საქმე N 330100125011324641
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №977აპ-25 ქ. თბილისი
გ–ი ლ., 977აპ-25 9 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, ლ. გ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა.
ლ. გ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2025 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ–ში, .........ას ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ. გ–მა, ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა დედაზე − ვ. ვ–ზე. კერძოდ, დაქაჩა თმა, მარჯვენა ხელი გაარტყა ტუჩის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2025 წლის 4 მარტს, დაახლოებით 09:30 საათზე, თ–ში, ........ას ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ. გ–მა, ურთიერთშელაპარაკების გამო წარმოქმნილი კონფლიქტისას, ფიზიკურად იძალადა დედაზე − ვ. ვ–ზე. კერძოდ, ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2025 წლის 5 მარტს, 01:00 – 02:00 საათებს შორის დროის მონაკვეთში, თ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში განთავსებულ კომოდში, ლ. გ–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე, უკანონოდ შეძენილ საერთო წონით − 46,47 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,გამომშრალ მარიხუანას“.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენით ლ. გ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2025 წლის 15 თებერვლისა და 2025 წლის 4 მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 5 მარტს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ. გ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2025 წლის 5 მარტიდან 2025 წლის 26 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა − 1000 (ათასი) ლარი.
ლ. გ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გაუქმდა ლ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო, დამატებით ღონისძიებებთან ერთად.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას − მსჯავრდებულ ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2025 წლის 15 თებერვლისა და 2025 წლის 4 მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ლ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მითითებულ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, სახელდობრ:
9. დაზარალებულმა ვ. ვ–მა – ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით – არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადა შვილის − ლ. გ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნული გარემოების გამო, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც, შეუძლებელია ვ. ვ–ის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ლ. გ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, დადგენილია, რომ სავარაუდო დანაშაულებრივ შემთხვევას, დაზარალებულის გარდა, სხვა არავინ შესწრებია. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლები − გ. ბ–ა და ვ. გ–ი ადასტურებენ მხოლოდ დანაშაულის შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე, ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. მოწმე გ. ბ–ას ჩვენების მიხედვით, განყოფილებაში მიყვანისას დაზარალებული აცხადებდა, რომ თავის არეში ჰქონდა ტკივილები, თუმცა ვიზუალურად ხილვადი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ვ. ვ–ი აღელვებული იყო და ტიროდა. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამომძიებელმა ვ. გ–მაც. ამდენად, მითითებული მოწმეები არ ყოფილან ლ. გ–ის მხრიდან დედის მიმართ სავარაუდო ძალადობის რომელიმე ეპიზოდის თვითმხილველები, ისინი ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან მიწოდებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, მათი ჩვენებები ვერ ჩაითვლება პირდაპირი სახის მტკიცებულებად დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის ნაწილშიც, ვინაიდან მათ ვ. ვ–ი არ უნახავთ სავარაუდო შემთხვევიდან მოკლე დროში. ამასთან, დაზარალებულის სხეულზე რაიმე სახის დაზიანების არსებობა, საქმის სხვა მასალებითაც არ დგინდება.
11. დანაშაულის შესახებ „112-ში“ დაზარალებულის შეტყობინება შეიცავს ზედაპირული ხასიათის ინფორმაციას, ზოგადად კონფლიქტზე ისე, რომ მასში დაკონკრეტებული არ არის, თუ რა ქმედებებით გამოიხატა ლ. გ–ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობა. შეტყობინებაში ასევე მითითებულია, რომ დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა.
12. გარდა ამისა, ვ. ვ–ის თანხმობითა და მისი მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც, მიმდინარეობდა ვიდეოგადაღებაც. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მოხდა დანაშაულის ვითარების აღდგენა, თუმცა, აღნიშნული ოქმი, როდესაც საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. გ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად გამამართლებელ ეპიზოდებში.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ლ. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2025 წლის 15 თებერვლისა და 2025 წლის 4 მარტის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. გ–ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები − დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება (მსჯავრდების ნაწილით), დამამძიმებელი გარემოება და ისე შეუფარდა სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამდენად, სასჯელის დამძიმების საფუძველი არ იკვეთება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი