გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/722 5 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილიმოსამართლეები ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი _ საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი :
ქ. თბილისში .... მდებარე ბინის მესაკუთრე იყო ს. რ-ოვა.
1998 წლის 1 ოქტომბერს ს. რ-ოვამ შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელ ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ ბინას უტოვებდა ე. მ-ლისს. ეს უკანასკნელი 1996 წლიდან ცხოვრობდა ს. რ-ოვასთან ერთად და უწევდა მას მზრუნველობას. 1999 წლის 19 ნოემბერს ს. რ-ოვასა და ე. მ-ლისს შორის დაიდო ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
2000 წლის თებერვალში ს. რ-ოვამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ს. რ-ოვას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ს. რ-ონვას სასარჩელო მოთხოვნა.
საკასაციო საჩივრით მოპასუხე ე. მ-ლისი და მისი წარმომადგენელი რ. კძე ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძთლით, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა კანონით დადგენილი წესის დაცვით და გატარდა საჯარო რეესტრში. სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი, რომ ეს ხელშეკრულება ჩაეთვალა თვალთმაქცურ გარიგებად.
სამოტივაციო ნაწილი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2000 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის შს სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსის სახელზე შედგენილ ახსნა-განმარტებაში ე. მ-ლისმა დაადასტურა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გარიგების შესაბამისად მას ს. რ-ოვასთვის უნდა გაეწია მოვლა-პატრონობა, ხოლო მოსარჩელე ანდერძით უტოვებდა უბრავ-მოძრავ ქონებას. ანდერძის განმტკიცების მიზნით ბინაში ჩაეწერა ქალიშვილი. შემდგომში კი ნოტარიუსის დამტკიცებით გაფორმდა ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ბინის ღირებულების გადახდის თაობაზე კასატორის მიერ არ ყოფილა მითითებული.
მხარეებს ბინის ნასყიდობის გარიგებით სურდათ სხვა გარიგების, კერძოდ, სამისდღეშიო რჩენის გარიგების დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესმაბამისად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
ურთიერთობის გამწვავების გამო სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა შესაძლებლად მხარეთა შორის სამიდღეშიო რჩენის გარიგების გაგრძელება.
სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. მ-ლისის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.