საქმე # 330802226012278678
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№7I-26 ქ. თბილისი
ო. ა. ს., 7I-26 10 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ს. ო–ქის (A. S. O.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკაში ა. ს. ო–ქის (A. S. O.) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2025 წლის 15 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბულის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 34-ე სასამართლოს მიერ გაიცა ა. ს. ო–ს (A. S. O.) დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად იგი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით).
1.2. 2025 წლის 7 ივლისიდან ა. ს. ო–ქი (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. საქართველოში ა. ს. ო–ს (A. S. O.) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2025 წლის 22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს. ო–ი (A. S. O.).
2.2. 2025 წლის 25 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ს. ო–ს (A. S. O.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3. 2025 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ა. ს. ო–ქის (A. S. O.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.4. 2025 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. ს. ო–ის (A. S. O.) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 22 მარტამდე.
2.5. ამჟამად, ა. ს. ო–ქი (A. S. O.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
ა. ს. ო–ქს (A. S. O.) ბრალი ედება, რომ 2023 წლის 29 აპრილს, ერთ-ერთ ჩაის სახლში ყოფნის დროს მომხდარი კონფლიქტის შემდგომ განიზრახა დაზარალებულის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან დატოვა შემთხვევის ადგილი, სადაც მალევე დაბრუნდა. ადგილზე დაბრუნების შემდეგ ა. ს. ო–ქი (A. S. O.) დაზარალებულებს დაეჯახა ავტომობილით, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი მიწაზე დაეცნენ, მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
4. 2026 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ს. ო–ს (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა. ს. ო–ქის (A. S. O.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2025 წლის 30 სექტემბრის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი იქნა ა. ს. ო–ქის (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია .
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ს. ო–ქის (A. S. O.) ადვოკატი გ. ჩ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და იქნა ა. ს. ო–ქის (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის შეფასებით, ა. ს. ო–ქი (A. S. O.) იძულებული გახდა გამოქცეულიყო თ–დან და უკანონოდ გადმოეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. თ–ში წლების განმავლობაში ჰქონდა კერძო ბიზნესი (იყო ჩაის სახლის მეპატრონე), თუმცა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამთავრობო ძალების აქტივისტების მხრიდან გახდა შევიწროებისა და დევნის მსხვერპლი. უგზავნიდნენ ხალხს, ემუქრებოდნენ ჩაის სახლის წართმევით. ყოველივე ამის შემდეგ, ღამის საათებში ჩაის სახლში მივარდნენ შეირაღებული პირები და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცდილობდნენ შიგნით შეღწევას. ა. ს. ო–მა (A. S. O.) მოახერხა თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევა, გაექცა მათ, ორი დღე და ღამე იმალებოდა ტყეში, ხოლო შემდეგ გადმოვიდა ს–ში.
6.2. დაცვის მხარის შეფასებით ა. ს. ო–ქისათვის (A. S. O.) გაუგებარია თუ რა დანაშაულის ჩადენას ედავებიან წარმოშობის ქვეყანაში. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ა. ს. ო–ქის (A. S. O.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს. ო–ქი (A. S. O.) 2025 წლის 23 სექტემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება განხორციელდება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით.
5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:
5.1.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით), რისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5.1.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ა. ს. ო–ქს (A. S. O.) განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ა. ს. ო–ქისათვის (A. S. O.) ბრალადშერაცხული ქმედება განხორციელდა 2023 წელს, ხოლო მის მიმართ დაკავების ბრძანება გამოცემულია 2025 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ა. ს. ო–ქისათვის (A. S. O.) ბრალადწარდგენილი დანაშაულებისათვის ხანდაზმულობის ვადა არის 30 წელი და გადის 2052 წელს.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ა. ს. ო–ქის (A. S. O.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ა. ს. ო–ქის (A. S. O.) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2025 წლის 24 ნოემბერს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. ს. ო–ქი (A. S. O.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ა. ს. ო–ქი (A. S. O.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 6 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 4 ოქტომბერს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. ს. ო–ქს (A. S. O.) უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის (დამატებითი დაცვის) მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ს. ო–ქმა (A. S. O.) გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მისი საქმე იმყოფება განხილვაში.
9. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ა. ს. ო–ქს (A. S. O.) დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ: იხ.: საქმე №21-17, №21-20, №4021-21, 91-23).
10. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ა. ს. ო–ს (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ითხოვს ა. ს. ო–ქის (A. S. O.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხიდან გამომდინარე. ასევე, ა. ს. ო–ქის (A. S. O.) ექსტრადიცია მოითხოვება იმ საფუძვლით, რომ შემდგომ პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი გარკვეული პოლიტიკური შეხედულების გამო.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებებსა და ინფორმაციაზე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება/ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ა. ს. ო–ქის (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის ან/და სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხეზე. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
11.1. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან/და რელევანტური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ა. ს. ო–ს (A. S. O.) მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; არ დგინდება, რომ ა. ს. ო–ს (A. S. O.), კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან/და მის მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე, მიემართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეფექტურ რეაგირებას. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა/შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ ა. ს. ო–ი (A. S. O.) რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში და ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის ან/და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე.
12. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, paras. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
13. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია გარანტია იმის თაობაზე, რომ ა. ს. ო–ს (A. S. O.) ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ს. ო–ს (A. S. O.) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, par. 344, ECHR, 12/10/2005).
14. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par. 86 ECtHR, 07/07/1989).
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ა. ს. ო–ქის (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ს. ო–ს (A. S. O.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ს. ო–ს (A. S. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ს. ო–ს (A. S. O.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი