¹ 3კ/729-01 21 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: გამოსახლება, ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გლდანის რაიონში, ...-ის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი ეკუთვნის მრავალდარგოვან პროფესიულ ლიცეუმს.
ლიცეუმის დირექტორმა ე. ს-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. წ-იას მიმართ და მოითხოვა საერთო საცხოვრებლიდან მისი გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: აფხაზეთიდან დევნილი ო. წ-ია თანამხლებ პირებთან ერთად უკანონოდ შეიჭრა ლიცეუმის სამკერვალო საამქროში, რომელშიც დამონტაჟებული იყო 30 სხვადასხვა კლასის საკერავი მანქანა და სადაც პრაქტიკულ მეცადინეობას გადიან სასწავლებლის მოსწავლეები. ამით მან ხელყო სახელმწიფო საკუთრება და ხელი შეუშალა სასწავლო პროცესის მსვლელობას.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლიცეუმის სარჩელი და ო. წ-ია ოჯახით გამოსახლებულ იქნა ლიცეუმის სასწავლო საამქროდან. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ო. წ-იამ შეიტანა საჩივარი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, ძალაში დარჩა სასამართლოს 2000 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. წ-იამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: მიიჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის განჩინებაში მითითებული არ არის მისი სამართლებრივი საფუძველი, განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებულია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძველის შემოწმება შეუძლებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო. წ-იამ, რომლითაც ითხოვა, არ გამოესახლებინათ დაკავებული ფართიდან აფხაზეთში დაბრუნებამდე, რადგან არის მრავალშვილიანი, განიცდის ფინანსურ სიდუხჭირეს, სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და სხვ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ო. წ-იას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო საჩივრის ავტორი ფაქტობრივად ასაჩივრებს საოლქო სასამართლოს განჩინებას, რომელიც მის სასარგებლოდ არის გამოტანილი და რომლითაც დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი.
საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას პალატამ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დანიშნა სასამართლო სხდომა, სადაც კასატორს საკასაციო მოთხოვნა არ დაუყენებია და იგი მოითხოვს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, რომ შესაძლებელი იყოს მისი აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. წ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.