გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/740 7 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობახიძე
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა; ბინის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 3 ნოემბერს ს. ნ-ძემ სარჩელი აღძრა კრწანისის რაიონის სასამართლოში მოპასუხე ვ. დ-ძის მიმართ და მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
1973 წლის 30 აპრილს მოსარჩელის მშობლებმა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა და ნახევარსარდაფი 8000 მანეთად იყიდეს ხ. მ-შვილისაგან, რაზეც გაფორმდა შინაურული ხელწერილი.
1979 წლის 11 მარტს იმავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ზ. დ-შვილი-ე-ოვისაგან მოსარჩელის ოჯახმა 2700 მანეთად იყიდა შენობის ძირა სართულში მდებარე 10 კვ.მ. ფართის ერთი ოთახი, თავისი დერეფნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაურული ხელშეკრულების დადებას და ფულის გადახდას ესწრებოდნენ მოწმეები.
მოსარჩელის განმარტებით, ის და მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ ბინაში და კომუნალურ გადასახადებს მუდმივად იხდიან, ხოლო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება სათანადო წესით ვერ გაფორმდა მოპასუხის მიზეზით.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად და შესაბამისად, მისი ცნობა აღნიშნული ბინის მესაკუთრედ, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
1998 წლის 25 ნოემბერს კრწანისის რაიონის სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა ვ. დ-ძემ და მოითხოვა თავის სასარგებლოდ ს. ნ-ძისათვის ბინის ქირის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ, როდესაც მან 1994 წლის 31 აგვისტოს ო. ნ-შისაგან საკუთრების უფლებით შეიძინა ქ. თბილისში, ... მდებარე მთლიანი სახლის 1/2 ნაწილი, იცოდა რომ მის მიერ ნაყიდ ბინაში მდგმურის უფლებით ცხოვრობდა ს. ნ-ძე თავის ოჯახთან ერთად. მან რამდენჯერმე გადაიხადა ბინის ქირა, მაგრამ შემდეგ შეწყვიტა გადახდა, რის გამოც ვ. დ-ძეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის. თუმცა მას შემდეგ, რაც ს. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობა, ვ. დ-ძე იძულებული გახდა მოეთხოვა ბინის ქირის გადახდა ს. ნ-ძის მიერ 1995 წლის იანვრიდან.
საქმე რამდენჯერმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ნ-ძის სარჩელი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. დ-ძის შეგებებული სარჩელი და ს. ნ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი ბინის ქირის _ 156,06 ლარის, ხოლო ყოველთვიურად _ 3,06 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. ნ-ძისა და ვ. დ-ძის სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარში ს. ნ-ძის წარმომადგენელი გ. ჩ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მის განცხადებას, რომელშიც დაფიქსირებული იყო მოტივი და საფუძველი სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა უფლება კასატორს ჩაეწერა მაგნიტურ ფირზე პროცესის მიმდინარეობა. ხოლო, თუ მოხდებოდა ჩაწერა, მაგნიტოფონის კასეტა უნდა დარჩენილიყო სასამართლოში, რაც კასატორს კანონის დარღვევად მიაჩნია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი, როდესაც მიუთითა, რომ სადავო ფართის გამსხვისებლები არ იყვნენ მესაკუთრეები. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებული ჩაითვლება მესაკუთრედ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ს. ნ-ძე უნდა ჩაეთვალა სადავო ბინის მესაკუთრედ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მის განცხადებას სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ, რადგანაც სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ აპელანტ ს. ნ-ძის წარმომადგენელი გ. ჩ-ძე უარს აცხადებს სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის აცილების მოთხოვნაზე.
რაც შეეხება კასატორის მიერ სასამართლო სხდომის მიმდინარეობის მაგნიტოფონზე ჩაწერას, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განუმარტა მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის თანახმად, მაგნიტოფონის ჩანაწერი თან უნდა დაერთოს სხდომის ოქმს.
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სხვა სამართლებრივი საფუძვლებიც და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი, რადგანაც აღნიშნული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ ურთიერთობებს, ხოლო საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არც ხ. მ-შვილი და არც ზ. დ-შვილ-ე-ოვი სადავო ბინის მესაკუთრეები არ ყოფილან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტები _ შინაურული ხელწერილები არ იძლევა საფუძველს, ზემოთ აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ს. ნ-ძე ცნობილ იქნეს სადავო ბინის მესაკუთრედ.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოუყენებლობის შესახებ, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობები სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს და აღნიშნულ ურთიერთობებს არეგულირებს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს ს. ნ-ძის რწმუნებულ გ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 ივლისის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.