საქმე # 010100124010027113
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №931აპ-25 ქ. თბილისი
დ-ი ა, 931აპ-25 25 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. დ-ის, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ქალაქ ბ-ში, ლ. და მ. კ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N...-ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ა. (A) დ. (D) ყელსა და ხელზე ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე. ა-ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ქალაქ ბ-ში, ლ. და მ. კ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N...-ში, გენდერული ნიშნით შეუწყანრებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ა. (A) დ. (D) დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით) დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე. ა-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
2.1. გ. ო-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა გ. ო-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით და დამატებითი ვალდებულება - ა. დ-ის, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მასვე, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე კვირაში ორჯერ, დაეკისრა ბათუმის რაიონულ პროკურატურაში გამოცხადება, პროკურორისათვის ანგარიშგების მიზნით გაუქმდა და გირაოს შემტან ნ. დ-ს, პ/ნ ..., კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 19 აგვისტოს, ა. დ-ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 7000 ლარი. დასტური Nა083743, სალაროს შემოსავლის ორდერი N1/11127 სს საქართველოს ბანკი.
2.3. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება, ა. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. დ-ის მიერ ე. ა-ის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ე. ა-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და არ მისცა ჩვენება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ა. დ-ის წინააღმდეგ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვერ დადგინდა ძალადობისა და მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნები (ფიზიკური ტკივილის განცდა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენა).
12. ა. დ-იმ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
13. მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია პოლიციის ოფიცერი რ. ფ-ძე, უბნის უმცროსი ინსპექტორი ი. გ-ძე და უბნის ინსპექტორი ზ. ნ-ძე. არცერთი მათგანი არ არის შესაძლო ძალადობის და მუქარის თვითმხილველი მოწმე, ისინი გადმოსცემენ დაზარალებულების მონათხრობს და ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს. ამდენად, მათი ჩვენება ირიბია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
14. დანაშაულის შესახებ შეტყობინება (მისი აუდიოჩანაწერი), შემაკავებელი ორდერი, მისი ოქმი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ასევე შეიცავენ დაზარალებულ ე. ა-ის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, რომელმაც უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.
15. რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნას, დასტურდება მხოლოდ დაზიანებების არსებობა; პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ა. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენზე ა. დ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე