Facebook Twitter

3კ/732-01 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: სს “ს.-ის” აქციონერად აღდგენა და წილის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 13 მაისს შპს “მ.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ს.-ის” მიმართ, სადაც მიუთითებდა, რომ წარმოადგენს “ხ.-ის” სამართალმემკვიდრეს. 1990 წელს გახდა ყოფილი სსრკ “ბ.-ის” მეპაიე – ხოლო 1990 წლის 28 დეკემბერს, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით “ც.-ის” აქციონერი. 1990-1991 წლებში მის მიერ შეტანილი იქნა სადამფუძნებლო შესატანი. ბანკის რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა სს “ს.-ი”, რომელიც წარმოადგენს “ც.-ის” სამართალმემკვიდრეს. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ შეტანილი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება.

1998 წლის 29 ივლისის ხაშურის რაიონის სასამართლოს განჩინებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო შპს “მ.-ს” სარჩელი დარჩა განუხილველი.

1999 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელემ ისევ მიმართა სასამართლოს სარჩელით, სადაც მიუთითებდა, რომ მოპასუხემ 1994 წლის 23 ივლისს უკანონოდ დაუბრუნა 1990-91 წლებში შეტანილი სადამფუძნებლო შესატანი, რითაც შეილახა მისი საკუთრების უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა სს “ს.-ის” დამფუძნებლის სტატუსის აღდგენა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს “ს.-ი” არ არის “ც.-ის” სამართალმემკვიდრე, სს “ს.-ი” შეიქმნა “ბ.-ის” ბაზაზე. აღნიშნული საფუძვლით მოითხოვა მისი ცნობა არასათანადო მხარედ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე წინააღმდეგი იყო თავდაპირველი მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “მ.-ს” სარჩელს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სს “ს.-ი” არის სათანადო მოპასუხე, რადგან მოსარჩელე მოითხოვს ამ ბანკის დამფუძნებლად ცნობას. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ბანკი არ წარმოადგენდა “ც.-ის” სამართალმემკვიდრეს. “ბ.-ი” იყო სახელმწიფო ბანკი და მისი აქციების მესაკუთრე სახელმწიფოს გარდა სხვა არავინ არ იყო.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მისი უფლება საკუთრების შესახებ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი “საკუთრების შესახებ”, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ განმარტა კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ” და არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” პუნქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 12 ნოემბრის ¹1041 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს დაევალათ “ც.-სა” და “ბ.-ს” შორის ქონების გამიჯვნა. ამავე დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს დაევალა საბანკო კანონმდებლობის დაცვით ქონების გამიჯვნის შემდეგ მოეხდინათ “ც.-ის” და “ბ.-ის” ხელახალი რეგისტრაცია.

1993 წლის 4 მარტს სს კომერციული ბანკი “ც.-ი” საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატარა რეგისტრაციაში. “ც.-ის” დაფუძნებისას მის საწესდებო კაპიტალს დაემატა “ბ.-ის” ქონება, რომლის გამიჯვნის დროს “ბ.-ს” გადაეცა სახელმწიფო ქონება, ხოლო “ც.-ის” დამფუძნებელთა თანხები დაუბრუნდა “ც.-ს”, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში კი “ც.-ის” დამფუძნებლებს. დადგენილია, რომ “ც.-ის” დამფუძნებელს – შპს “მ.-ს” თანხა დაუბრუნდა 1994 წლის 23 ივლისს. ამავე წლიდან შპს “მ.” არ იღებდა დივიდენდებს.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 15.1 მუხლის თანახმად, პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.

მოთხოვნის (პრეტენზიების) წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელეს საზოგადოებაში შეტანილი თანხა დაუბრუნდა 1994 წლის 23 ივლისს. პალატას მიაჩნია, რომ შპს “მ.-ს” მოთხოვნა წარმოეშვა 1994 წლის 23 ივლისს, რადგან დაბრუნებული თანხა ჩაირიცხა მის ანგარიშზე და მოსარჩელემ შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან 1994 წლის 23 ივლისს ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, რადგან შპს “მ.-ს” წარმომადგენელი იმყოფებოდა რუსეთში 1996 წლამდე. დადგენილია, რომ “ც.-ის” აქციონერი იყო იურიდიული პირი და მოცემული საქმის განხილვის საგანია იურიდიული პირის სარჩელი აქციონერად აღდგენის შესახებ, დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეს – შპს “მ.-ს” ადგილსამყოფელი არ შეუცვლია. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო იმ მომენტიდან, როცა მოსარჩელემ შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ ე.ი. თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვის დღიდან. თუ მოსარჩელემ თავისი დაუდევრობით ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების მიხედვით მას უნდა შეეტყო, რის გამოც ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად უნდა განისაზღვროს თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტი – 1994 წლის 23 ივლისი.

დადგენილად არის ცნობილი, რომ შპს “მ.-მ” მოპასუხე ბანკის აქციონერად აღდგენის შესახებ სარჩელით სასამართლოს მიმართა 1999 წლის 1 დეკემბერს, ე.ი. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.1 მუხლით გათვალისწინებული ხუთი წლის გასვლის შემდეგ. დადგენილია ასევე, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული ან შეწყვეტილი არ ყოფილა. მართალია მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 1998 წლის 13 მაისს, მაგრამ მაშინ იგი ითხოვდა თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნებას ინფლაციის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნული სარჩელი 1998 წლის 29 ივლისის სასამართლოს განჩინებით დარჩა განუხილველი, რაც სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის I ნაწილის თანახმად არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

შპს “მ.-ს” წარმომადგენლის დ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.