Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/739 28 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი _ სამისდღეშიო რჩენის გარიგების ბათილად ცნობა და თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ბ-ოვას საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, .... მდებარე ერთოთახიანი ბინა; იგი არის მარტოხელა. დ. ბ-ოვა დაუკავშირდა ნ. თ-შვილს, რომელიც დაჰპირდა მოვლა-პატრონობას, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ დ. ბ-ოვას ერთოთახიან ბინას გაყიდდნენ და ქ. რუსთავში იყიდიდნენ სანაცვლო ბინას.

დ. ბ-ოვამ 1998 წლის ივნისში გაყიდა თავისი ბინა 3700 აშშ ამერიკულ დოლარად, ეს თანხა გადასცა ნ. თ-შვილს. ნ. თ-შვილმა 1998 წლის ივლისში ვ. მ-შვილისაგან იყიდა ქ. რუსთავში, .... მდებარე ბინა. ამ ბინაში ნ. თ-შვილთან ერთად ცხოვრება დაიწყო დ. ბ-ოვამაც. მისი პირადი ნივთები ამ ბინაშია. დ. ბ-ოვამ 1999 წლის ნოემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ნ. თ-შვილის და მესამე პირი ვ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა მათ შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ნ. თ-შვილმა დაარღვია მასთან დადებული შეთანხმება მოვლა-პატრონობის შესახებ, ცუდად ექცევა, სადავო ბინაც თვითნებურად გაიფორმა თავის სახელზე დ. ბ-ოვამ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის II ნაწილის, ასევე _ 81-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა დ. ბ-ოვას სარჩელი ვ. მ-შვილს და ნ. თ-შვილს შორის 1998 წლის 24 ივლისს ქ. რუსთავში, .... საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამის შემდეგ დ. ბ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. თ-შვილის მიმართ და მოითხოვა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ უვლის მას და ცუდად ეპყრობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა დ. ბ-ოვას სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დ. ბ-ოვასა და ნ. თ-შვილს შორის და იგი შეწყვეტილ იქნა.

მოპასუხე ნ. თ-შვილს დაეკისრა დ. ბ-ოვას სასარგებლოდ 3700 აშშ დოლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადასტუებულ იქნა მხარეებს შორის სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობის არსებობა, ასევე, მოსარჩელეს მიერ 3700 აშშ დოლარის გადაცემა მოპასუხისათვის. შემდგომში მოპასუხე აღარ უვლიდა დ. ბ-ოვას, რაც მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის II ნაწილი ითვალისწინებს მხოლოდ უძრავი ქონების უკან დაბრუნებას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. ვინაიდან დ. ბ-ოვამ გაყიდა თავისი ბინა და ამ ბინის საფასური გადასცა მოპასუხეს, კანონის ანალოგიის საფუძველზე სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლი (მიბარების ხელშეკრულება), რომლის თანახმად მიმბარებელს (დ. ბ-ოვას) შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს შესანახად მიბარებული ნივთების დაბრუნება, ხოლო შემნახველს (ნ. თ-შვილს) არა აქვს უფლება, უარი უთხრას ნივთების დაბრუნებაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შეცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. დ. ბ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დ. ბ-ოვას და ნ. თ-შვილს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება როგორც კანონშეუსაბამო. ნ. თ-შვილს გადახდა დ. ბ-ოვას სასარგებლოდ 3700 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად დამტკიცებას არ საჭიროებენ ისეთი ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა სამისდღეშიო რჩენის გარიგებას; ამ გადაწყვეტილებით დადგენილია ისიც, რომ ნ. თ-შვილმა მიიღო დ. ბ-ოვასაგან 3700 აშშ დოლარი და ამ თანხის უკან დაბრუნებას ვერ ასაბუთებს. მართალია, საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობა, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლით დადგენილი ფორმა დაცული არ ყოფილა. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად კი ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორი კვალიფიკაცია მისცა მხარეთა შორის არსებულ დავას, მაგრამ თანხის დაბრუნების დასაბუთებისათვის არასწორად იქნა გამოყენებული მიბარების ხელშეკრულების ნორმები, რადგან მოსარჩელემ 3700 აშშ დოლარი მოპასუხეს კი არ მიაბარა, არამედ გამოიყენა ქ. რუსთავში ბინის შესაძენად; ბინა მოსარჩელის სახელზე არ იქნა ნაყიდი, ხოლო 3700 აშშ დოლარი უკან არ დაუბრუნა მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო: არასწორად იქნა გამოყენებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან სამისდღეშიო რჩენის გარიგების დადების შესახებ მითითებულია არა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, არამედ სამოტივაციო ნაწილში, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა. მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არ გაფორმებულა 941-950-ე მუხლების შესაბამისად, რის გამოც ასეთი გარიგება არ არსებობდა. მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით რომ ყოფილიყო დადებული, სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის თანახმად სარჩენს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა 3700 დოლარი, რადგან ასეთი ხელშეკრულების ბათილობისას სარჩენს უბრუნდება მხოლოდ და მხოლოდ უძრავი ქონება. არცერთ მხარეს არ მოუთხოვია უსაფუძვლო გამდიდრების შესაბამისი მუხლის გამოყენება.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დ. ბ-ოვას და ნ. თ-შვილს შორის ზეპირი ფორმით დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტი და დამტკიცებულად ჩათვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობის არსებობა და დ. ბ-ოვას მიერ ნ. თ-შვილისათვის 3700 აშშ დოლარის გადაცემა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს არ აქვს იურიდიული ძალა და მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი მიაჩნია იურიდიული ძალის მქონედ, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილისაგან და ამდენად, მათ გააჩნიათ თანაბარი იურიდიული მნიშვნელობა.

სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლით განსაზღვრულია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფორმა, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ეს ხელშეკრულება დაიდოს წერილობით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად კი გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ვინაიდან დ. ბ-ოვამ და ნ. თ-შვილმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებისას არ დაიცვეს კანონით დადგენილი წერილობითი ფორმა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ეს გარიგება ბათილად. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი, რომლის თანახმადაც პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო არ არსებობს. დ. ბ-ოვამ მოითხოვა ნ. თ-შვილთან დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 3700 აშშ დოლარის უკან დაბრუნება. სააკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპი, რადგან დ. ბ-ოვამ განსაზღვრა დავის საგანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.