საქმე N 020100124010081403
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №930აპ-25 ქ. თბილისი
გ–ა რ., 930აპ-25 9 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. გ–ას ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
რ. გ–ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მყოფმა რ. გ–ამ მეუღლეს − მ. გ–ეს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა მარჯვენა მკლავზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მყოფმა რ. გ–ამ მეუღლეს − მ. გ–ეს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა მარჯვენა მკლავზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მყოფი რ. გ–ა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს − მ. გ–ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მყოფი რ. გ–ა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, მ. გ–ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენით რ. გ–ა, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (22 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (23 აგვისტოს ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (22 აგვისტოს ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (23 აგვისტოს ეპიზოდი).
რ. გ–ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა გაუქმდა.
გამართლებულ რ. გ–ას განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, დაზარალებულმა უარი განაცხადა რ. გ–ას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები − დანაშაულის შესახებ შეტყობინება და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას, ,,112-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია უსაფუძვლოდ ცნო დაუშვებლად; გასათვალისწინებელია ოჯახური დანაშაულის სპეციფიკაც.
6. გამართლებულ რ. გ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ტ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ რ. გ–ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
10. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. გ–ემ (გამართლებულის მეუღლემ) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენისთვის ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის – რ. გ–ას წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებული მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.
11. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ ცემაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა თუ არა მუქარა. შიშის განცდა სუბიექტური აღქმაა, თუმცა, შესაძლებელია, იგი დასტურდებოდეს სხვა ობიექტური გარემოებებით, ასევე – მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის მსჯავრდებას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება.
13. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო, დაზარალებულის მიერ რ. გ–ას მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, აფასებს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ:
15. მოწმის სახით გამოკითხული პოლიციის თანამშრომლები − გ. თ–ა და ბ. ჟ–ა არ არიან შესაძლო ძალადობისა და მუქარის თვითმხილველი პირები, ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მონათხრობს, ასევე ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს. ამდენად მათი ჩვენებები ირიბია, რის გამოც, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
16. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს დაზარალებულსა და გამართლებულს შორის სავარაუდო კონფლიქტის შემსწრე სხვა პირი, რომელსაც შესაძლოა დაედასტურებინა რ. გ–ას მიერ მ. გ–ეზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები.
17. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ჩატარებული პირადი გასინჯვით მ. გ–ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მხოლოდ დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რომლის მიხედვით, 2024 წლის 23 აგვისტოს, მ. გ–ე განმარტავდა, რომ მეუღლეს მასთან ფიზიკური კონფლიქტი ჰქონდა, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
18. აღნიშნულზე დაყრდნობით, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და რ. გ–ას მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი