Facebook Twitter

¹ 3კ731-01 15 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: სხეულის დაზიანების და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სასარჩელო განცხედებით მიმართა ნ. ქ-ძემ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000 წლის 13 აპრის ქ. თბილისში ... დასახლების ტერიტორიაზე 14 საათზე ბავშვების ეზოში თამაშისას იქვე მდებარე სს “თ.-ის” კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტრო ჯიხური იყო ღია. მას არ გააჩნდა არავითარი დამცველი მექანიზმი და ადამიანს თავისუფლად შეეძლო ჯიხურში შეღწევა. მოსარჩელის რვა წლის გოგონა შ. ბ-შვილი ეზოში თამაშის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ღიად მიტოვებულ მაღალი ძაბვის ელექტროჯიხურში და მაღალი ძაბვის დარტყმის შედეგად მიიღო სხეულის უმძიმესი დაზიანება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000 წლის 13 აპრილიდან მისი შვილი წევს თბილისის დამწვრობის ცენტრში. მას გაუკეთეს მიმდინარე ურთულესი ოპერაცია, მარჯვენა ხელის ამპუტაცია. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მკურნალობის ხარჯებმა ათი ათასობით დოლარს მიაღწია. სამედიცინო კომისიის დასკვნით ბავშვის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საზღვარგარეთ. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ “თ.-ის” წარმომადგენელმა მაისის თვეში მას გადასცა 3000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა სს “თ.-ისათვის” 200 000 აშშ დოლარის დაკისრება.

სს “თ.-მა” სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით ტრანსფორმატორი არის შპს “ჰ.-ის” საკუთრება და ის არის ვალდებული და პასუხისმგებელი მის ექსპლოატაციაზე და უსაფრთხოების დაცვაზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს “თ.-ს” ნ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 180000 აშშ დოლარის, ხოლო თანამოპასუხე “ჰ.-ს” 20000 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ “თ.-ის” მიერ დარღვეულ იქნა “ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები”. ამასთან, დარღვეულ იქნა “უსაფრთხოების ტექნიკის წესები”. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ელექტროქვესადგური “ჰ.-ის” ბალანსზეა და ამ უკანასკნელსა და თ.-ს შორის დადებული საექსპლოატაციო ხელშეკრულების თანახმად მომსახურება და პასუხისმგებლობა ეკისრებოდა “ჰ.-ს”, სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა “ჰ.-საც”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “თ.-ს” დაეკისრა 180000 დოლარის, ხოლო შპს “ჰ.-ს” 20000 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, მე-1000 მუხლები. იმის გამო, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგურის მაღალი ძაბვის სათავსო წარმოადგენს ნაგებობას, რომლიდანაც გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე, ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს საქართელოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით განსაზღვრული წესით.

დადგენილია. რომ არსებობს ე.წ. საექსპლოატაციო შეთანხმება “თ.-სა” და “ჰ.-ს” შორის აღნიშნული სატრანსფორმატორო ჯიხურის ექსპლუატაციაზე, რომლის ტექსტიდან ირკვევა, რომ ჯიხურს, რომელიც ირიცხებოდა “ჰ.-ი”, ისე სს “თ.-ი”. “თ.-ის” მიერ “ჰ.-თან” ურთიერთობაში და სატრანსფორმატორო ჯიხურში სამუშაოების ჩატარებისას უხეშად არის დარღვეული “ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” 4.4.11 პუნქტი. სს “თ.-მ” არ შეატყობინა “ჰ.-ს” სატრანსფორმატორო ჯიხურში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნულის შედეგად “ჰ.-ს” არ მიეცა საშუალება თვალყური ედევნებინა “თ.-ის” მიერ ჯიხურში ჩატარებული სამუშაოებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “თ.-ის” მიერ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ტრანსფორმატორი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, არ ეკუთვნის სს “თ.-ს” და ის შპს “ჰ.-ის” საკუთრებას წარმოადგენს. შპს “ჰ.-ი” ახორციელებს მის ექსპლოატაციას და სწორედ მის მიერ დაირღვა ექსპლუატაციის წესები, როდესაც სათანადო ყურადღებას არ იჩენდა უსაფრთხოების წესების დაცვის მიმართ.

სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის თანახმად ზიანი უნდა აანაზღაუროს მფლობელმა, შპს “ჰ.-მ” და არა სს “თ.-მა”.

კასატორის აზრით, თუ ჯიხურის კარები სს “თ.-ის” კონტრაქტორის “ი.-ის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დარჩა ღია, მაშინ ამ უკანასკნელმა უნდა აანაზღაუროს ზიანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ სატრანსფომრატორო ქვესადგურის მაღალი ძაბვის სათავსო წარმოადგენს ნაგებობას, რომლიდანაც გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით განსაზღვრული წესით, რადგან ამ ნორმის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისგან. მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობის დაზიანება, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

სააპელაციო პალატა უთითებს, რომ მომეტებული საფრთხის ნაგებობის მფლობელი მომხდარზე პასუხს აგებს მისი ბრალის მიუხედავად, ამასთან, პალატა თვლის, რომ ზიანზე პასუხისმგებელი პირების ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მათი პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრაც. პალატა ერთ შემთხვევაში ამტკიცებს, რომ პასუხისმგებლობა დგება ბრალის მიუხედავად და მეორე შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრისას ითვალისწინებს მხარეთა ბრალის ხარისხს უბედური შემთხვევის დადგომაში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღნიშნული დებულებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.

სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის. მომეტებული საფრთხის წყაროს არსებობაში იგულისხმება ისეთი ობიექტების გამოყენება, რომლებიც ტექნიკის განვითარების ამ ეტაპზე მისი თვისებებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება სრულ კონტროლს. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგენილია სააპელაციო პალატის მიერ, ზიანი დადგა არა იმის გამო, რომ მომეტებული საფრთხის წყაროზე კონტროლის განხორციელება შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა დაარღვიეს ობიექტის ექსპლუატაციის წესები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, როდესაც შესაძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგაბენ მისი ბრალის მიხედვით.

კანონმდებელი მხარეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას ადგენს დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც დაზარალებული მოითხოვს, რომ ზიანის მიყენებაში ბრალეულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროს მათი ბრალის ხარისხის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს აქვს უფლება დაკმაყოფილოს ამგვარი მოთხოვნა.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ სს “თ.-ის” მიერ სატრანსფორმატორო ჯიხურში სამუშაოების ჩატარებისას უხეშად არის დარღვეული “ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები”. სს “თ.-ის” მიერ დადგენილი წესების დარღვევის შედეგად ჯიხურის კარები დარჩა ღია, რაც გახდა ბავშვის დაზიანების უშუალო მიზეზი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ ვისი ბრალით მიადგა პირს ზიანი და არა ის თუ ვის ბალანსზეა და ვის მფლობელობაში იმყოფებოდა ობიექტი.

დადგენილია, რომ სწორედ “თ.-ის” ბრალით იქნა დატოვებული ღიად ქვესადგურის კარები. აღნიშნულის გამო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზიანის ანაზღაურება მთლიანად უნდა დაეკისროს “ჰ.-ს”.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხის კონტრაქტორ შპს “ი.-ის”. “ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესებით” დადგენილია ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ვალდებულებები. აღნიშნული წესების დარღვევაზე ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციაა პასუხისმგებელი და არა მისი კონტრაქტორი.

პალატა თვლის, რომ თანხის ოდენობა, რომელიც დაეკისრა მოპასუხეებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის დასაბუთებული და ის შეესაბამება დაზარალებული პირის მკურნალობის მოთხოვნებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ნ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს. სს “თ.-ს” ნ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 180000 (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულებით მიღებული 50000 აშშ დოლარს დამატებული 130000 აშშ დოლარი) აშშ დოლარის გადახდა.

შპს “ჰ.-ს” ნ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 20000 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.