გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/711 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის წარდგენისათვის გადაცილებული ვადის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის ღია ტიპის სს “შ.-კ.” და აღნიშნა, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა “ა.” (რომლის სამართალმემკვიდრე 1998 წლიდან სს “შ.-კ.”) სასარჩელო მოთხოვნები. აღნიშნული გადაწყვეტილებები გადაეგზავნა მოპასუხეს და დაკისრებული თანხა, როგორც გადაუხდელი, აღირიცხა რკინიგზის დეპარატამენტის საფინანსო და იურიდიულ განყოფილებებში.
Mმოსარჩელემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაიგზავნა მოპასუხე ორგანიზაციაში და გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელიც.
თანხის გადახდასთან დაკავშირებით 1998 წლის 15 სექტემბერს ს.ს. “შ.-კ.” დირექტორმა ბ-იანმა წერილით მიმართა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს, საიდანაც 1998 წლის 24 სექტემბერს მიიღო პასუხი, რომ რკინიგზის დეპარტამენტი, ვადის გასვლის გამო, უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდგენისათვის გადაცილებული ვადის აღდგენა.
1998 წლის 26 ნოემბერის განჩინებით დიდუბის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სს “შ.-კ.” სარჩელი, მოსარჩელეს აღუდგინა სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდგენის ვადა.
აღნიშნული განჩინება რკინიგზის დეპარტამენტმა მიიჩნია უკანონოდ და კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1998 წლის 29 იანვრის განჩინებით უცვლელად დატოვა გასაჩივრებული განჩინება.
1999 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა საზედამხედველო პროტესტი, გააუქმა ზემოთ აღნიშნული განჩინებები და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას სს “შ.-კ.” აღნიშნა, რომ 1993 წელს სამი წერილობითი კორესპონდენცია წარადგინა დიდუბის განყოფილების “მ.” და რკინიგზის განყოფილების “მ.”, მგარამ კორესპონდენციების წარდგენის დროისათვის, ზემოაღნიშნული ბანკების განმარტებით, რკინიგზის დეპარტამენტის ყველა ანგარიში გადასული იყო “ტ.”.
რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სს “შ.-კ.” სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განცხადებას იმის შესახებ, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ვალის დაფარვის მიზნით გაეგზავნა რკინიგზის დეპარტამენტს.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მოსარჩელე და სააპელაციო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ შესაბამისი შეფასება არ მისცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შემოიფარგლა.
აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2000 წლის 18 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა სს “შ.-კ.” სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნის ძირითადი არსი იყო სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდგენისათვის გადაცილებული ვადის აღდგენა, მაგრამ მთელი საქმის მსვლელობისას სს “შ.-კ.” ამტკიცებდა, რომ სააღსრულებო საბუთი წარდგენილ იქნა სათანადო წესით. ამდენად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ გაუგებრად მიიჩნია, აპელანტის მოთხოვნა სააღსრულებო საბუთის წარსადგენად ვადის აღდგენის თაობაზე, თუკი დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდათ სათანადო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საოლქო სასამართლოს განჩინებას არ დაეთანხმა სს “შ.-კ.”, მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო წესით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ის 393-ე და 105-ე მუხლის მოთხოვნები, არ მომხდარა მტკიცებულებათა გამოკვლევა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.
კასატორი ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდგენისათვის ვადის აღდგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოისმინა მხარეთა ახსნა-განამარტებები, შეისწავლა საქმის მასალებიEდა მივიდა დასკვნამდე, რომ ს.ს. “შ.-კ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა დავის საგანი და აპელანტის ძირითადი მოთხოვნა _ სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდეგისათვის გადაცილებული ვადის აღდგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მოითხოვდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გადაცილებული ვადის აღდგენას. მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მას საპატიო მიზეზით ჰქოდა ვადა გაშვებული. აღნიშნულის ნაცვლად მან წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც სურდა დაედასტურებინა, რომ სააღსრულებო საბუთი აღსასრულებლად იყო წარდგენილი.
მოსარჩელე საქმის მსვლელობისას ამტკიცებდა, რომ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა დადგენილი წესით რკინიგზის დეპარტამენტში, აგრეთვე, მიმართა მოპასუხის მომსახურე ბანკს, რომელთა მიერ ბრძანება არ შესრულებულა. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომ მას ვადა საპატიო მიზეზით ჰქოდა გაშვებული. A
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სომხეთის რესპუბლიკის ღია ტიპის სს “შ.-კ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.