საქმე # 330100123006877136
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №948აპ-25 ქ. თბილისი
კ. ზ. 948აპ-25 19 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. კ–ის, – პირადი ნომერი ........, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. ზ. კ–ი 2022 წლის 12 აპრილიდან მუშაობდა სადისტრიბუციო კომპანია შპს „ფ–ში“ მიწოდების აგენტის ასისტენტად (მძღოლის დამხმარე მუშა). 2022 წლის 22 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში ზ. კ–ი, ერთიანი განზრახვით, ქ. თ–ში, ო–ს დასახლების ჩ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, შპს „ფ.......ს“ ცენტრალური საწყობიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 280 ტომარა – 14 000 კგ – შაქარს. ზ. კ–მა დაზარალებულ კომპანიას – შპს „ფ.......ს“ – მიაყენა 40 500 ლარის ზიანი.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ზ. კ–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის)177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით:
2.1. ზ. კ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე;
2.2. ზ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
2.3.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა 1/6-ით და ზ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ: ზ. კ–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ციხისელმა. აპელანტმა მოითხოვა ზ. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით.
4.1. ზ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. თ–ამ შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ციხისელმა. კასატორი ითხოვს ზ. კ–ის ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას;
6.1. ზ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. თ–ა შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ზ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) დამნაშავედ ცნობას, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა (მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია) და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე შესაგებლით – პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
8.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არ არსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ზ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი) მსჯავრდება და განსაზღვრული სასჯელის კანონიერება. შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს.
8.2. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ზ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), თუ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაული.
9. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. კ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ზ. კ–ის დამნაშავედ ცნობისათვის მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების – დიდი ოდენობით ქურდობის (280 ტომარა, 14 000 კგ. შაქარის – 40 500 ლარის) – ჩადენაში და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, ვერ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა.
11. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
12. დაზარალებულის წარმომადგენლის – შპს „ფ.......ს“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის – მ. ჭ–ის (ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიაში აღმოჩნდა 40 500 ლარის ღირებულების, 18 ტონამდე შაქრის დანაკლისი) და შპს „ფ.......ს“ შვილობილი კომპანია შპს „ფ....ში“ ლოგისტიკის მენეჯერის – ი. ჩ–ის ჩვენებები (2022 წლის 22 სექტემბერს, 29-30 ოქტომბერს და 7 ნოემბერს, ობიექტიდან ავტომანქანა გასული იყო ისეთ დროს, როდესაც შეკვეთა არ ჰქონდათ გასატანი), ვიდეოჩანაწერები (ფიქსირდება თუ როგორ ტვირთავს მსჯავრდებული მანქანაზე ტვირთს) და „GPS“ სისტემის ინფორმაცია (ფიქსირდება მანქანის მარშრუტი) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს, რომ კომპანიაში აღმოჩენილი დანაკლისი გამოწვეული იყო ზ. კ–ისათვის ბრალადწარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებით/ებით. კერძოდ, ვერ დასტურდება ზ. კ–ის მიერ შპს „ფ.......ს“ ცენტრალური საწყობიდან, სხვადასხვა დროს ერთიანი განზრახვით 280 ტომარა, 14 000 კგ. შაქრის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლება.
13. კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებით, ,,უმეტეს შემთხვევაში ზ. კ–ს შაქარი გატანილი აქვს მძღოლ გ. კ–ესთან ერთად, ხოლო ერთ შემთხვევაში მძღოლ ე. ხ–თან ერთად”.
13.1. კომპანიის ლოგისტიკის მენეჯერის ი. ჩ–ის ჩვენების (რომლის თანახმად, კომპანიაში აქვთ ორი პოზიცია: მიწოდების აგენტის, იგივე მძღოლის და მიწოდების აგენტის ასისტენტ-დამხმარის. ზ. კ–ი ხელშეკრულების საფუძველზე, დამხმარის პოზიციაზე იყო აყვანილი. შეკვეთებთან დაკავშირებით იწერება ზედნადები, სადაც მითითებულია პროდუქციის გადატანის მარშუტი და სხვა დეტალები, მათ შორის, მძღოლის ვინაობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეკვეთის დანიშნულების ადგილზე მიტანა. შესაბამისად, მძღოლი ზედნადების საფუძველზე, უზრუნველყოფს ავტომანქანის პროდუქციით დატვირთვას და დანიშნულების ადგილზე მიტანას. ამასთან, მძღოლიც და ასისტენტიც თანაბრად არიან პასუხისმგებლები პროდუქციაზე) და მოწმე შ. ჯ–ის ჩვენების (რომლის თანახმად, იგი შპს „ფ.......ში“ მუშაობდა ტვირთამწე მანქანის მძღოლის პოზიციაზე. მისი მოვალეობა მოიცავდა პროდუქციის მანქანაზე დალაგებას. კომპანიიდან ტვირთის გატანა ხდებოდა ზედნადების საფუძველზე, სადაც მითითებული იყო მანქანის ნომერი, ტვირთის ოდენობა და პასუხისმგებელი პირის ვინაობა. ზედნადები გადაეცემოდა მძღოლს. ზ. კ–ი მუშაობდა მძღოლის დამხმარის პოზიციაზე. ტვირთზე პასუხისმგებელი იყო მძღოლი, ხოლო მძღოლის დამხმარეს პროდუქციის გატანა დამოუკიდებლად არ შეეძლო), ასევე 2023 წლის 17 იანვრის N.... განცხადების (რომლის თანახმად, შპს „ფ.......ს“ გენერალური დირექტორის მოადგილე გ. ჩ–ი საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .......ის სამმართველოს .. სამმართველოს უფროსს ბ. ნ–ს ინფორმაციას აწვდის დამატებით ორ ფაქტთან დაკავშირებით და იმავდროულად, აცნობებს, რომ მძღოლებს – გ. კ–ეს და ე. ხ–ს საბუთის გარეშე უფლება არ ჰქონდათ გადაეტანათ კომპანიის საქონელი, მით უფრო, იმ ადგილზე, სადაც კომპანია არ არის მიმწოდებელი. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მსგავსი ქმედება არაერთხელ განხორციელდა, რაც აჩენს ეჭვს მათი (მძღოლების) მხრიდან დანაშაულის თანაამსრულებლობასთან დაკავშირებით (ტ. N1; ს.ფ. 222)) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ გ. კ–ე (რომელიც, როგორც მძღოლი თავად/თავადაც იყო პასუხისმგებელი ტვირთზე) არის დაინტერესებული მოწმე და მისი ჩვენება (2022 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ზ. კ–მა სამ ეტაპად გადაატანინა შაქარი, რომელიც ზ. კ–მა ჩააბარა ს........ს ბაზრობაზე) ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას.
13.2. მოწმე ე. ხ–ის ჩვენება (მას როგორც მძღოლს, დამხმარე – ზ. კ–თან ერთად სხვადასხვა სატვირთო ავტომობილებით პროდუქცია გადაჰქონდა კონკრეტულ (კონტრაქტორ) მაღაზიებში, თუმცა მას სხვა (არაკონტრაქტორ) ობიექტებზე პროდუქცია არ მიუტანია) არ ადასტურებს ზ. კ–ის მიერ სადავო დანაშაულის ჩადენას.
14. ამდენად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები (2022 წლის 22 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში ზ. კ–ი მოქმედებდა ერთიანი განზრახვით და შპს „ფ.......ს“ ცენტრალური საწყობიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 280 ტომარა – 14 000 კგ – შაქარს. ზ. კ–მა დაზარალებულ კომპანიას – შპს „ფ.......ს“ – მიაყენა 40 500 ლარის ზიანი) მოწმე დ. კ–ის ჩვენების (მუშაობს ვ–ში ე.წ. „ს........“ ბაზრობაზე მდებარე, შპს „რ–ში“ მუშის პოზიციაზე. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მასთან მივიდა მამაკაცი, გაეცნო ზ. კ–ად და უთხრა, რომ სურდა შაქრის ჩაბარება. აღნიშნულის შემდეგ, ზ. კ–მა დიდი სატვირთო ავტომანქანით ოთხ ეტაპად მიიტანა და ჩააბარა 180 ტომარა შაქარი) გარდა არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, – რაც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნებს და არ არის საკმარისი ზ. კ–ის მიმართ, მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის – 2022 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდის გარდა, სხვა თარიღებშიც ქურდობის ერთიანი განზრახვით ან მის გარეშე – ჩადენაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. კ–ის მიერ 2022 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი არ წარმოადგენს მხარეთა შორის დავისა და სასამართლო განხილვის საგანს.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა), ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
15.1. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე ზ. კ–ს ედავება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში ერთიანი განზრახვით შპს „ფ.......ს“ ცენტრალური საწყობიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 280 ტომარა – 14 000 კგ – შაქარის ფარულად დაუფლებას, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ზ. კ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ერთიანი განზრახვით (და არა ცალ-ცალკე ეპიზოდებად) ჩადენა, ასევე – სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების (რომლებითაც დათვალიერდა საწყობის 2022 წლის 22 სექტემბრის, 2022 წლის 29 ოქტომბრის, 2022 წლის 30 ოქტომბრის და 2022 წლის 7 ნოემბრის ვიდეოჩანაწერები), ასევე „GPS“ სისტემის დათვალიერების ოქმების მიუხედავად, არ არის მითითებული, 2022 წლის 22 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, რამდენ ეტაპად, კონკრეტულად როდის (თვე, რიცხვი, საათი) განახორციელა სადავო ქმედება/ები მსჯავრდებულმა.
16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე, ზ. კ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი