საქმე # 190100124009710380
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1032აპ-25 ქ. თბილისი
კ–ი ე., 1032აპ-25 17 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. კ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 15:20 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, ე. კ–ის სახლში, ე. კ–მა, იმის გამო, რომ თავის დას მიიჩნევდა ზედმეტ ტვირთად და არ სურდა მასთან ერთად ცხოვრება, მისი სახლიდან წაყვანა მოსთხოვა ძმას, ე. კ–ს და დანის მარჯვენა ხელზე ორჯერ დასმით, ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შედეგად, ე. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ü 2024 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 15:20 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, ე. კ–ის სახლში, ე. კ–მა, იმის გამო, რომ თავის დას მიიჩნევდა ზედმეტ ტვირთად და არ სურდა მასთან ერთად ცხოვრება, მისი სახლიდან წაყვანა მოსთხოვა ძმას, ე. კ–ს, რომელსაც დანით მიაყენა დაზიანება და მისი მიმართულებით დანის რამდენჯერმე მოქნევით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, უთხრა, რომ არ აცოცხლებდა, მაინც მოკლავდა და მისი სახლის ეზოდან ცოცხალი ვერ გავიდოდა. აღნიშნული მუქარა, ე. კ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ü 2024 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 15:20 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, ე. კ–ის სახლში, ე. კ–მა, იმის გამო, რომ თავის დას მიიჩნევდა ზედმეტ ტვირთად და არ სურდა მასთან ერთად ცხოვრება, მისი სახლიდან წაყვანა მოსთხოვა ძმას, ე. კ–ს და დანის მარცხენა ხელზე, იდაყვის არეში ერთხელ დასმით, ფიზიკურად იძალადა თავის ძმის მეუღლეზე − ფ. კ–აზე. აღნიშნულის შედეგად, ფ. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ü 2024 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 15:20 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, ე. კ–ის სახლში, ე. კ–მა, იმის გამო, რომ თავის დას მიიჩნევდა ზედმეტ ტვირთად და მასთან ერთად ცხოვრება არ სურდა, მისი სახლიდან წაყვანა მოსთხოვა ძმას, ე. კ–ს და ფიზიკურად იძალადა ძმის ცოლზე – ფ. კ–აზე. შემდეგ დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას და უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა, ფ. კ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით ე. კ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ე. კ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 20 ივნისიდან.
ე. კ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა გაუქმდა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე − დაცვის მხარემ.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას.
9. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
12. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. კ–ისათვის განსაზღვრულ სასჯელის ზომა, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენეს მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, სახელდობრ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის 6-თვიან მინიმალურ ზღვარს 1 წლით აღემატება, ხოლო დანარჩენ ორ ეპიზოდში – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ ქმედებებზე – სასჯელის უმკაცრესი სახე და ზომა – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი