¹ 3კ/737-01 14 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულებს გ. გ-ძეს და გ. გ-ავას სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ თ. ბ-ძის სასარგებლოდ 13000 აშშ დოლარის გადახდა.
თ. ბ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე პ. წ-ურის წინააღმდეგ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 15000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე მუშაობდა რა თბილისის დიდუბის რაიონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლად, უხეშად დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ მიიღო ზომები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. კერძოდ, არ დაადო ყადაღა ბრალდებული გ. გ-ძის საცხოვრებელ ბინას. უფრო მეტიც, ხელი შეუწყო ბრალდებულს საპატიმრო იზოლატორიდან გაეცა მინდობილობა, რის საფუძველზეც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა გაასხვისეს ბინა, რითაც მოსარჩელეს მოუსპეს საშუალება დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა. ამდენად, მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მოპასუხისაგან, როგორც სახელმწიფო მოსამსახურისაგან სამსაუხრებრივი მოვალეობის შესრულებისას ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ ჰქონდა რაიმე იურიდიული საფუძველი დაეყადაღებინა ბინა. სადავო ბინაში, ფართით 19 კვ.მ., ცხოვრობდა ბრალდებული გ. გ-ძის ოჯახის ცხრა წევრი. მოსარჩელე, გ. გ-ძის მიერ მიყენებულ ზარალს ვერ აინაზღაურებდა, რადგან სადავო ბინა იყო ოჯახის საერთო საკუთრება და მასზე გადახდევინების მიქცევა არ შეიძლებოდა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ მოითხოვა 6500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2000 წლის ივნისის თვეში. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2000 წლის 7 ივლისს ე.ი. მაშინ, როდესაც მოპასუხე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურე, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სოლიდარულად აგებს პასუხს სახელმწიფოსთან ერთად და რადგან დღეისათვის მოპასუხე წარმოადგენს ფიზიკურ პირს და არა სახელმწიფო მოსამსახურეს, მას არ უნდა დაეკისროს ზიანის ანზღაურება.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი და სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული საფუძვლებით კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეზე სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გაათავისუფლა მოპასუხე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე დღეისთავის წარმოადგენს ფიზიკურ პირს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და არა სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ არ არის დადგენილი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დადგენის გარეშეც შეუძლებელია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძოდ, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მოპასუხემ დაარღვია თუ არა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, სამსაუხრებრივი მოვალეობის დარღვევის შემთხვევაში, მოქმედებდა იგი განზრახვით თუ უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლოს მიერ ასევე დასადგენია გამოიწვია თუ არა მოპასუხის ქმედებამ ზიანი და თუ გამოიწვია რა ოდენობით.
მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის. ხოლო თუ მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას, მაშინ იგი სახელმწიფოსთან ერთად აგებს პასუხს. რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსამსაუხურე პასუხს აგებს მხოლოდ სახელმწიფოსთან ერთად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის განხილვაში სავალდებულო თანამონაწილედ უნდა ჩააბას სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულის გამო, მოცემული დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.