Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/719 31 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი - ლ. ძ-ავას უკანონო მფლობელობიდან ბინის დაბრუნება; ნ. ვ-ინას სარჩელზე, ლ. ძ-ავას უკანონო მფლობელობისაგან ბინის დაბრუნების შესახებ, უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ვ-ინა ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ქ. ფოთში, ... მდებარე ბინაში, რომელიც ირიცხება ფოთის რეგიონალურ საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ბალანსზე. მან ოჯახური პირობების გამო, 1992 წელს მიატოვა აღნიშნული ბინა, რომელიც 1994 წელს თვითნებურად დაიკავა აფხაზეთიდან დევნილმა ლ. ძ-ავას ოჯახმა. ნ. ვ-ინამ 2000 წლის იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ლ. ძ-ავას და ქ. ფოთის რეგიონალური საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის მიმართ და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე ლ. ძ-ავას გამოსახლება, ოჯახის წევრებთან ერთად, ქ. ფოთში, ... ბინიდან. თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილმა შეგებებული სარჩელი აღძრა ლ. ძ-ავას და ნ. ვ-ინას მიმართ და მოითხოვა ქ. ფოთში, ... მდებარე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინიდან გამოსახლება. ფოთის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ნ. ვ-ინას სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ბინის დაბრუნების შესახებ.

დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის შეგებებული სარჩელი და ლ. ძ-ავა გამოსახლებულ იქნა ქ. ფოთში, ... მდებარე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინიდან. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ, მართალია, ნ. ვ-ინა ჩაწერილია სადავო ბინაში 1971 წლიდან და 1992 წლამდე ცხოვრობდა სადავო ბინაში, მაგრამ ეს ბინა მან თავის დროზე მიიღო სამხედრო უწყებიდან სამსახურებრივი სარგებლობით, დროებით, რადგან ამ უწყებაში მუშაობდა. ამჟამად მოსარჩელე აღარ მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში, რის გამოც არ შეიძლება სარგებლობაში გადაეცეს უწყებრივი სამსახურებრივი საბინაო ფართი. სადავო ბინაში მცხოვრები ლ. ძ-ავაც უკანონოდ ფლობს ამ ბინას, ის არ არის სამხედრო მოსამსახურე და არ გააჩნია ბინის მფლობელობის დამადასტურებელი საბუთი.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-ინამ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. ვ-ინას სააპელაციო საჩივარი. ფოთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება გააუქმა ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. ვ-ინას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დაუსაბუთებლობის გამო.

ნ. ვ-ინას სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის შესახებ, არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ნ. ვ-ინა 1981 წლის 31 მარტიდან ჩაწერილია სადავო ბინაში, ხოლო 1999 წლიდან კი რეგისტრირებულია ამავე მისამართზე; საქმეში წარმოდგენილია ფოთის სასამართლოს 1994 წლის 27 იანვრის განაჩენი; თვით ნ. ვ-ინას განმარტებითაც ირკვევა, რომ 1993 წლის დეკემბრის შემდეგ სადავო ბინაში არ უცხოვრია და იქ ცხოვრობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. 1993 წლის დეკემბრიდან დაირღვა ნ. ვ-ინას უფლება, მაგრამ მას 2000 წლის იანვრამდე არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რასაც მოსარჩელე იმით ხსნის, რომ არ ჰქონდა არც ბინისა და არც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ ეს და სხვა მოტივები სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და იგი იმავე კოდექსის 80-ე მუხლის მიხედვით, იწყებოდა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო მისი დარღვეული უფლების შესახებ. ნ. ვ-ინამ გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არასაპატიოდ. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები იმის გამო, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1993 წლის დეკემბერში.

ნ. ვ-ინამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მისი მოთხოვნა ხანდაზმულად, რადგან იგი ამჟამადაც ბინის კეთილსინდისიერი მფლობელია; მისთვის ეს უფლება არავის ჩამოურთმევია, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე და 80-ე მუხლები. თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის შეგებებული სარჩელი შეტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-189-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ვ-ინას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ნ. ვ-ინა 1981 წლის 31 მარტიდან რეგისტრირებულია ქ. ფოთში, ... მდებარე ბინაში, მისი რეგისტრაცია არ არის გაუქმებული და იგი ამჟამადაც რეგისტრირებულია ამ მისამართზე. ნ. ვ-ინამ სარჩელი აღძრა მოპასუხე ლ. ძ-ავას მიმართ და მოითხოვა მის სახელზე რიცხული ბინიდან მისი გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ მან 1992 წელს იძულებით მიატოვა სადავო ბინა. მის ბინაში 1994 წელს თვითნებურად შევიდა მოპასუხის ოჯახი, რომელიც ნებაყოფლობით არ უცლის ბინას და სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, როგორც ბინის მფლობელმა, მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის შეგებებული სარჩელის უცვლელად დატოვების ნაწილში ნ. ვ-ინას მიმართ არ არის იურიდიულად დასაბუთებული; სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. ვ-ინას საბინაო უფლება დაირღვა 1993 წლის დეკემბერში და მის მიმართ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე და 80-ე მუხლები სასარჩელო ხანდაზმულობის თაობაზე, მაგრამ არ დაასაბუთა საბინაო უფლების და მოცემული სადავო საბინაო ურთიერთობის მიმართ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმების გამოყენება. სასამართლომ არ გამოიყენა იმ დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის ნორმები, რომლის საფუძველზეც უნდა გადაეწყვიტა როგორც ნ. ვ-ინას ძირითადი სარჩელი, ისე - ფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის შეგებებული სარჩელი ნ. ვ-ინას მიმართ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ვ-ინას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.