ბს-343-476-კ-03 31 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საიჯარო ქირის გადახდა, საიჯარო ფართის გამოთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ 27.03.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “დ.-ა” მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 18.03.97წ. სამმართველოსა და შპს “დ.-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 63,54კვ.მ-ზე. ხელშეკრულების მიხედვით, წლიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 180,39 აშშ დოლარი, თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, თანხის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% საურავის დარიცხვას. მოიჯარეს არასაცხოვრებელი ფართის გამოსასყიდი ღირებულება 2391,20 აშშ დოლარი 01.07.98წ. უნდა დაეფარა. 25.01.99წ. ¹6 ბრძანებით საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა და დაკავებული ფართის გამონთავისუფლება. შპს “დ.-მ” შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 18.03.97წ. იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ¹... მაღაზიის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილი ამხანაგობის მიერ 24.06.96წ. კონკურსზე შესყიდულ იქნა მაღაზიის ბალანსზე რიცხული ქონების აქტიური ნაწილი-ინვენტარი, რომლის საწყისი საპრივატიზებო ფასი 1976,94 აშშ დოლარს შეადგენდა. საწყის ფასზე 50 აშშ დოლარის დამატებით მაღაზიის ქონება ამხანაგობამ 2026,94 აშშ დოლარად შეისყიდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქონების აფასების დროს უხეშად იქნა დარღვეული იმ დროისთვის მოქმედი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან შეთანხმებული და სახელმწიფო ქონების მართვის სამონისტროს მიერ დამტკიცებული საპრივატიზებო საწარმოებს ღირებულების შეფასების მეთოდიკა და ქონების აქტიური ნაწილის აფასების დროს გამოყენებულ იქნა ტერიტორიული ადგილობრივი კოეფიციენტი. ამდენად, 198 აშშ დოლარის ნაცვლად საწყისი ღირებულება 1976,94 აშშ დოლარით განისაზღვრა, სულ სარჩელის შეტანის დროისათვის ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 513 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 25.01.99წ. ¹56 ბრძანების გაუქმება, რომლითაც შეწყდა მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება, 513 აშშ დოლარის დაბრუნება, საკუთრების მოწმობის გაცემის დავალდებულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 24.03.03წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი _ შპს “დ.-ს” დაეკისრა 1124,40 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით ქონების მართვის სამმართველოს სასარგებლოდ, შპს “დ.” გამოსახლებულ იქნა მის მიერ დაკავებული 63,54 მ.კვ-დან, შპს “დ.-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკამაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “დ.-ს” მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.07.03წ. განჩინებით შპს “დ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულება 18.03.97წ. დაიდო, ხოლო მისი მოქმედება 1998წ. 11 ივლისამდე გრძელდებოდა, პალატამ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობათა მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს 1997წ. 25 ნოემბრიდან მოქმედი სკ-ის ნორმები. სკ-ის 581.2 მუხლის მიხედვით, მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით დაწესებულ ვადებში ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს ერიცხება საურავი გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ქირის გადაუხდელობა წარმოადგენს ხელშეკრულების პირობების დარღვევას. მოიჯარე არაერთხელ იქნა გაფრხილებული ქირის გადახდის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა აგრეთვე იჯარის ვადის გასვლა (6.3 პ.). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა სკ-ის 558-ე, 559-ე, 561-ე მუხლების შესაბამისად. 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლის საფუძველზე შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა მიჩნეული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “დ.-ის” მიერ. კასატორი დაუშვებლად თვლის კასატორის მიერ სასკ-ის 1, 12, 261 მუხლების გამოყენებას, ვინაიდან სასკ 35-ე მუხლი იმპერატიულად კრძალავს კოდექსის ნორმების გამოყენებას იმ ურთიერთობებზე, რომლებიც 2000წ. 1 იანვრამდე არის წარმოშობილი. საიჯარო ურთიერთობა დასრულდა სამმართველოს 25.01.99წ. ¹6 ბრძანებით, ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ განჩინება გამოტანილია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ და ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან არსებობს საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ ორივე მხარის მიერ პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, პალატა ვალდებული იყო, გამოეყენებინა სსკ-ის 231-ე და 275-ე მუხლები და განუხილველად დაეტოვებინა სარჩელი. კასატორი არ ეთანხმება 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ უარყვია ის, რომ ინვენტარის პრივატიზების დროს უკანონოდ იყო გავრცელებული ტერიტორიული კოეფიციენტი და კასატორს 198 აშშ დოლარის ნაცვლად 2136 აშშ დოლარი გადაახდევინეს, ე.ი. 1997 წ. 31 ოქტომბრისთვის ინვენტართან ერთად გადახდილი ჰქონდა ფართის გამოსასყიდი ღირებულებაც, იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადახდილი თანხის გათვალისწინებით ზედმეტად აქვს გადახდილი 513 აშშ დოლარი. თანხის ზედმეტად გადახდის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 25.01.99წ ¹6 ბრძანების მიღების შემდეგ, პალატამ არ გამოიყენა არც 1964წ. სკ-ის 80-ე და არც ამჟამად მოქმედი სკ-ის 130-ე მუხლი, რომელთა შესაბამისად ხანდაზმულობის დენა იწყება მას შემდეგ, რაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ საიჯარო ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირა ექვემდებარებოდა კორექტირებას გამოსყიდვის პირდაპირპროპორციულად, ე.ი. განსახილველ შემთხვევაში იგი ნულს უდრიდა და საიჯარო ქირის გადახდის არავითარი ვალდებულება საზოგადოებას არ გააჩნდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, 435-ე მუხლის თანახმად, საქმეების წარმოება სასამართლოებში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ მოპასუხე შპს “დ.-ის” წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 21.03.2000წ. აღძრა. სასკ და სზაკ ძალაში 2000წ. 1 იანვრიდან შევიდა. სზაკ-ის მეორე მუხლის პირევლი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, 18.03.97წ. სახელმწიფო ქონების მართვის (ამჟამად, ეკონომიკური განვითარების) სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და შპს “დ.-ს” შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას. სასკ-ის მეორე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგების შესრულების შესახებ დავა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე სააპელაციო სასამართლოში განხილულ იქნა განსჯადი სასამართლოს მიერ, საქმე განიხილა სასამართლოს კანონიერმა შემადგენლობამ და არ არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 386-ე მუხლი), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 231-ე და 275-ე მუხლები), რომელიც უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად განუხილველად უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი. სასკ-ის 261 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ გამოიყენება სსკ-ის XXVI თავის დებულებები. სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის დროს მოქმედი სასკ-ის 261 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, მხარის დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოტანა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის არგუმენტი შპს “დ.-სა” და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 18.03.97წ. შპს “დ.-სა” და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ხელშეკრლების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების საგანს უძრავი ქონება წარმოადგენდა. საქმეზე დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ 25.01.99წ. ¹56 ბრძანებით შეწყვიტა შპს “დ.-თან” დადებული ხელშეკრულება. სკ-564-ე მუხლის საფუძველზე შპს “დ.-ს” ეკისრება იჯარით აღებული ქონების დაბრუნების ვალდებულება. სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, შპს “დ.” სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნივთს და აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი საფუძვლიანია და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე პირველად გადასახდელი ფართისა და ინვენტარის მთლიან ღირებულებაზე 513 აშშ დოლარით მეტი ჰქონდა გადახდილი და ამის შემდეგ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება მას აღარ ეკისრებოდა. კასატორის მიერ მითითებული 19.09.96წ. ყიდვა-გაყიდვის ხლშეკრულება დადებულია მუნიციპალური საწარმო ¹...-ის მაღაზიის ამხანაგობასა და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს შორის, ამ ხელშეკრულებით მყიდველმა შეიძინა მაღაზიის ინვენტარი. ხელშეკრულება დაიდო 1997წ. იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად, საქართველოს საპრივატიზებო კანონმდებლობის, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის 21.01.94წ. ¹42 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გაყიდვის შესახებ” დებულების მიხედვით. მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს არც კონკურსის შედეგები და არც მის საფუძველზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ გაუსაჩივრებიათ. საქმის მასალებში წარმოდგენილია ¹... მაღაზიის საპრივატიზაციო კომისიის 23.05.96წ. დასკვნა, რომელშიც დასახელებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა მაღაზიისა და მისი ინვენტარის შეფასება, დასკვნა ხელმისაწვდომი იყო კასატორისათვის.
19.09.96წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერატიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორისი სარჩელებისათვის ხანდაზმულობის ვადა 1 წელს შეადგენდა. მაღაზიის ამხანაგობის ბაზაზე შექმნილმა შპს “დ.-მ” შეგებებული სარჩელი 2000წ. ივლისში აღძრა, ამდენად, შპს “დ.-ის” შეგებებული სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენით იქნა შეტანილი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში დამატებითი საკასაციო პრეტენზიის სახით წარმოდგენილი, კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის კონტროლიორების მიერ 27.08.03წ. შედგენილი, “ქუთაისის ყოფილი ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების სამმარველოს ობიექტების პრივატიზების კანონიერების თემატური შემოწმების აქტით” არ არის დადგენილი კასატორის მიერ 1996 წელს ¹... მაღაზიის ინვენტარის შეძენისას თანხის ზედმეტად გადახდის ფაქტი და ოდენობა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ვალდებულების შეწყვეტის სკ-442-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან არ არსებობს ორი უდავო მოთხოვნა, რომელთა გაქვითვაც სასამართლოს მხარეთა განცხადებით შეიძლებოდა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “დ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.07.03წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.