Facebook Twitter

¹ 3კ/716-01 26 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის გზით.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 1 სექტემბერს ი. კ-ძისა და თ. ბ-ავას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი. კ-ძემ თ. ბ-ავას ასესხა 5200 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ... მდებარე თ. ბ-ავას ბინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხემ ვალი ვერ დააბრუნა. 2000 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებით ი. კ-ძემ, თ. ბ-ავას მონაწილეობით, დ. მ-ძეს დაუთმო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება.

2000 წლის 12 იანვარს დ. მ-ძესა და თ. ბ-ავას შორის დაიდო სესხის ახალი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დ. მ-ძემ თ. ბ-ავას ასესხა 2450 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 2% დარიცხვით. 2000 წლის 12 ივლისს მხარეთა შორის დაიდო კიდევ ერთი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 1300 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, სარგებლის გარეშე.

მოპასუხემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც დ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 9000 აშშ დოლარი დაბრუნება.

მოპასუხის წარმომადგენელმა ქ. კ-იამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ბინის გაყიდვის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ 5500 აშშ დოლარს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარის გადახდა, იპოთეკით დატვირთული ბინის საჯარო აუქციონზე იძულებითი წესით რეალიზაციის გზით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 აპრილის განჩინებით თ. ბ-ავას წარმომადგენლის ქ. კ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 9100 აშშ დოლარს (5200+2450+1300+3თვის პროცენტი 150 აშშ დოლარს). რადგან მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 9100 აშშ დოლარიდან 9000 აშშ დოლარამდე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 9000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 300-ე, 301-ე და 316-ე მუხლები.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის შემდეგი საფუძვლებით:

1. მოპასუხის ძირითად ვალს შეადგენდა 5500 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა სესხს დაემატა პროცენტის სახით. პროცენტის განაკვეთი არსად დაფიქსირებული არ ყოფილა, რის გამოც მიაჩნია, რომ 9000 აშშ დოლარის დაკისრება უსაფუძვლო იყო.

2. იპოთეკის ხელშეკრულებით ბინის დატვირთვისას საჭირო იყო მეუღლის თანხმობა, რადგან სადავო ბინა წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1160-ე და 1169-ე მუხლების მოთხოვნები და საქმეში მხარედ არ ჩართო მისი მეუღლე ქ. კ-ია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ 1999 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად ისესხა 5200 აშშ დოლარი, 2000 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებით 2450 აშშ დოლარი და 2000 წლის 12 ივლისის ხელეშკრულებით 1300 აშშ დოლარი, სულ 5200+2450+1300=8950 აშშ დოლარი. მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა ძირითადი ვალი და ასევე 50 აშშ დოლარი პროცენტი, სულ 9000 აშშ დოლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორის მიერ ვერ იქნა წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზია, რის გამოც პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისი ძირითადი ვალი შეადგენს მხოლოდ 5500 აშშ დოლარს.

სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული დაქორწინება.

დადგენილია, რომ ბინა, რომელიც დაიტვირთა იპოთეკით ირიცხება თ. ბ-ავას სახელზე. თ. ბ-ავას და ქ. კ-იას ქორწინება არ არის რეგისტრირებული მოქალაქეობრივი მდგმოარეობის რეგისტრაციის ორგანოში. ვინაიდან სკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, არარეგისტრირებული ქორწინება არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბინა არ შეიძლება ჩაითვალოს თ. ბ-ავას და ქ. კ-იას თანასაკუთრებად და შესაბამისად ბინის იპოთეკით დატვირთვისას არ იყო საჭირო ქ. კ-იას თანხმობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს ასევე, რომ თ. ბ-ავა სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის ქ. კ-იას მეშვეობით, რომელსაც არ მოუთხოვია საქმეში მხარედ ჩაბმა. მანვე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 5500 აშშ დოლარის ნაწილში, ე.ი. ცნო ის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიტვირთა ბინა იპოთეკით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს მითითებული კანონის დარღვევები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ-ავას წარმომადგენლის ქ. კ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.