გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/732 12 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი - ძირითად სარჩელში ბინიდან გამოსახლება.
შეგებებულ სარჩელში - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის აპრილში თ. გ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ზ. კ-შვილის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად თ. გ-შვილმა მიუთითა, რომ 1997 წლის 8 მაისს ზ. კ-შვილისაგან იყიდა ქ. ზესტაფონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც გამყიდველს სამ თვეში უნდა გამოეთავისუფლებინა.
ზ. კ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მისმა შვილმა ბ. კ-შვილმა ქ. ბაქოში სარეალიზაციოდ წაიღო თ. გ-შვილის კუთვნილი 25000 ბოთლი ბორჯომის წყალი. პროდუქციის უვარგისობის გამო ბ. კ-შვილს დაედო ვალი, რომლის გასტუმრების უზრუნველსაყოფად, ვაჟიშვილის ფიზიკური განადგურების შიშით, იძულებული გახდა დაედო სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
დავა არაერთხელ იყო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა განხილვის საგანი.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა. დაკმაყოფილდა ზ. კ-შვილის შეგებებული სარჩელი მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრით თ. გ-შვილი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეებს შორის სახლის გაყიდვის ხელშეკრულება დაიდო მუქარის შედეგად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია თ. გ-შვილის მიერ არ ყოფილა წამოყენებული.
სადავო სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 56-ე მუხლის თანახმად, გარიგება, დადებული მოტყუების, ძალადობის, მუქარის, ერთი მხარის წარმომადგენლის მეორე მხარესთან ბოროტგანზრახვითი შეთანხმების შედეგად, აგრეთვე, ისეთი გარიგება, რომელიც იძულებული იყო დაედო მოქალაქეს, მძიმე გარემოებათა დამთხვევის გამო, მისთვის უაღრესად არახელსაყრელი პირობებით, ბათილად იქნება ცნობილი დაზარალებულის სარჩელით ან სახელმწიფო, კოოპერაციული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სარჩელით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგება ცნობილია ბათილად ერთ-ერთ ზემოაღნიშნული საფუძვლით, დაზარალებულ მხარეს უბრუნდება ყველაფერი, რაც მეორე მხარემ გარიგებით მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
ურთიერთობის მონაწილეებს არ გამოუთქვამთ სურვილი, რომ ერთმანეთს შორის ურთიერთობა მოეწესრიგებინათ ამ კოდექსით.
სამოქალაქო კოდექსი სახლის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით ახალ წესებს არ ითვალისწინებს.
სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული კანონი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.