დარტყმით, ყელში ხელების მოჭერითა და თმის მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დისშვილს – წინასწარი შეცნობით ორსულ ლ. ზ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. რ. ზ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის განაჩენით, რ. ზ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5500 ლარი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოდ დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ზ-მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა, ისევე, როგორც – წინასწარი შეცნობით, ორსულ ქალზე ძალადობა.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, რ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას, რ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ, ერთი მხრივ, არასწორად შეაფასა მსჯავრდებულის ქმედება, ხოლო, მეორე მხრივ, მსუბუქი სასჯელი შეუფარდა მას. კასატორის მითითებით, დაზარალებულმა – ლ. ზ-მ, დაადასტურა, რომ ბიძამისისათვის იმთავითვე ცნობილი იყო მისი ორსულობის თაობაზე, ამასთან, ძალადობისასაც ეუბნებოდა რ. ზ-ს, რომ იყო ფეხმძიმედ. იმავდროულად, მას შემდეგ, რაც მ. გ-საგანაც გახდა მსჯავრდებულისათვის ცნობილი დისშვილის ორსულობის ფაქტი, რ. ზ-მ ხ. ბ-ს თანდასწრებით, კვლავ მოქაჩა თმა დაზარალებულს. რაც შეეხება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას, ბრალდების მხარე უთითებს შემაკავებელ ორდერზე, რომელიც გამოცემულია რ. ზ-ს მიმართ ოჯახის წევრზე შესაძლო ძალადობის გამო. გარდა ამისა, პროკურორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული ჯარიმა არის მსუბუქი სასჯელი და, დაზარალებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც მის მიმართ აქვს პრეტენზია, ითხოვს მის დამძიმებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთით შეცვლას, რაც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, რამდენადაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ლ. ზ-ზე ძალადობისას, რ. ზ-ს წინასწარ ჰქონდა შეცნობილი მისი ორსულობის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ დადგინდა, რომ რ. და ლ. ზ-ები მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთდა ოჯახური დანაშაულის შემადგენლობას, კერძოდ:

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

12. კასატორის მიერ დავის საგნად ქცეულ საკითხთან მიმართებით – ეწეოდნენ თუ არა მსჯავრდებული რ. ზ. და დაზარალებული ლ. ზ. ერთიან საოჯახო მეურნეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ითვლებოდნენ თუ არა ისინი ოჯახის წევრებად – საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 133​2-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144​3-ე, 149-ე−151​1-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე და 381​2-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამავე, მე-111 მუხლის შენიშვნით განსაზღვრულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ითვლებიან, პირები, რომლებიც, მათ შორის, მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდა რ. ზ-ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც დაზარალებულ ლ. ზ-ს ჩვენებით არ დგინდება, რომ ის და მსჯავრდებული ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ისინი არ ითვლებიან ოჯახის წევრებად.

14. წინასწარი შეცნობით ორსულ ქალზე ძალადობასთან მიმართებით, რასაც ბრალდების შესახებ დადენილების მიხედვით, ასევე ედავებოდა ბრალდების მხარე რ. ზ-ს, სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების კვალდაკვალ, საყურადღებოა მოწმე მ. გ-ს ჩვენება, რომ ზ-ების სახლში ხმაურის გამო შესულმა მეზობლებმა, რ. ზ-ს მოუწოდეს, თავი დაენებებინა დისშვილისათვის, რომელიც იყო ორსულად, რაც, მოწმის თქმით, მსჯავრდებულმა გაიკვირვა. ამდენად, ცხადია, რომ დანაშაულის ჩადენამდე რ. ზ-ს შეცნობილი არ ჰქონია მისი დისშვილის ორსულობის ფაქტი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა მას შემდეგაც განაგრძო ლ. ზ-ზე ძალადობა, რაც გაიგო მისი ორსულობის თაობაზე, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში, აღსანიშნავია, რომ უტყუარად არ დადასტურებულა, რომ ის, რაც მოწმე ხ. ბ-მ დაინახა, კერძოდ, როგორ მოქაჩა თმა ლ. ზ-ს ბიძამისმა, ერთმნიშვნელოვნად მას შემდეგ მოხდა, რაც მსჯავრდებულისათვის მეზობლებისგან უკვე ცნობილი იყო დაზარალებული ქალის ორსულობის თაობაზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo –პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

16. სადავო სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

18. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რ. ზ-ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმის სახით, რომლის დამძიმებისა და თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გაცხადებულ სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ საფუძველთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

19. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე