საქმე N 160100124009313857
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1104აპ-25 ქ. თბილისი
ს. მ., 1104აპ-25 26 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ს.ს – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2024 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 18:30 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე თ. ს-ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, სასმელის დალევის გამო მიცემულ შენიშვნაზე გაბრაზებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა მ. ს-მ, მუშტი დაარტყა მუცლის არეში მამას – თ ს-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2024 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 18:30 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე თ. ს-ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი მ. ს. სახლიდან გაგდების მიზნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას – თ. ს-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2024 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 23:40 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე თ. ს-ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი მ. ს. სახლიდან გაგდების მიზნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას – თ. ს-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2024 წლის 14 აპრილს, №.... შემაკავებელი ორდერით, მ. ს-ს 15 დღით აეკრძალა მამასთან – თ. ს-სთან კონფლიქტში შესვლა და მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის მიუხედავად, 2024 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 18:30 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე თ. ს-ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი მ. ს. მივიდა თ. ს-სთან, შევიდა მასთან კონფლიქტში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც დაარღვია №... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება.
2. მ. ს-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით მ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 240 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა – 85 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვდა მ. საინაძის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვს მ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა – მ. ს-მ და მოწმე – ე. ს-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით – დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების: ე. ფ-სა და ი. ნ-ს ჩვენებებით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ს-ს ბრალეულობა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, იმავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა მ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. კერძოდ: დაზარალებულმა – თ. ს-მ და მოწმე ე. ს-მ, სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი შვილის – მ. ს-ს, წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების – ე. ფ-სა და ი. ნ-ს ჩვენებები, რომლებზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, მათი შინაარსიდან გამომდინარე – ირიბია და მ. ს-ს ბრალეულობის უტყუარად დასადასტურებლად ვერ გამოდგება. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ს-სათვის შერაცხილი ძალადობისა და მუქარის პირველი ეპიზოდი დროში წინ უსწრებს შემაკავებელი ორდერის გამოცემას, თუმცა, არც მოწმე ე. ფ-ს ჩვენებით და არც შემაკავებელი ორდერის ოქმით არ დგინდება მ. ს-ს მიერ ძალადობისა და მუქარის შესაძლო ჩადენის ფაქტი. მ. ს-ს ბრალეულობის მტკიცების თვალსაზრისით ასევე არაფრისმთქმელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112-ში“ შეტყობინება, რომლის ინიციატორი არის თავად მ. ს., რომელიც მამამისს მოიხსენიებს „გიჟად“ და ითხოვს მის ფსიქიატრიულში გადაყვანას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და მისი შეცვლის რაიმე საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე