Facebook Twitter

¹ 3კ/721-01 29 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: თანამდებობაზე აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვ. ვ.-ის 1996 წლის 19 აგვისტოს ¹ 64 ბრძანებით ვ. ც-ს მიეცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის რწმუნება რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე. ამ ბრძანების მეორე პუნქტის თანახმად, წარმომადგენელმა მუშაობაში უნდა იხელმძღვანელოს თანდართული სამსახურებრივი ინსტრუქციით.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვ. ვ.-ის 1999 წლის 1 მარტის ¹9 ბრძანებით იმავე წლის 1 მარტიდან ვ. ც-ს მოეხსნა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის რწმუნება.

ვ. ც-მ 2000 წლის 29 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ყოფილ თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის _ 10000 ლარის ანაზღაურება. მისი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ საფუძვლებს: ვ. ც-ს სამუშაოდან დათხოვნა მოხდა შრომის კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის I ნაწილი ორი თვით ადრე არ გაუფრთხილებიათ დათხოვნის თაობაზე. ასევე დაირღვა 136-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოდან დათხოვნამდე ახსნა-განმარტების ჩამორთმევას, რაც არ გაკეთებულა. მისთვის დათხოვნის ბრძანება არ ჩაუბარებიათ. მას 9 თვე დასჭირდა ამ ბრძანების მისაღებად, ამიტომ სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია. სამინისტრომ ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 209-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ხელმძღვანელის მატერიალურ პასუხისმგებლობას. სამინისტროს ხელმძღვანელობამ იგი ამუშავა უხელფასოდ, რითაც დაარღვია 76-ე მუხლის II ნაწილი, არ აუნაზღაურა მოსკოვამდე მგზავრობის ღირებულება მოსკოვში სამუშაოდ წასვლისას.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ვ. ც-ს სარჩელი ხანდაზმულობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელეს მოპასუხემ რწმუნება მოუხსნა 1999 წლის 1 მარტს, ხოლო მოსარჩელემ ეს შეიტყო 1999 წლის 3 მარტს ზეპირი ფორმით, სასამართლოს კი სარჩელით მიმართა 2000 წლის 29 მაისს, რითაც დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის I ნაწილი.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება ვ. ც-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 26 აპრილს გადაწყვეტილებით შეცვალა მოცემულ საქმეზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება და უსაფუძვლობის გამო ვ. ც-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის სამსახურებრივ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ვ. ც-ა იყო საელჩოს თანამშრომელი. მხარეთა ახსნა-განმარტებებით გაირკვა, რომ მოსარჩელე არ არის სამინისტროს შტატში და მას არ უხდიან ხელფასს. აღნიშნულის გამო მხარეთა შორის ურთიერთობა არ უნდა დარეგულირდეს შრომის კანონთა კოდექსით, ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმებითაც, რადგან ეს კანონები შრომის ანაზღაურების გარეშე არ აწესრიგებენ შრომით ურთიერთობებს, ამიტომ აპელანტს შეეძლო ედავა მხოლოდ იმ ბრძანების გაუქმების თაობაზე, რომლითაც ვ. ც-ვას მოეხსნა წარმომადგენლის რწმუნება, რაც განიხილება სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში შრომის კანონთა კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით შეუძლებელია ვ. ც-ს აღდგენა, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან აპელანტის მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს შრომის კანონთა კოდექსის მოქმედება, ამიტომ მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადაც.

ვ. ც-მ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება, ყოფილ თანამდებობაზე აღდგენა, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრება მოპასუხისათვის, სულ 10000 ლარის ოდენობით. საკასაციო საჩივრის მოტივებია შემდეგი: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს შრომის კანონთა კოდექსი; მას ხელფასი არ ჰქონდა დანიშნული სამინისტროს ბრალით, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 76-ე მუხლის II ნაწილით, მინისტრს არ ჰქონდა უფლება, იგი დაენიშნა თანამდებობაზე ანაზღაურების გარეშე; იმავე კოდექსის 116-ე მუხლის I და II ნაწილებით ადმინისტრაცია ვალდებული იყო კასატორის და მისი ოჯახის წევრებისათვის აენაზღაურებინა ხარჯი და მიეცა კომპენსაცია ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მას არ აუნაზღაურეს ეს ხარჯი, რითაც მიადგა მატერიალური ზარალი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ც-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვ. ვ.-ემ 1996 წლის 19 აგვისტოს ¹64 ბრძანებით ვ. ც-ს მისცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის რწმუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეთანხმებით. იმავე ბრძანებაში მითითებულია, რომ წარმომადგენელმა მუშაობაში უნდა იხელმძღვანელოს თანდართული სამსახურებრივი ინსტრუქციით. აღნიშნული სამსახურებრივი ინსტრუქცია დამტკიცებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვ. ვ.-ის მიერ 1996 წელს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ი. მ.-თან. ამ ინსტრუქციის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი არის უცხო ქვეყანაში მოქმედი საქართველოს საელჩოს თანამშრომელი. ხსენებულ ინსტრუქციაში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ წარმომადგენელს ეძლევა ანაზღაურება. მოპასუხე მხარემ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ვ. ვ.-ემ 1999 წლის 1 მარტის ¹ 9 ბრძანებით ვ. ც-ს მოუხსნა რწმუნება სამსახურებრივი ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილების გადაჭარბებისათვის, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონ მ. კაკაბაძის წერილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვ. ც-ს და მოპასუხეს შორის ურთიერთობა არ შეიძლება დარეგულირდეს შრომის კანონთა კოდექსით, მაგრამ პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ნაწილს: ვინაიდან მოსარჩელე შრომის ანაზღაურების გარეშე მოქმედებდა, ამიტომ სადავო ურთიერთობა არ შეიძლება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით მოწესრიგდეს. სასამართლომ არ მისცა მატერიალურ-სამართლებრივი კვალიფიკაცია ვ. ც-ს და მოპასუხე სამინისტროს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, მხოლოდ ის მიუთითა, რომ მოსარჩელემ დამოუკიდებელი სარჩელით უნდა გაასაჩივროს ის ბრძანება, რომლითაც მოეხსნა რწმუნება, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმას, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის სახელწოდებაა “სამსახურებრივი ინსტრუქცია”. ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად არ არის დასაბუთებული.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. ც-მ სარჩელით მოითხოვა როგორც ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენა, ისე მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატის სხდომაზეც მან მოითხოვა მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ამ მოთხოვნის თაობაზე, რის გამოც ვ. ც-ს მოთხოვნა ამ ნაწილში საერთოდ არ გადაწყვიტა.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, გაარკვიოს მოპასუხის ბრძანებით კასატორ ვ. ც-ზე სამინისტროს წარმომადგენლის რწმუნების მინიჭებით და რწმუნებულის სამსახურებრივი ინსტრუქციის დამტკიცებით მხარეთა შორის რა უფლება-მოვალეობები წარმოიშვა, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ც-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.